Accessibility links

logo-print
აუზზე სიარული ორშაბათობით მიყვარს. ასაკში შესულმა მშრომელმა ახალი კვირა ვარჯიშით უნდა დაიწყოს.

“ვაკის საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი გამაჯანსაღებელი, მომსახურების ხუთვარსკვლავიანი დონის პრესტიჟული კლუბია. მისი მიზანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება” - გვიხსნიან “ბენდუქიძის ბასეინის” ვებსაიტის ავტორები.

სრული სიმართლეა. აუზი აქ კვარცის სილაში იფილტრება და ყოველ ხუთ საათში ახალი, ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებული წყლით ივსება. არავითარი ქლორი, არავითარი ალერგია და გაწითლებული თვალები! არავითარი ინფექცია! მით უმეტეს, რომ “ბენდუქიძის ბასეინში” ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ მოშარდოს. ძნელი წარმოსადგენია ადამიანმა, რომელსაც შეუძლია, ორიათასლარიანი აბონემენტი შეიძინოს, არ დაიცვას ჰიგიენის ელემენტარული ნორმები.

მოკლედ, ამ აუზზე, როგორც წესი, ძვირფას შამპუნებში დაბანილი ქალები და კაცები დავდივართ. ბასა ფოცხიშვილს რომ უყვარს, ისეთი ხალხი. ჩვენნაირებზე თქვა ბასამ სწორედ “საკანში”, ქართველები “მაღალგანვითარებული” ხალხი ვართო.

ვერც კი წარმოიდგენთ, რაოდენ სასიამოვნოა, კამკამა, ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებულ წყალში ცურვა... რაოდენ სასიამოვნოა ტანის გამშრალება რომელიღაც ფრანგულ “პარფიუმში” გარეცხილი პირსახოცით. ჩემისთანა, ასაკში შესული მშრომელისთვის, მთელი ცხოვრება ჭუჭყიან საბჭოთა აუზებზე რომ უხდებოდა სიარული, ათმაგად სასიამოვნოა! კი, ხანდახან მეღიმება ხოლმე ფიტნესკლუბის ზოგიერთ წევრზე - “ახალ ქართველებზე”, ვარჯიშის დაწყებამდე, გასახდელში რაღაც განსაკუთრებული სიფრთხილითა და მოწიწებით რომ იხსნიან უზარმაზარ ოქროს ჯვარს “ფიგურიდან”. მერე “ვეშოლკაზე” კიდებენ და ეამბორებიან ხოლმე. მაგრამ აუზზე, სადაც ჩემნაირ, ასაკში შესულ მშრომელს სამოთხეში ლივლივის სრულ ილუზიას უქმნიან, ეს ხალხი დიდად არ მაღელვებს. ილოცონ და იყვნენ... თუ მოსწონთ, შიშვლებმა ილოცონ. მერე რა, რომ ზოგი მიბღვერს. მე არაფერი მაკლდება ამით. მით უმეტეს, ორშაბათს დილას, როცა ახალი კვირა მეწყება. მიხარია ცხოვრება. ყველა მიყვარს - “ახალი” და “ძველი” ქართველები. ჩასარეცხებიც და ჩარეცხილებიც.

მაგრამ ორშაბათს, ე.ი. 6 აპრილს, აუზზე მისვლა ვერ მოვახერხე. გაზაფხული დადგა და ტრადიციულად, ლუდის ბართან, სანაპიროზე (რომელიც აუცილებლად უნდა გავიარო ვაკეში მოსახვედრად), დამწკრივდნენ თევზის მოყვარული ქართველები, სუფთა ჰაერზე რომ უყვართ ლუდით ქეიფი. აქვე, მტკვრის პირას რომ შლიან ხოლმე გაზეთებს, ზედ აწყობენ გაფცქვნილ თევზს და ბარათაშვილივით, მოდუდუნე მტკვრის დინებით ტკბებიან. დაიწყო ლუდის სმა “პლენერზე” და ეგრევე შეფერხდა მოძრაობა სანაპიროზე.

ნახევარი საათი ვიდექი “პრობკაში”. აუზზე მისვლას აზრი აღარ ჰქონდა. სამსახურში დამაგვიანდებოდა.

“არა, ამ ერს არაფერი ეშველება” - ვიფიქრე ჩემთვის. მერაბ მამარდაშვილი გამახსენდა; ქართველები რუსებისგან იმით განვსხვავდებით, რომ ფორმის შეგრძნება გვაქვს, გაზეთზე არასდროს გავშლით სუფრას და ასე არ ვიქეიფებთო... უჰ, როგორ აიდეალებდა ქართველებს! ამათ კი ანტიქართველობა დააბრალეს...

არადა, ხომ ხედავდა, რა ხდებოდა? ხომ ხედავდა, რომ ქართველებს არ შეეძლოთ პრობლემების გადაწყვეტა მაგიდასთან მოლაპარაკებებზე, პარლამენტში. ხომ ხედავდა, რომ სწორედ ქუჩა იყო ადგილი, სადაც ქართველთა ვნებები ამოიფრქვეოდა ხოლმე? ჰოდა, რატომ უნდა გაჰკვირვებოდა, სანაპიროზე, გაზეთებზე გაშლილ ქართულ სუფრასაც თუ ნახავდა?

მაგრამ საქმეც ისაა, რომ იმხანად, 80-იანი წლების მიწურულს, ასეთი სუფრის სახე ჯერ არ იყო დამკვიდრებული ქართულ ყოფით კულტურაში. ქუჩის “სამლარიანი ქეიფის” ტრადიცია მოგვიანებით გაჩნდა, როცა ასიათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, უსამსახუროდ... 6 აპრილს ეს ხალხი კიდევ ერთხელ შეგროვდა მტკვრის ნაპირას, კიდევ ერთხელ დალია ლუდით მთავრობის სადღეგრძელო და კიდევ ერთხელ დაგეგმა გრანდიოზულ მიტინგზე მისვლა... მიტინგზე, სადაც ოპოზიციას “მიშა უნდა დაემთავრებინა”. 9 აპრილს სანაპირო სრულიად ცარიელი იყო. ხალხი რუსთაველზე იდგა.

13 აპრილი ორშაბათია. ისევ ვაპირებ “ბენდუქიძის სამოთხეში” ლივლივს. ნეტავ, ადრე უნდა გავიდე სახლიდან? იქნება “საცობი” სანაპიროზე? სად იდგება ხალხი - რუსთაველზე, თუ ისევ მტკვრის პირას, “ასავალ-დასავლის” ახალი ნომრით, ახალი თევზით და ახალი ლუდით ხელში?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG