Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 11 აპრილი


მიმდინარე კვირა 6 აპრილით დაიწყო. 9 აპრილამდე ორიოდე დღე იყო დარჩენილი და ქართული პრესის მთავარი თემა საპროტესტო გამოსვლებისთვის მზადება რჩებოდა.

გაზეთი “მთელი კვირა” ორშაბათს “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელ დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

“9 აპრილის აქციის ინიციატორები უკვე დაფიქსირებული არიან: ეს არის ჯგუფი, სადაც წამყვანი ფაგურები არიან გაჩეჩილაძე-ბურჯანაძე, კონსერვატორები და ოქრუაშვილის პარტია. ასევე მათთან ერთად არიან სალომე ზურაბიშვილი, კობა დავითაშვილი. ჩვენ ამ ფორმალურ ინიციატორებს შორის არ ვართ. ასევე არ არიან “ეროვნული ფორუმი” და ლეიბორისტული პარტია. თვე-ნახევრის წინ დანიშნა ამ ხალხმა 9 აპრილის აქცია და ჩვენ მის ინიციატორობაში არ შევეცილებით”, - უთხრა გაზეთს დავით ბერძენიშვილმა ორშაბათს.

8 აპრილს კი “რეზონანსი” წერდა: ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერებმა გუშინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს შორის იქნებიან და, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, აქციის მშვიდობიანად წარმართვაზე პასუხისმგებლობას იღებენ. ”

ხუთშაბათამდე ქართული პრესა უხვად აქვეყნებდა პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მოსაზრებებს 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით: ორშაბათს პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა “კვირის პალიტრას” უთხრა: “პრობლემის არსი სხვაგან არის საძიებელი - ის არა სისტემაში, არამედ ჩვენსავე ცნობიერებაშია. ქართველებს მოგვწონს, როდესაც პატრონი გვყავს და ერთ-ერთ ყველაზე სალანძღავ სიტყვადაც “უპატრონო” მიგვაჩნია, რადგან უპატრონო თავისუფალს კი არ ნიშნავს ჩვენთვის, არამედ მიუსაფარს. ამიტომაც, ბოლო თვრამეტი წელია, 90%-ით ვირჩევთ პატრონს და მერე 90%-ის ნებითვე ვაგდებთ... ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ არჩევნებს სრულიად უპასუხისმგებლოდ ვეკიდებით და, ხელისუფლებასთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებულს ძალაუფლებასაც უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ ვაძლევთ ხოლმე. არადა, ხელისუფლება და ძალაუფლება ქართულ ენაში შესანიშნავად არის გამიჯნული. ... მთავრობას უნდა ჰქონდეს ხელისუფლება, ძალაუფლება კი ხალხს ეკუთვნოდეს.”

რა იქნება ხვალ? ასეთი იყო წინასაცხრააპრილო კითხვები ქართულ გაზეთებში. პრესა წერდა მოსალოდნელი პროვოკაციებისა და გართულებების საშიშროების შესახებ, ცდილობდა გაერკვია აქციის ორგანიზატორთა კონკრეტული გეგმები და ხელისუფლების დამოკიდებულება.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ, გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ყველაფერს აქვს თავისი კონსტიტუციური ფორმა და ყველაფერი ამაში უნდა ჩაეტიოს. ბუნებრივია, მათ ექნებათ სრული შესაძლებლობა, საპროტესტო აქციები განახორციელონ. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს იქნება აღკვეთილი.”

აქციის წინ პრესა ასევე წერდა, თუ რაოდენ დიდია ამ აქციის მიმართ საერთაშორისო ინტერესი.

“9 აპრილის აქცია არა მხოლოდ ქართული მედიის ინტერესის სფერო იქნება, არამედ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს უცხოური მედიაც გამადიდებელი შუშით დააკვირდება. როგორც ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებში აცხადებენ, თბილისში თითქმის ყველა წამყვანი უცხოური მედიასაშუალების კორესპონდენტია ჩამოსული”, - წერდა ”რეზონანსი”.

საქართველო და ქართული პრესა 9 აპრილისათვის ემზადებოდა. “24 საათის” ერთი პუბლიკაციის სათაური კი ამგვარი იყო: ” საცხრააპრილო შეგონებები აქტივისტებს, პოლიციასა და დიპლომატებს.”

9 აპრილს გამოსული გაზეთები უკვე რუსთაველის პროსპექტზე მიმავალ აქციის მონაწილეებს დაეწია. 10 აპრილიდან კი ქართული გაზეთები საპროტესტო აქციების დღიურებსა და რეპორტაჟებს აქვეყნებდნენ.

აი, ერთი ამონარიდი ”ახალი თაობის” რეპორტაჟიდან:
“მიტინგი უკვე დაწყებული იყო და სიტყვით დიდი გრეჩიხა, იგივე ლევან გაჩეჩილაძე, გამოდიოდა. “ჩემო ჯიგრებო, მოვედით”, - ეს ფრაზა მის სეფესიტყვას წითელ ზოლად გასდევდა. “მართლა ჯიგარი ბიჭია ეს გრეჩიხა”, - ისმოდა შიგადაშიგ აჟიტირებულ მომიტინგეებში. “კაი ბიჭი რომ არის, ამიტომ ვერ გახდა პრეზიდენტი”, - იყო შედარებით პესიმისტი მომიტინგის პასუხი. შემდეგი გამომსვლელი “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.”... და კიდევ ერთი ამონარიდი: - “ჩვენი მცირე დაკვირვებით, მასის ყველაზე დიდი რეაქცია მოჰყვებოდა ხოლმე შეძახილს “მიშა, წადი” და ვინც ეს დროულად გააცნობიერა, გამოსვლას ამ ჯადოსნური ფრაზით ასრულებდა.”

გაზეთი ”ვერსია” კი წერდა: “ყველაზე გვიან აქციაზე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. სხვათა შორის, ყველაზე მხურვალე და ომახიანი ტაშიც სწორედ შალვა ნათელაშვილმა დაიმსახურა. ნესტან კირთაძემ კი აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები არ არიან, მაგრამ ყველაზე მეტი მათ ეთქმით, რადგან, 2003 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საპროტესტო მუხტი დღემდე სწორედ მათი მოტანილია”, - წერდა “ვერსია” სტატიაში, სათაურით “აქცია არ დაიშლება, უბრალოდ, სხვადასხვა ფორმას მიიღებს".

”წუხანდელი ღამე ოპოზიციამ კვლავ პარლამენტთან გაატარა და მთელი ღამე გადაკეტილი იყო მოძრაობა”, - წერს შაბათის ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ”ისევ დარბევა თუ ნაძალადევი დიალოგი?”

შაბათს ქართული გაზეთები კვლავ რეპორტაჟებს აქვეყნებენ მანიფესტაციებიდან. ,,თუ სააკაშვილი არ გადადგა, მაშინ ოთხი წელი უნდა ვიყოთ ქუჩაში, ხალხს სამუშაო მაინც არა აქვს და ვირბინოთ, რა გვიჭირს”, - მოჰყავს ”ალიას” მიტინგის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვები.

“რა დიალოგი? ან მე ვერ გავიგე, რას ამბობენ ეს ადამიანები, ან ჩვენ გვთვლიან იდიოტებად”, - აქვეყნებს ”რეზონანსი” დავით გამყრელიძის სიტყვებს.

შაბათის ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე გამოტანილი მთავარი კითხვა კი ამგვარია: ”მორიგდებიან თუ არა პრეზიდენტი და ოპოზიცია?”
XS
SM
MD
LG