Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრეზიდენტი ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს


მოლდავეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი
მოლდავეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი
ხმების ხელახლა დათვლა იყო პირველი მოთხოვნა ოპოზიციისა, რომელმაც 5 აპრილის არჩევნების შედეგები გააპროტესტა. მოგვიანებით საპროტესტო აქციები მოლდავეთის დედაქალაქში, კიშინიოვში, სისხლიან მასობრივ უწესრიგობაში გადაიზარდა. ახლა, საპროტესტო გამოსვლების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, ოპოზიციის მიტინგი მაინც გაიმართა.

ხუთი აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ხელახლა დათვლის შესახებ მოლდავეთის პრეზიდენტის ვლადიმირ ვორონინის განცხადება მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ხმების ხელახლა დათვლა გახდება მნიშვნელოვანი არგუმენტი პოლიტიკური სტაბილურობის, მშვიდობისა და ურთიერთნდობის შესანარჩუნებლად მოლდავეთში”, - ნათქვამია პრეზიდენტ ვორონინის განცხადებაში, რომლითაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს ათი დღე აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სერაფიმ ურეჩანის, განცხადებით, ეს ის არ არის, რასაც ოპოზიცია მოითხოვს:

"ეს მანიპულაციაა. ეს არის მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები 5 აპრილთან დაკავშირებით. ბიულეტენების ხელახლა დათვლამ შეუძლებელია შეცვალოს ამომრჩეველთა სიების შემოწმების აუცილებლობა. ჩვენ ამას ვიმეორებთ, რათა ვორონინმა გაიგოს. როგორც ჩანს, მან ეს არ იცის.”

ოპოზიციის მომხრეები კიშინიოვში ვორონინის გადაწყვეტილების შემდეგაც შეიკრიბნენ, მაგრამ ხალხის რაოდენობა გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ამას ოპოზიციონერი ლიდერები გეგმავდნენ და ვარაუდობდნენ.

შესაძლებელია, ეს იმის შედეგიცაა, რომ ერთი დღით ადრე კომუნისტი პრემიერ-მინისტრი ზინაიდა გრეჩიანი მკაცრი გაფრთხილებით გამოვიდა და განაცხადა, რომ სამართალდამცველები უწესრიგობის შემთხვევაში ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებენ:


”მოლდავეთის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულის ორგანიზატორები აპირებენ ბავშვები გამოიყენონ ხვალ და კვირას სახელმწიფო დაწესებულებების ხელახლა დასარბევად. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, მსხვერპლის აცილება ძალიან რთული იქნება. პოლიციელები ყველაფერს გამოიყენებენ მოლდავეთის კონსტიტუციის დასაცავად, მათ შორის - იარაღსაც.”

მოლდავეთში რომ შიშის ატმოსფერო სუფევს, ამაზე პრესაში გავრცელებული ცნობებიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ რუსეთიდან ცრემლმდენი გაზის დიდი პარტია მიიღო.

როგორც ცნობილია, ხუთი აპრილის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვორონინის კომუნისტურმა პარტიამ ხმების, დაახლოებით, 50 პროცენტი მოიპოვა და 101 კაციან პარლამენტში 60 საპარლამენტო მანდატი მიიღო. ეს ერთით ნაკლებია იმისთვის, რომ კვლავ კომუნისტი პრეზიდენტის არჩევა მოხერხდეს.

მაგრამ ეჭვმა იმის შესახებ, რომ კომუნისტებმა საარჩევნი მანიპულაციებით კენჭისყრის შედეგები გააყალბეს, აღაშფოთა მოლდავეთის ახალგაზრდობა, რომელმაც საპროტესტო მუხტის მობილიზება ექვს და შვიდ აპრილს ესემესებითა და ინტერნეტით შეძლო.

სამმა ძირითადმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ - ლიბერალურმა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ და ალიანსმა ”ჩვენი მოლდავეთი” - მხოლოდ 30 პროცენტის მოგროვება შეძლო. მათ ვორონინის მთავრობამ რუმინეთთან თანამშრომლობა დააბრალა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა. შედეგად, დარბეულია მოლდავეთის პრეზიდენტის სასახლე და პარლამენტის შენობა. არეულობა პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაჩერა და 200-მდე აქტივისტი დააპატიმრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა პოლიციელებმა ბევრი მომიტინგე გაიტაცეს. რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკარგული ახალგაზრდის მამამ, ვასილი მატამ, რომელმაც თავისი შვილის პოვნა შეძლო, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ათობით ადამიანმა არაფერი იცის საკუთარი შვილების შესახებ:


”იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 15 კაცი მოვიდა, რომლებიც თავიანთ შვილებს ეძებდნენ. მათგან ნაწილი არასრულწლოვანია, რომლებსაც ვერ პოულობდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, როდესაც მე მივედი ჩემი შვილის მოსაძებნად. ისინი დაკავებული ჰყავთ ორდერის გარეშე და მათ არავინ არაფერს ეუბნება. მე დავურეკე ”პროტევეს” და დამპირდნენ, რომ ტელეკამერებით მოვიდოდნენ. მაშინ მითხრა პოლიციელმა, რომ ჩვენ გაგატანთ თქვენს შვილს, თუ უარს იტყვით ტელევიზიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებითი პრობლემები გექნებათო.”

მოლდავეთში შექმნილი ვითარების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს რუსეთი, რომელმაც ევროკავშირს მოუწოდა პატივი სცეს მოლდავეთის სუვერენიტეტს და შეშფოთება გამოთქვა მოლდავეთში საპროტესტო აქციების დროს რუმინეთის დროშის გამოჩენის გამო. როგორც ცნობილია, მოლდავეთი მეორე მსოფლიო ომამდე რუმინეთის შემადგენელი ნაწილი იყო და ახლა ამ ორი ქვეყნის დროშები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. მოლდავეთის მოსახლეობის ორი მესამედი რუმინელები არიან და სწორედ რუმინეთს დააბრალა კომუნისტმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა კიშინიოვში მომხდარი არეულობები.

რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონს, დნესტრისპირეთს, და იქ რუსეთის არმიის ათასამდე ჯარისკაცია დისლოცირებულია.
XS
SM
MD
LG