Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს


მესამე დღეა ცხინვალიდან სროლის და აფეთქების ხმა ისმის, რის გამოც შეშფოთებულია როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში რუსული არმიის დამატებითი ძალების და მძიმე ტექნიკის კონცენტრაცია შეინიშნება, ცხინვალელებს კი არავინ განუმარტავს, რისთვისაა საჭირო დამატებითი კონტინგენტი.

თავად მოსახლეობაში საბრძოლო მოქმედებების განახლების ვერსია გავრცელდა. პანიკა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ედუარდ კოკოითის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე სასაზღვრო ტერიტორიაზე პირადი შემადგენლობის და მძიმე ტექნიკის მობილიზაციას ახდენს, ცხინვალზე შეიარაღებული თავდასხმის ალბათობა ნაკლებია. ამასთან, კოკოითიმ არ გამორიცხა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში 31 მაისს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვითარების დაძაბვა სცადონ.

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის ბრალდებას სასაზღვრო სოფლებში ქართული შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ აბსურდული უწოდა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა. ჩემთან საუბრისას ცხინვალში არსებულ პანიკას მან კოკოითის დამსახურება უწოდა, რადგან ქალაქში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა იმყოფება. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის დამატებითი ძალების განლაგების ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას გადასცა. თუმცა, როგორც ცნობილია, მათ კოკოითის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების საშუალება არა აქვთ.
XS
SM
MD
LG