Accessibility links

logo-print

ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციას ყოველდღე გამართავს


პარასკევს, 18:00 საათის შემდეგ, ოპოზიციის ერთი ნაწილი რუსთაველის გამზირიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაიძრა. ამ მსვლელობას სათავეში ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერები და ლევან გაჩეჩილაძე ედგა. მსვლელობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის წინ შეკრებილებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილებების მიღების მომენტი დადგა და რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დილით პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის მზადყოფნის პასუხად ოპოზიცია მზად არის შეხვდეს სააკაშვილს ღია ეთერში: ”გვინდა ჩვენი მოთხოვნა ვაქციოთ ეროვნული განსჯის საგნად და მას შევხვდებით მხოლოდ ღიად, მხოლოდ საჯაროდ და საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლების მონაწილეობით”.

ალასანიას ამ შეთავაზებას მომიტინგეები უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ. ხალხისთვის საჯარო დიალოგის მნიშვნელობის ახსნა ლევან გაჩეჩილაძემ სცადა: ”თქვენ რა გგონიათ ახლა, ჩვენ გიჟები და გადარეულები ხომ არა ვართ. გასაგებია, რომ ერთ მხარეს გიჟია. ჩვენ ხომ არ გავგიჟდებით, კაცო?! საქართველო დგას, ბიჭო, ჩვენს უკან! ტელევიზორში მიხვალ და ნახავ - ვინ მიდის, სად მიდის და რას ილაპარაკებს. ჩვენ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე უნდა მოვიხადოთ!” - ლევან გაჩეჩილაძე ემოციურად ცდილობდა მომიტინგეების დარწმუნებას, თუმცა, ამის შემდეგაც ხალხი ყოყმანობდა.

გაჩეჩილაძის კიდევ ერთი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ხალხმა თანხმობის ნიშნად ხელი ასწია. გაჩეჩილაძემ მათ დიდი მადლობა გადაუხადა. ამ გამოსვლებიდან რამდენიმე წუთში მანიფესტაცია, რომლის წინა რიგებში ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები იდგნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაიძრა. ხალხის მასა მთელ გამზირზე გაიჭიმა. მსვლელობისას მსუბუქი ავტომანქანებისა და ე.წ. ”ყვითელი ავტობუსების” მძღოლები სიგნალებით ესალმებოდნენ მონაწილეებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისულ მანიფესტანტებს იქ უკვე მისული მოქალაქეების ჯგუფი დახვდა, რის გამოც, მოძრაობა ტელევიზიის წინ უკვე გადაკეტილი იყო.

ამის შემდეგ დაიწყო მიტინგი. პოლიტიკოსები ხალხს მიმართავდნენ. პირველები ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, და პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე იყვნენ. ტელევიზიის შენობის წინ თავმოყრილი საზოგადოება ოვაციით შეხვდა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს - ლევან გაჩეჩილაძეს. მან განაცხადა, რომ ყოველდღე, სამიდან ექვს საათამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ქუჩა გადაიკეტება. ”როგორც ეს ადგილი იქნება ჩვენი, ძალიან მალე მთელი საქართველო იქნება ჩვენი”, - აცხადებდა ის. ამის შემდეგ მიტინგზე გამოჩნდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გია ყარყარაშვილი, რომელიც, ეტლში მჯდომი, მისმა თანაგუნდელებმა მიკროფონამდე ხელით აიყვანეს ტელევიზიის კიბეებზე. ყარყარაშვილმა აღნიშნა, რომ ის არის ”მშვიდი და მშვიდობის მოყვარე” და იქვე მოუწოდა ხელისუფლებას, ”არ გაბედონ მიტინგიდან გასული ადამიანების დახვედრა, შეურაცხყოფა და ცემა”, რადგან ასეთი ძალადობა ბუმერანგივით ბრუნდება.

გია ყარყარაშვილის შემდეგ ტელევიზიის წინ გამართული მიტინგის მონაწილეებს მიმართა ”ალიანსი საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ საზოგადოება არის ერთიანი და მოწინააღმდეგის გასაგონად განაცხადა: ”არასოდეს არ დავთმობთ საერთო პრინციპებს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, დემოკრატია და თავისუფლება”. დღესვე, 21 საათისთვის მანიფესტაცია კოსტავას გამზირიდან ისევ პარლამენტის შენობისკენ დაიძრა და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდა.

XS
SM
MD
LG