Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კარვები გაშალეს


აქციიდან მეხუთე დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს: 13 აპრილიდან 24 საათიან აქციას ისინი ავლაბარშიც გააგრძელებენ. ხოლო ცოტა ხანში თბილისი "საკნების" ქალაქად გადაიქცევა. ყოველდღიურად მიტინგი რუსთაველზე კვლავ 3 საათზე განახლდება. სამოქმედო გეგმის ყველა მომდევნო ნაბიჯიც სწორედ იქ გახდება ცნობილი.

13 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველზე შეკრებილმა ოპოზიციამ დემონსტრანტებს 24 საათიანი აქციის ავლაბრის რეზიდენციასთან გადატანის შესახებ ამცნო. აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები ამჯერად ორად იყოფიან - ნაწილი კვლავ პარლამენტის წინ რჩება, ნაწილი კი მივა, საიდანაც პრეზიდენტს მისი გადადგომის მოთხოვნას უკეთესად გააგონებენ. ეს ხალხს კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, ამცნო: ”ჩვენ აქედან დავიძვრებით ავლაბრის რეზიდენციისაკენ, სადაც გაგრძელდება აქცია 24 საათის განმავლობაში. ჩვენ დავდგებით იმ ადგილას, საიდანაც უფრო ახლოდან გავაგონებთ სააკაშვილს ჩვენს მოთხოვნას.”

ოპოზიციის გეგმებში, აქციების გაფართოების გარდა, სხვა ქმედებებიც შედის. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, 13 აპრილს თქვა, რომ თბილისი მალე ”საკნების ქალაქად” გადაიქცევა: ”კვლავ ძალაშია იდეა, რომ თბილისი გადაიქცეს საკნების ქალაქად და ამ იდეის განხორციელებას დღეიდან დავიწყებთ. მთელ თბილისში ქუჩებში იდგება საკნები და იქ იჯდება ცნობილი ხალხი, პოლტიკოსები, სანამ ეს კაცი აქედან არ წავა.”

აქციაზე განხილვის საგნად უცხოური პრესისათვის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუებიც იქცა, რომლებშიც მან რუსთაველზე თავშეყრილ ხალხს განაწყენებული, სამსახურიდან დათხოვილი ადამიანები უწოდა. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, იყო უფრო ხისტი შეფასებებიც. ”ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ თქვა:

”სააკაშვილმა უცხოურ პრესაში 9 აპრილს შეკრებილ საზოგადოებას ბარდაგი უწოდა. იმ 200 000 კაცს შეურაცხყოფა მიაყენა და მან, ეტყობა, დაკარგა შეგრძნება, რომ იმ ხალხის უკან მთელი საქართველო დგას.”

რუსთაველზე 13 აპრილს დედაქალაქის მთავარი გამზირის დასუფთავების ინიციატორებიც გამოჩნდნენ. რეჟისორი ქეთი დოლიძე იქ ცოცხით მივიდა და ხალხს ასე მიმართა: ”ქალაქის მერმა გვითხრა, რომ მოგვიტანს ცოცხებს. არ გვჭირდება, ჩვენ ჩვენი ცოცხები გვაქვს და თავად დავალაგებთ და გავწმენდთ ყველაფერს.”

იყო სხვაგვარი მოწოდებებიც, განსაკუთრებით ახალგაზრდების მისამართით, მაგალითად, ”საქართველოს გზის” ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის, მხრიდან: ”იარეთ როგორც სამსახურში, რადგან ეს არის ქვეყნის სამსახური, ყველაზე ღირსეული სამსახური.”

აქციის მეხუთე დღეს რუსთაველზე, ალექსანდრეს ბაღთან, ინციდენტიც მოხდა. ექიმების კარავში დანის ტარით დაზიანებული საჩხერელი ჯანიკო დვალი მიიყვანეს, რომელიც აცხადებდა, რომ მას სამი უცნობი ადამიანი დახვდა და მისი პოლიტიკური სიმპათიების თაობაზე გამოკითხვა დაუწყო: ”მოვდიოდი, სამმა ადამიანმა გამაჩერა. სად მიდიხარო, მკითხეს. მიტინგზე- მეთქი. ვისკენ ხარო? და ვუთხარი, ოპოზიციისკენ-მეთქი. რას გპირდებიანო? არ იცი, რომ აღარც პენსია გექნება მათ ხელში და არც არაფერიო? მერე დანის ტარი ჩამარტყეს, მეც დავარტყი ერთი-ორი.”

ექიმთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გვითხრა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მსგავსი დაზიანებით ხუთ ადამიანს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. თუმცა იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარება ადგილზე მობილიზებული არ არის, დაზიანებული ადამიანების გადაყვანა საავადმყოფოებში პრობლემად რჩება.

ოპოზიციის ლიდერები კი დღეს აცხადებდნენ, რომ ავლაბრის რეზიდენციასთან იქამდე იდგებიან, სანამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის განცხადებას არ ჩაიბარებენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG