Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დამცველები პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებენ


ორშაბათს, შუაღამისას, პარლამენტის შენობის წინ დანით დაჭრეს ორგანიზაცია ”9 აპრილის” აქტივისტები გიორგი ონიანი და მამუკა გირგვლიანი. პირველს ჭრილობა ფეხზე, ხოლო მეორეს სახის არეში აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2 ადამიანის მსუბუქად დაჭრის ინციდენტი მოჰყვა დაპირისპირებას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შორის. თუმცა, ორგანიზაცია ”9 აპრილის” ლიდერების თქმით, ონიანსა და გირგვლიანს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოგზავნილი პროვოკატორები დაუპირისპირდნენ. პარალელურად, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პოლიციელებს დანაშაულზე თვალის დახუჭვაში სდებს ბრალს.

ახალგაზრდული მოძრაობა ”9 აპრილის” ინფორმაციით, ორგანიზაციის აქტივისტები თავისთვის, მშვიდად რუსთაველის გამზირზე ისვენებდნენ, როცა პროვოკატორების ”20-კაციანი ბანდა” გამოჩნდა. ამავე წყაროს ცნობით, პროვოკატორთა ჯგუფმა ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტებს არაერთი შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ 2 ახალგაზრდა დაჭრეს კიდეც.
მომსვლელთა და დამხვდურთა გარჩევა ძნელია იმ ვიდეოკადრებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა აშკარად ჩანს, რომ სიტუაცია დაძაბულია, ახალგაზრდების არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფები ერთმანეთისკენ იწევენ, აქეთ-იქით დარბიან, გამშველებელი პოლიცია კი არსად ჩანს. შეგახსენებთ, ამ ინციდენტამდე 2 დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად მომიტინგეებს არც კი გაეკარებოდა.

მართალია, სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი პოლიციელებს შეახსენებს, რომ მათი პირდაპირი ვალდებულებაა მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, თუკი ეს რაიმე მიზეზის გამო ვერ ხერხდება, პასუხისმგებლობა აქაც ისევ ხელისუფლებას ეკისრება. ხიდაშელისთვის მით უმეტეს გაუგებარია ფაქტის უგულებელყოფა, როცა დანაშაული პოლიციის თვალწინ ხდება: ”კერძოდ, ეს იყო ინციდენტი, რომელიც მოხდა სასტუმრო აჭარასთან... იქვე იდგა პატრულის 2 მანქანა, რომლებშიც ისხდნენ პატრულის თანამშრომლები. სწორედ პატრულის წინ გაჩერდა ჯიპი, საიდანაც გადმოვიდა 5-6 ადამიანი. ისინი ”ალიანსის” აქტივისტების მცირე ჯგუფს გამოეკიდნენ და, დაზარალებულის ინფორმაციით, მათ შუა ქუჩაში დაუწყეს ცემა ხელკეტებით. დაზარალებულის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები ამას ძალიან მშვიდად ადევნებდნენ თვალს.”

დარბევის შედეგად დამტვრეული აპარატურა

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პრეტენზიები უკავშირდება მომიტინგეთა დარბევისა და აპარატურის დამტვრევის ფაქტს, რომელიც 11 აპრილით თარიღდება. თამარ ხიდაშელისთვის გაუგებარია სამართალდამცველთა განმარტება ინციდენტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რადგანაც ფატალური შედეგით შეიძლება ყველაზე ხანმოკლე ინციდენტიც დასრულდეს: ”შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ჰქონდა გაკეთებული ასეთი განცხადება, რომ ინციდენტი ხანმოკლე იყო და არ საჭიროებდა პოლიციის ჩარევას... თუმცა იქვე განცხადებაში მითითებული იყო, რომ დამლაგებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაზიანდა აპარატურა.”

11 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მიხედვით, ”როდესაც დამლაგებელთა ჯგუფი ადგილზე მივიდა, მათ მოქალაქეებმა, რომლებიც დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.” სიტუაციის ამგვარად აღწერის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-მუხლის” ხელმძღვანელს მანანა კობახიძეს მიმდინარე გამოძიების მისამართით გარკვეული ეჭვი უჩნდება: ”თუკი თავიდანვე განწყობა ისეთია, რომ იქ მეეზოვეებს დაეტაკნენ ეს ოპოზიციის წარმომადგენლები და თითონვე მოახდინეს ამის პროვოცირება... ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, უბრალოდ, არ აპირებს ამ ფაქტების გამოძიებას.”

მანანა კობახიძე ასევე გახლავთ წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციისა ”საზოგადოებრივი დამცველი”, რომელიც ადამიანების უფლებათა შელახვის ფაქტებს აღრიცხავს. კოალიციის ინფორმაციით, ქუჩის აქციების დაწყების შემდეგ აღრიცხულია ცემის, სულ მცირე, 10 ფაქტი. ადამიანის უფლებათა დამცველები ფაქტების სამართლიან და დროულ გამოძიებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG