Accessibility links

logo-print

კნუტ ვოლებეკი შეშფოთებულია გალელი ქართველების მდგომარეობით


კნუტ ვოლებეკი (მარჯვნივ), გალის რაიონის მოსახლეობას ხვდება (2008 წლის სექტემბერი)

კნუტ ვოლებეკი (მარჯვნივ), გალის რაიონის მოსახლეობას ხვდება (2008 წლის სექტემბერი)

ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უზენაესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდა,"დაასრულოს ზეწოლა გალის რაიონის ქართველ მოსახლეობაზე". 14 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვოლებეკი ღრმა შეშფოფებას გამოთქვამს გალის რაიონში მიმდინარე მოვლენების გამო, რომლებმაც, კომისრის თანახმად, უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესება გამოიწვია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება "მათი განათლების უფლებების შეზღუდვის, იძულებითი პასპორტიზაციის, აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში იძულებითი გაწვევისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით."

"სინანულს გამოვთქვამ დე ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, ჩაეკეტა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, რაც კიდევ უფრო ურთულებს ადგილობრივ მოსახლეობას, შეინარჩუნოს ოჯახური კავშირები, ხელი მიუწვდებოდეს აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ან საკუთარი პროდუქცია გაყიდოს დე ფაქტო საზღვრის მეორე მხარეს", ვკითხულობთ განცხადებაში.

კნუტ ვოლებეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი იძულებითი პრაქტიკა არღვევს საერთაშორისო სამართალს, აუარესებს რეგიონში არსებულ მყიფე შიდაეთნიკურ ვითარებას და სულ უფრო მეტ ქართველს აიძულებს, რეგიონი დატოვონ. "ხაზს ვუსვამ: საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები მოითხოვს, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ამა თუ იმ მოსახლეობასა და ტერიტორიაზე, თუნდაც ის არ იყოს აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის უფლებებს, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიანო", ნათქვამია კნუტ ვოლებეკის განცხადებაში.

ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უზენაესი კომისარი სოხუმის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს გალში მცხოვრები ქართველებისთვის ნებისმიერი დაშინებისგან, მათთვის აფხაზეთის მოქალაქეობის თავს მოხვევისგან, აგრეთვე, ჯარში მათი იძულებითი გაწვევისგან. ვოლებეკის განცხადებაში დე ფაქტო ხელისუფლების მისამართით გამოთქმულია მოწოდება, პატივი სცეს ქართველთა განათლების უფლებებს და საშუალება მისცეს რეგიონის ქართველ მოსწავლეებს, განათლება ქართულად მიიღონ.

ამასთანავე, კნუტ ვოლებეკი აღნიშნავს, რომ "ესმის და მიესალმება" აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილს, განამტკიცოს აფხაზური იდენტურობა და განავითაროს აფხაზური ენა. მაგრამ ეს, ეუთოს უზენაესი კომისრის თქმით, "ეს ისე უნდა ხდებოდეს, რომ უარყოფით გავლენას არ ახდენდეს რეგიონის სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებაზე, შეინარჩუნონ და განავითარონ საკუთარი ენა და კულტურა."
XS
SM
MD
LG