Accessibility links

logo-print
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან, ასევე შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან და გაეროში საფრანგეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, ავსტრიისა და შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენლებთან.

ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ ახალი ადმინისტრაციის ამოქმედების შემდეგ. საქართველოს წარმომადგენლის შეხვედრები დიდი მოკავშირის დედაქალაქში უნდა გაიმართოს მძიმე ფონზე - თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამუდმებული კონცენტრაციისა და გაძლიერების ფონზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს შეერთებულ შტატებში წინ უძღოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი. ამას გარდა, იყო შეხვედრა მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შორის. სწორედ მიუნხენის კონფერენციაზე შესთავაზა ბაიდენმა რუსეთის წარმომადგენელს პირველად ცნობილი ”გადატვირთვის” პოლიტიკა. შემდეგ იყო გარკვეული პაუზა.

საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მკაფიოდ გამოიკვეთა მარტის დასაწყისში ბრიუსელში, როცა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ნატოს კარი ღია იქნება საქართველოსა და უკრაინისთვის, ნატოს წევრი სახელმწიფოები არასდროს აღიარებენ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობას და არ შეეგუებიან რუსეთის მცდელობას მოაქციოს მეზობლები თავისი გავლენის სფეროში.

ამის შემდეგ იყო მორიგი მოლოდინის პერიოდი - ველოდით, რა განცხადებას გააკეთებდა საქართველოს თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ველოდით ლონდონში დიდი ოცეულის სამიტს და მის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას. შედეგი იყო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზი გაესვა მხარეთა აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციებს აგვისტოს ომისა და საქართველოს კრიზისის შესახებ. განცხადებაში ხაზი გაესვა აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დიდ მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.

უფრო მეტი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით, შეხვედრის დღესვე, გახმაურდა. იმ დღეს რადიო თავისუფლებას თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა სერიოზულ დაძაბულობას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და ბარაკ ობამას მოუხდა მკვეთრი განმარტებების გაკეთება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები არასდროს ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და რომ გავლენის სფეროების დრო ისტორიას ჩაბარდა. კიდევ უფრო მეტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 3 აპრილს იქვე, ლონდონში, გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: ” მე ვაკრიტიკებდი რუსეთის შეჭრას საქართველოშიო”, რასაც საქართველოს პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა: ” ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას არ უთქვამს ამის ნახევარიც კი. წინა ადმინისტრაცია იყენებდა ტერმინს ” ძალის გადამეტება” , ბარაკ ობამამ თქვა ”შეჭრა” და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა”.

ახლახან ”ნიუსვიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში შეკითხვას: ”გრძნობთ, რომ დასავლეთი თქვენით იმედგაცრუებულია? გაქვთ კონტაქტები პრეზიდენტ ობამასთან? ” მიხეილ სააკაშვილი უპასუხებს: ”კი, მას მე ტელეფონით ველაპარაკე. პრობლემები ჩვენში არ არის. პრობლემები მათ საშინაო პოლიტიკაშია. ჩვენ ჩართულები ვართ ამერიკის საშინაო პოლიტიკაში და ამიტომ ხელისუფლების შეცვლის მომენტში ამერიკაში ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნა. არავინ იცის, რა მოიმოქმედოს ჩვენთან მიმართებით. საქართველოს თაობაზე ყველა - მათ შორის, საფრანგეთი - ამერიკის მითითებებს ელოდება. მე ამერიკას ბუშის მმართველობის დროს ვაიდეალებდი. მაშინ იდეალები პრაგმატულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა, ახლა იდეალები პოლიტიკაში პრაგმატიზმმა შეცვალა. ეს ამერიკას ზიანს მიაყენებს.”

როგორ გგონით, რითია განპირობებული ასეთი შეფასება? - ვკითხეთ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს დავით დარჩიაშვილს.მისი პასუხი იყო : ”რაც მე ვნახე, ამავე ინტერვიუში ლაპარაკია ობამას განცხადებებზეც. მაგრამ მგონია, რომ შემდეგ ცოტა უკონტექსტოდ არის მსჯელობა პოლიტიკაში პრაგმატიზმისა და იდეალიზმის თემაზე. ან ცოტა მეტი გაშლა სჭირდებოდა და იყო კიდეც გაშლილი და ჟურნალისტმა შეკვეცა, ან შემდგომში სჭირდება გაშლა.”

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით დარჩიაშვილის თქმით: ”სიტუაციაში, როცა რუსეთის ჯარია მომდგარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ფლოტებია დაძრული საქართველოსკენ, ბუნებრივია, განგაშია ასატეხი.”

განგაში ატეხილია. 13 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უცხოელი დიპლომატები იყვნენ შეკრებილნი. მათ საქართველოს მხარემ დახურულ შეხვედრაზე თავის ხელთ არსებული ცნობები გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების მკვეთრი ზრდის შესახებ.
XS
SM
MD
LG