Accessibility links

logo-print
ოკუპირებული გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში არაერთგვაროვანი ვითარებაა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რუსეთის საოკუპაციო ნაწილების კონცენტრაცია რამდენიმე სოფელში არ შეინიშნება. ამასთან, სოფელ ფიჩორის მკვიდრმა მაცნობა, რომ რუსული მძიმე ტექნიკა დისლოცირებულია, მაგრამ არა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან. ფიჩორში მყოფი რუსი სამხედროები აგვისტოს შემდეგ დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტს ერიდებიან.

ჭუბურხინჯიდან მაცნობეს, რომ რუსი სამხედროები სოფელში იმყოფებიან, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც ამას ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ავრცელებს. ჭუბურხინჯის მკვიდრის ცნობით, რუსი სამხედროები სოფლის ცენტრში არიან, ჯავშანმანქანებით გადაადგილდებიან, თუმცა, ადმინისტრაციულ საზღვართან მათი ტექნიკის კონცენტრაცია არ შეინიშნება. წალენჯიხის რაიონთან მოსაზღვრე ოკუპირებულ საბერიოში ერთ კვირაზე მეტია რუსეთის სამხედრო ნაწილებისა და დამატებითი მძიმე ტექნიკის გადაადგილება გახშირდა. მიუხედავად ამისა, საბერიოს მკვიდრმა მაცნობა, რომ საოკუპაციო ჯარი ენგურის პერიმეტრზე არ დგას და სასაზღვრო ზოლს მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

თავის მხრივ, ზუგდიდში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ მიამბო, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარის როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა ენგურის სასაზღვრო პერიმეტრზეა განლაგებული და ქართული პოლიციის საგუშაგოებიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ცნობისთვის: ქართული პოლიციის საგუშაგოები აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან არა მეტრებით, არამედ კილომეტრებითაა დაშორებული. მაგალითად, სოფელ ფახულანში, რომელიც ოკუპირებულ საბერიოს ესაზღვრება, ქართული საგუშაგოდან საზღვრამდე 3 კილომეტრია. ჭუბურხინჯსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხს მდინარე ენგურის რვაასმეტრიანი ცენტრალური ხიდი და ამდენივე ხმელეთი ყოფს. სოფელ ხურჩაში განლაგებული ქართული საგუშაგო კი საზღვრიდან ორ კილომეტრშია.
XS
SM
MD
LG