Accessibility links

logo-print
თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის სიმცირეს ბათუმში არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ ადგილობრივი პოლიტიკოსებიც უჩივიან. ამიტომ ოპოზიციური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთ-ერთ მიზნად მოქალაქეთა ინფორმირება დაისახეს.

ორგანიზაციის, „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი საინფორმაციო ვაკუუმის გამო პასუხისმგებლობას ე.წ. ცენტრალური ტელეარხების ჟურნალისტებს აკისრებს და ფიქრობს, რომ ამგვარ ვითარებაში ვაკუუმი ოპოზიციამ ყოველდღიური ბრიფინგებით უნდა შეავსოს.

ამავე ალიანსის წარმომადგენელმა თემურ ყურაშვილმა ჩემთან საუბრისას გაიხსენა გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც საინფორმაციო მიტინგებზე ბათუმელებს ყოველდღიურად თეატრალურ მოედანზე იბარებდნენ. თუმცა თემურ ყურაშვილი იმასაც ამბობს, რომ დღეს მოქალაქეები ინფორმაციას ე.წ. „ბოშათა ფოსტის“ მეშვეობითაც იღებენ და, მაგალითად, ზუსტად იციან, რომ 11 აპრილს, ღამით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების ბრძანებით დაარბიეს.

„ბოშათა ფოსტით“ ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 აპრილიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები აღარ მოძრაობენ, რაც ბათუმის რკინიგზის სადგურში არ დამიდასტურეს. როგორც უფროსმა მოლარემ ნონა სიხარულიძემ მითხრა, მატარებლები დადგენილი გრაფიკით მოძრაობენ, თუმცა მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. მგზავრთა სიმცირის ინფორმაციას ფლობენ ოპოზიციური „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრებიც, თუმცა ამ ტენდენციას ჯერჯერობით კონკრეტული მიზეზით ვერ ხსნიან.
XS
SM
MD
LG