Accessibility links

logo-print

”ნიუსვიკი” მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს


ავტორი ”ნიუსვიკის” კორესპონდენტი ანა ნემცოვა გახლავთ. მისი პირველი შეკითხვა იყო - ”ვის სურს თქვენი გადადგომა?”. მიხეილ სააკაშვილის პასუხი: ”ძირითადად - უმუშევრებს. რეფორმების შედეგად ჩვენ დაახლოებით 250 ათასი ადამიანი გავათავისუფლეთ სამსახურიდან. ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა საკუთარი თავის ახალ ეკონომიკაში პოვნა. კორუფციასა და დანაშაულთან ბრძოლისას ათასობით ადამიანი ჩავსვით ციხეში. მარტო თბილისში ჩვენ 8 ათას ადამიანს გამოვუტანეთ მსჯავრი. მათი ყველა ნათესავი არის ახლა ქუჩაში და მთხოვს გადადგომას.”

”ნიუსვიკი”:- რა არის ყველაზე მტკივნეული კრიტიკაში?

სააკაშვილი: - მე მტკივნეულად არ აღვიქვამ კრიტიკას საქართველოში, როცა მე ამას ვისმენ მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციის ორ სატელევიზიო არხზე. არ ველოდი, რომ ამ რევოლუციის მოლოდინში დასავლეთი ყველა სახის ურთიერთობას ლოდინის რეჟიმში გადაიტანდა. ოფიციალურმა დელეგაციამ საფრანგეთიდან ვიზიტის გადადება გადაწყვიტა. თურქულმა კომპანიამ კონტრაქტის ხელმოწერა 9 აპრილის შემდეგ, არაბულმა კომპანიამ კი 12 აპრილის შემდეგ გადადო. რა სჭირს ამ ხალხს? განა, ჩვენ პარიზსა და სტრასბურგში ვიზიტებს ვწყვეტთ, როცა იქ საპროტესტო გამოსვლებია?

”ნიუსვიკი”: - ვინ აფინანსებს ქართულ ოპოზიციას?

სააკაშვილი: - ფულის უდიდესი ნაწილი - მილიონობით დოლარი რუსი ოლიგარქებისგან მოდის. მე ამის დოკუმენტური მტკიცებულება მაქვს, რომელსაც ჯერ არ ვაქვეყნებ. მოდის, თუ არა ეს ფული რუსეთის მთავრობის ზედამხედველობით, ეს არ ვიცი.

”ნიუსვიკი”: - ზოგიერთი ექსპერტი სოციალური არასტაბილურობის შედეგად ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს წინასწარმეტყველებს. რამდენად შესაძლებელია რუსეთმა და საქართველომ კიდევ ერთი ომი წამოიწყონ?

სააკაშვილი: - რუსეთის მთავრობა, ალბათ, მოხარული იქნებოდა ჩემი პოსტიდან წასვლით. შემიძლია ვივარაუდო, რომ რუსეთის სამხედრო მმართველობაში ზოგიერთი დღეს ფიქრობს საქართველოზე თავდასხმაზე იმისათვის, რომ მოგვიანებით თქვან, რომ მე შევიჭერი რუსეთში იმისათვის, რომ ჩემი ოპოზიციის ყურადღება სხვა საკითხზე გადამეტანა. ერთი კვირის წინ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ტანკები შევიდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ 5 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება, ამდენივე - აფხაზეთში.

”ნიუსვიკი”: - ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი მედვედევი მხარს დაუჭერდა საქართველოსთან კიდევ ერთი ომის იდეას?

სააკაშვილი: - არა მგონია, მან მოიწონოს ასეთი იდეა მას შემდეგ, რაც ვიხილე რამდენად ”ბედნიერი” იყო ის პრეზიდენტ ობამას ცალყბა გაღიმებით. რუსეთმა მკაფიოდ მოისმინა აგვისტოს ომის ობამასეული დახასიათება. მან ამას უწოდა ”შეჭრა” და ამ ერთი სიტყვით ობამამ გაავლო წითელი ხაზი რუსეთსა და საქრთველოს შორის. არც პუტინისა და არც მედვედევის ინტერესში არ შედის კიდევ ერთხელ გადაკვეთოს ეს წითელი ხაზი.

”ნიუსვიკი”: - ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები გარიგდნენ საქართველოს საკითხზე? ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში როგორ ზეგავლენას იქონიებს ამერიკის პოლიტიკა საქართველოზე?

სააკაშვილი: - კრემლმა შეიძლება სცადოს შეთანხმდეს ობამასთან - თქვას, რომ რუსეთი ეხმარება შეერთებულ შტატებს ავღანეთში, ირანსა და შუა აზიაში და ამერიკა დაეხმაროს მას ამ ტერიტორიაზე გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელებაში, დაეხმაროს რუსეთს ამ ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში. ბევრისთვის მე ვითვლები რუსეთთან ურთიერთობის ჩიხად. ადრე ბევრად უფრო მოხიბლული ვიყავი ამერიკის პოლიტიკით.

”ნიუსვიკი”: - ვინ არიან დღეს თქვენი მხარდამჭერები შეერთებულ შტატებში?

სააკაშვილი: - საკმაოდ ბევრი კარგი კონტაქტი მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი ყოველთვის იყო ჯონ მაკკეინი. შეგიძლიათ ის უკვე ქართველადაც ჩათვალოთ. სადღაც ერთ კვირაში ველით მის ჩამოსვლას საქართველოში. კარგი ურთიერთობა მაქვს ჰილარი კლინტონთან, ჯოზეფ ბაიდენთან და განსაკუთრებით რიჩარდ ჰოლბრუკთან - ის ჩემი მასწავლებელია. ბევრი კარგი რამ ვისწავლე მისგან.

”ნიუსვიკი”: - ხომ არ გრძნობთ დასავლეთის მხრიდან თქვენს მიმართ განხიბლვას? უკვე ხომ არ გიურთიერთიათ პრეზიდენტ ობამასთან?

სააკაშვილი: - დიახ, ტელეფონით ვესაუბრე. პრობლემა ჩვენში არ არის - პრობლემა მათსავე საშინაო პოლიტიკაშია. ჩვენ შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკაში ინტეგრირებული ვართ. ხელისუფლების ცვლილების დროს ამერიკაში ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნა. არავინ იცოდა რა ეღონათ ჩვენს საკითხზე. ყველა, საფრანგეთის ჩათვლით, ელოდებოდა ობამას მითითებას საქართველოს შესახებ. მე აღმაფრთოვანებს ამერიკული იდეები. ვაიდეალებდი ბუშის დროინდელ ამერიკას, როცა იდეები პრაგმატულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა. ახლა ახალი დრო დადგა, როცა პრაგმატული პოლიტიკა განსაზღრავს იდეებს. ამან შეიძლება გააფუჭოს ამერიკა, რომელსაც მე ვიცნობ.

”ნიუსვიკი”: - დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, იქნებოდა, თუ არა განსხვავებული თქვენი პოლიტიკა რუსეთთან?

სააკაშვილი: - მოსკოვი ბრალს გვდებდა დაპირებების შეუსრულებლობაში. ახლა არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლებოდა. გამიჭირდებოდა რაიმეს სხვაგვარად გაკეთება. ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ არ არის მიღებული გაზიარებული მიერ. კომპრომისზე უნდა წავსულიყავი? ასე რომ მოვქცეულიყავი, ვიქნებოდით ყირგიზეთის მსგავს მდგომარეობაში, დაკარგული გვექნებოდა დემოკრატიული ფასეულობები, ანდა, ვიქნებოდით ისეთივე ღარიბი, როგორიც სომხეთია, რომლის ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკა მთელი ამ წლების მანძილზე კრემლისგან დამოუკიდებელია, ჩვენ ისე მოვუვლით დემონსტრაციებს, თითქოს რუსეთის საკითხი არც არსებობდეს და ისე მოვუვლით რუსეთს, თითქოს დემონსტრაციები არ ყოფილიყოს.

XS
SM
MD
LG