Accessibility links

საქართველოს რეგიონებში სიმშვიდეა


პოლიტიკური ვნებათაღელვა, რომელმაც დედაქალაქი მოიცვა, ჯერ-ჯერობით გავლენას ვერ ახდენს საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების რიტმზე. რეგიონებში სიმშვიდეა, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური პროტესტი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებშიც ორგანიზებულ სახეს მიიღებს. ადგილობრივი ოპოზიციის გეგმებზე ჩვენი კორესპონდენტები საუბრობენ.


დავით მჭედლიძე, რუსთავი

პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებს რუსთავში ოფისები გამოკეტილი აქვთ, წევრები კი თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ და რუსთავში გადმონაცვლებას, როგორც ჩანს, ჯერ არ აპირებენ.

მალხაზ გორგასლიძე, პარტია „თავისუფლების“ რუსთაველი ლიდერი, რომელიც, 9 აპრილიდან მოყოლებული, თბილისში მიმდინარე აქციების უცვლელი მონაწილეა, ამბობს, რომ ოპოზიცია რეგიონებში აქციების გამართვის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ქალაქის მერი მამუკა ჩიქოვანი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუკი რუსთავში აქციები გაიმართება, მთავარია, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცეს.

”მე თუ მკითხავთ, ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით”, აცხადებს ქალაქის მერი, რომელიც კმაყოფილია იმით, რომ ”რუსთავში ამჟამად სტაბილური ვითარებაა და არც დაძაბულობა შეინიშნება”.

თუმცა 8 აპრილს საღამოს და 9 აპრილს დილით ეს სტაბილურობა დესტაბილიზაციის ზღვარზე იმყოფებოდა.საქმე ისაა, რომ 8 აპრილს საღამოს პოლიციამ ნინო ბურჯანაძის პარტიის 60-მდე რუსთაველი წევრი დააკავა, ზოგი სახლიდან აიყვანეს, ზოგიც ქუჩაში დააკავეს და ზოგიც ტრანსპორტიდან ჩამოსვეს. უმეტესობა მეორე დღესვე გამოუშვეს ისე, რომ დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ, ოთხს კი 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის - ზაზა დაშნიანს, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მან მეზობლების გარემოცვაში ხელისუფლება გალანძღა. სასამართლომ დაშნიანის უცენზურო საუბარს წვრილმანი ხულიგნობის კვალიფიკაცია მისცა.

დაშნიანის დაკავებით აღშფოთებულმა მეზობლებმა 9 აპრილს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ხანმოკლე აქციაც კი გამართეს.

”დაშნიანის მეზობლები ხელისუფლებას ლანძღავდნენ, ჩვენც დაგვიჭირეთო, მაგრამ მათ ყურადღება არავინ მიაქცია”, - ამბობს ივანე შათირიშვილი, ნინო ბურჯანაძის პარტიის ქვემო ქართლის კოორდინატორი.

9 აპრილს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. როგორც მალხაზ გორგასლიძე ირწმუნება, სამართალდამცველებმა პარტია „თავისუფლების“ მიერ დაქირავებული ორი ავტობუსი დააკავა და იქიდან თბილისში, აქციაზე, მიმავალი ხალხი ჩამოსხა.



გოგა აფციაური, გორი

თბილისში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების ფონზე, გორში პოლიტიკური სიმშვიდეა. სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ რა ხდება დედაქალაქში, ახლა მათთვის მთავარი საზრუნავი მიწის დამუშავებაა, ამიტომ გლეხების დიდი ნაწილი მთელ დღეს საკუთარ ბაღ-ვენახებში ატარებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი სოფლებში სიარულს მოუხშირეს, ისინი გლეხებს ხეხილის შესაწამლად შხამ-ქიმიკატების დარიგებას ჰპირდებიან, ამიტომ სოფლად მცხოვრებლებს თბილისში აქციებზე სიარულს საკუთარ ნაკვეთებში ფუსფუსი ურჩევნიათ. განსხვავებული მდგომარეობაა ქალაქში. ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, თანამოაზრეებთან ერთად, თბილისის აქციებზე ყოველდღიურად დადიან. გორის დედაქალაქთან სიახლოვე ამის საშუალებას იძლევა.

ადგილზე ვითარება შედარებით დაძაბული 9 აპრილამდე იყო, როცა პოლიციელებმა ოპოზიციის ორი ლიდერი ერთი და იმავე ბრალდებით - პოლიციელების შეურაცხყოფისთვის - დააკავეს. პირველი შემთხვევა სოფელ ტყვიავში მოხდა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი სევერიან ქარელი დააკავეს და 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მაშინ ქარელის მეგობრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მათი დევნა პოლიტიკური საქმიანობის გამო დაიწყო. გორის საკრებულოს წევრის, ოქრუაშვილის თანაპარტიელის, კახა ერგემლიძის განცხადებით, ხელისუფლება მათი წევრების მიმართ რეპრესიებს მიმართავს.

მეორე შემთხვევა 8 აპრილს მოხდა გორში. პოლიციელებმა, წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ მაყაშვილი, დააკავეს. მას სასამართლომ, ადმინისტრაციული სასჯელის სახით, 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.აღსანიშნავია,რომ ორივე საქმე გორის სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა, განიხილა. ”ალიანსის” ადგილობრივმა ლიდერმა, დავით რაზმაძემ, გორში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების სერია 37 წლის რეპრესიებს შეადარა.

ოპოზიციის ბრალდებებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართალდამცავები კანონის დაცვით მოქმედებდნენ და დაკავებისას პოლიტიკური მოტივი კატეგორიულად გამორიცხა.

ერთ თვეში ორი ოპოზიციონერის ერთი და იმავე ბრალდებით დაკავებას ადგილობრივი იურისტები საეჭვოდ მიიჩნევენ. მათი თქმით, მოსამართლეს შეეძლო დაკავებულებისთვის,პატიმრობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრებინა.



ნინო ღაჭავა

გასული კვირის მანძილზე ქუთაისში ოპოზიცია ნაკლებად აქტიურობდა. პარტიების აქტიური წევრები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. გარდა ამისა, ისინი სათავო ორგანიზაციებიდან სამოქმედო გეგმას ელოდებოდნენ. სიმშვიდე 13 აპრილს ხალხის პარტიის ორგანიზებით გამართულმა ხანმოკლე აქციამ დაარღვია, სადაც პარლამენტის წინ მომიტინგეთა დარბევისა და მასმედიისთვის განკუთვნილი აპარატურის დამტვრევის ფაქტი გააპროტესტეს. აქცია არც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.

გასულ კვირაში, ოპოზიციისგან განსხვავებით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აქტიურობა ნამდვილად შესამჩნევი იყო. ოპერის თეატრში შეკრებილმა 500-ზე მეტმა მასწავლებელმა საქართველოს პრეზიდენტს 10 პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნა.

პედაგოგები მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე გაზრდას, საჯარო სკოლების დაფინანსების ფორმის შეცვლას და საგანმანათლებლო დაწესებულებების პრივატიზაციის შეჩერებას მოითხოვენ. მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელიძის თქმით, პედაგოგთა მიმართვაზე პასუხის გასაცემად მიხეილ სააკაშვილს დრო 1 მაისამდე აქვს.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, დასაქმებული ადამიანების პირობების გასაუმჯობესებლად შრომის კოდექსში ცვლილებები აუცილებელია.

საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ ქუთაისში გამართულ ფორუმს ხელისუფლების მხრიდან იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ლაშა კილაძე დაესწრო. მისი თქმით, პროფკავშირის აქტიურობა თავისთავად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ მასწავლებლების მიერ დასმული რამდენიმე საკითხი მსჯელობას მოითხოვს.

თუ მასწავლებელთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროფკავშირი 1 მაისიდან თბილისში საპროტესტო აქციებს იწყებს.
XS
SM
MD
LG