Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ოკუპაცია არ არის მთავარი საფრთხე


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია საქართველოს ფარგლებს შიგნით და გარეთ აღემატება იმას, რაც გასული წლის აგვისტოში იყო. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურის განსაახლებლად რეალური სიტუაცია არ არსებობს. ამის ერთ მიზეზად სააკაშვილმა ის დაასახელა, რომ გათვლების მიუხედავად, საქართველოში შიდა არეულობის გამოწვევა შეუძლებელი აღმოჩნდა. მეორე მიზეზად მიხეილ სააკაშვილი შარშან აგვისტოზე გაცილებით მეტ საერთაშორისო მხარდაჭერას მიიჩნევს.

პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გასული ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდებიან, ორი ქვეყანა კი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განხორციელებას იწყებს. „პირველად ობამამ ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. პირდაპირ თქვა, რომ ეს არის შეჭრა სხვა ქვეყანაში და უკვე ყველამ დაიწყო ლაპარაკი - შეჭრა, აგრესია, ანექსია. ერთი სიტყვით, სიმართლემ მაინც იპოვა თავის გზა“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში იაფი დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.

როდესაც რუსეთი ამბობს საქართველოს, ის გულისხმობს არა იმას, რასაც დანარჩენი მსოფლიო, ანუ ფსოუდან როკის გვირაბამდე, არამედ ქართლს, კახეთს და იმერეთს - განაცხადა დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან მთავარ ამოცანად რუსეთთან ნამდვილი დიალოგის მომზადება დაასახელა. სააკაშვილის თქმით, საქართველომ საერთაშორისო პოზიციები უნდა გაიმყაროს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოახდინოს, ეკონომიკა გაიმყაროს და რუსეთი დაარწმუნოს, რომ საქართველოს შიგნიდან, ან გარედან არევა შეუძლებელია. ეს ყველაფერი საქართველო-რუსეთის არსებითად სწორი დიალოგისთვის გაცილებით მყარი საფუძველი იქნება - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე შეფასებით, ამჟამად მთავარ საფრთხეს საქართველოს შემდგომი ოკუპაცია არ წარმოადგენს, რადგან დღის წესრიგშია სრული დეოკუპაცია, რომლის პირობებიც ამჟამად მწიფდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG