Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა იყოს და არის თუ არა ქართული არმია დეპოლიტიზებული?


საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა, გამოჩნდება თუ არა ქართული ჯარი მიტინგის დაშლის შემთხვევაში? ეს შეკითხვა აქტუალური გახდა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევების შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ არმიულ ქვედანაყოფებს პოლიციის სპეცრაზმის არიერგარდის ფუნქცია დააკისრა. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” სწორედ იმის დადგენას შევეცდებით, რატომ უნდა იყოს და არის თუ არა ქართული არმია დეპოლიტიზებული.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არმია დეპოლიტიზებული სტრუქტურაა. ხოლო პოლიტიკური მოღვაწეობა შეუთავსებელია სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან. კანონის თანახმად, სამხედრო პირს ასევე ეკრძალება როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება, ისე მათში მონაწილეობა. მაგრამ როგორ ეკიდება საქართველოს კანონმდებლობა სამხედრო ძალის გამოყენებას მანიფესტაციების ან მიტინგების დასაშლელად? საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების დანიშნულებას, რაც ასეთი ამოცანის შესრულებას არ ითვალისწინებს, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორი ირაკლი სესიაშვილი:

”შეიარაღებული ძალების მიზნებსა და ამოცანებს განსაზღვრავს კონსტიტუცია, სადაც გარკვევით და ნათლად წერია, რომ შეიარაღებული ძალები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს შიდაკონფლიქტების დროს. შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ პოლიციის როლზე, კერძოდ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პოლიციამ გამოიყენოს ძალა, რაც არამც და არამც არ უნდა გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს, გასცდეს შესაბამის კანონმდებლობას.”

კანონმდებლობის თანახმად, შეიარაღებული ძალების უმთავრესი ამოცანა საგარეო თავდასხმის მოგერიება და ქვეყნის თავდაცვაა. ამისათვის შეიარაღებულ ძალებში იქმნება შესაბამისი სახეობები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ცეცხლსასროლი იარაღით, მძიმე შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით. პოლიცია კი მოქმედებს სპეციალური არალეტალური აღჭურვილობით, რეზინის ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით. გარე აგრესორის მოსაგერიებლად გაწვრთნილი ჯარის გამოყვანა ქუჩის აქციების დასაშლელად, შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს, როგორც ეს იყო 1989 წლის 9 აპრილს. გარდა ამისა, არმიის გამოყენება შიდა დემონსტრაციებისა და მიტინგების დასაშლელად არის არმიის სახიფათო პოლიტიზების მცდელობაცო, - განმარტავს ირაკლი სესიაშვილი:

”ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისის დროს მთავარი ამოცანაა, მხარეებმა მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით გადაწყვიტონ არსებული კრიზისი და დაძაბულობა. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ძალის - განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების - გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებული ძალები ხდებიან პოლიტიკის ნაწილი და პოლიტიკური პრობლემები და პროცესები შეიძლება გადაწყდეს ძალისმიერი ფორმებით.”

1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში სამხედრო ძალის - ”ეროვნული გვარდიის” - პოლიტიზებას სახელმწიფო კატასტროფა მოჰყვა. პირველი ქართული სამხედრო ფორმირების ერთი ნაწილი, რომელსაც ყოფილი სარდალი თენგიზ კიტოვანი ხელმძღვანელობდა, ოპოზიციას მიემხრო, მეორე ნაწილი კი - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ხელისუფლების ერთგული დარჩა. 1991 წლის 21 დეკემბერს რუსთაველის პროსპექტზე პირველი ტყვიის გავარდნას კი ეროვნული გვარდიის დაპირისპირებულ ნაწილებს შორის შეტაკება, ქალაქის ცენტრში ორკვირიანი ომი და ხანგრძლივი სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” დროს არმიამ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და ყაზარმებიდან არ გამოსულა. თუმცა 2009 წლის აპრილის დღეებში კვლავ გაჩნდა სახიფათო განცდა, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, წესრიგის დასამყარებლად ჯარს ქუჩაში გამოსვლა უბრძანოს. ეს განწყობა ასახულია ვიდეოკლიპში, რომელშიც ცნობილი ქალბატონები ჯარისკაცებისა და პოლიციელების დედებს მიმართავენ:


”ჩვენ მოგიწოდებთ ყველა ქალბატონს, - მათ შორის, ყველა ჯარისკაცის, ყველა პოლიციელის დედას, ცოლს თუ დას, - დავდგეთ ერთად... ის ჯარისკაცები, ის პოლიციელები, მათი შვილები და ჩვენი შვილები, ერთ საქართველოში იცხოვრებენ, ის დანაშაულში მხილებული თუ ბრალდებული ადამიანები კი ჩასხდებიან ერთ თვითმფრინავში და გაფრინდებიან.”

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს არათუ სამხედრო ძალის, არამედ პოლიციური ძალის გამოყვანას მომიტინგეთა დასაშლელად, თუკი საპროტესტო დემონსტრაციები მშვიდობიან ფორმებს არ გასცდება. მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილში ეს დარწმუნება ნდობას არ იმსახურებს. მიმომხილველთა თქმით, ამ უნდობლობას აქვს მიზეზები. 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ რეგულარული ჯარის ნაწილები რუსთაველის პროსპექტზე გამოიყვანა პოლიციის ზურგის გასამაგრებლად, რაც არმიის პოლიტიზების მცდელობად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელს ირაკლი სესიაშვილს:

”7 ნოემბერს, ფაქტი არის, რომ გარკვეული სამხედრო მოსამსახურეები აქციის დარბევაში მონაწილეობას ღებულობენ. ამას ადასტურებს ის კადრები და ფოტოები, სადაც არიან სამხედრო მოსამსახურეები, აცვიათ სამხედრო ფორმები და აქვთ სამკერდე ნიშნები. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი, მართლაც რომ, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ.”

საქართველოს ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაში შეიარაღებული ძალების მონაწილეობას სხვაგვარ ახსნას უძებნის და აცხადებს, რომ რამდენიმე ასეული ქუჩაში მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების დაცვის გასაძლიერებლად გამოიყვანეს. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ჯარი ერთადერთი მიზნისათვის ემზადება, მოიგერიოს რუსეთის აგრესია და უზრუნველყოს ქვეყნის სუვერენიტეტი. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტი, რომლის ანგარიშის გაწევა მას აუცილებლად მოუხდება. 8 აპრილს, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების წინ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უპრეცედენტო მიმართვით გამოვიდა:

” მე მივმართავ სრულიად საქართველოს, მე მივმართავ ხელისუფლებას ჩვენსას, ოპოზიციას; მე მივმართავ საქართველოს ჯარს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ძალა. ადამიანი, ჯარისკაცი, რომლიც აღმართავს ხელს თავის ძმაზე, ის აღარ გამოდგება სამშობლოს დასაცავად.”

ჩვეულებრივ შემთხვევაში, სასულიერო პირები მსგავსი მოწოდებით საკუთარი ქვეყნის ჯარებს არ მიმართავენ. კონსტიტუციის თანახმად, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც აცხადებს საომარ მდგომარეობას და ჯარს საომარი მოქმედების დაწყებას უბრძანებს. შესაბამისად, საქართველოს პატრიარქის ეს მოწოდება აშკარად ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმიც არის მიმართული, პრეზიდენტის, რომელმაც, ისევე როგორც ოპოზიციამ, ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ ჯარი მხოლოდ საკუთარი ფიცისა და წესდების ერთგული დარჩეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG