Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნა


დედაენის ძეგლი თბილისში
დედაენის ძეგლი თბილისში
31 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

31 წლის წინ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხალხთა ენები სტატუსს კარგავდნენ იმ საბაბით, რომ ისინი ბოლომდე ვერ ასრულებდნენ სახელმწიფო ენების ფუნქციებს. ცვლილება, რომელიც საკავშირო კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შევიდა და რომელიც ქართულ ენასაც ემუქრებოდა, საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, როგორც მაშინდელი მოვლენების აქტიური მონაწილე ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, სიახლე მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

„ვინმე გამოკვეთილი ორგანიზატორი არ ყოფილა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. - „იყო მუხტი, რომელმაც თავისთავად მოახდინა საპროტესტო აქციის ორგანიზება. იყო აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე და სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც ხმამაღლა გმობდა სიახლეს. ასე ნელ-ნელა შემზადდა 14 აპრილი.“

14 აპრილის შემზადებაში, როგორც ვახტანგ ძაბირაძეც ამბობს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ აკაკი ბაქრაძემ, რომელსაც უაღრესად დიდი გავლენა ჰქონდა მაშინდელ საზოგადოებაში და რომელსაც უსმენდნენ. აკაკი ბაქრაძის შვილი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ „14 აპრილი“ იყო საბჭოთა კავშირში პირველი მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც გარკვეული დადებითი შედეგი მოჰყვა.

„ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი გარდატეხის წელი არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიაში“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედაც რომ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა. ამ დღის მნიშვნელობას არ აკნინებენ მოქმედი პოლიტიკოსებიც, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომლის თქმითაც, 1978 წელს ენის დაცვა, იმავდროულად, იყო ქართველთა მიერ საკუთარი იდენტურობის დაცვა, იმ სახელმწიფოს დაცვა, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობდა და რომელიც შეიქმნა ქართული ენისა და დედაენის დახმარებით.

14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ერთი დღით „დედაენის“ პირველი გამოცემები და იაკობ გოგებაშვილის ავტოგრაფები გამოფინა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისულ სტუმრებს - მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს - მეგზურობას ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ გეგია უწევდა, მინისტრმა ნიკა გვარამიამ კი ხაზი გაუსვა გამოფენილი ექსპონატების, განსაკუთრებით კი დედაენის მნიშვნელობას. მისი თქმით, „დედაენა“ ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების მთავარი ფესვია.

„ჩვენ არ ვაპირებთ მოვწყდეთ ამ ფესვებს“, - ამბობს ნიკა გვარამია, - „დღესაც ქართველი მოსწავლეების ძალიან დიდი ნაწილი სწავლობს დედაენით და თავის შემეცნებას იწყებს გენიალური პალინდრომით „აი ია“.

„აი ია“-თი ნასწავლ ენას რომ ძლერი ფესვი აქვს და მის ამოძირკვას ვერავინ მოახერხებს, ამაში დარწმუნებულია ნესტან ბაგაური - განათლების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი:

„ძნელია იმ ენის მოსპობა, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელმაც გაუძლო სასანიდურ ირანს, გაუძლო დიდ თურქობას, გაუძლო მონღოლებს. შეუძლებელია ამ სიძველისა და ამ განვითარების ენის ამოთხრა“, - ამბობს ის.

თუმცა საბჭოთა კავშირის მესვეურებმა ქართული ენის „ამოთხრა“ მაინც სცადეს. ვახტანგ ძაბირაძის, 30 წლის წინანდელი მოვლენების აქტიური მონაწილის, თქმით, ენის დაკარგვის საფრთხემ მაშინდელ საზოგადოებას გმირობისკენ უბიძგა.

„როდესაც მთავრობის სასახლისკენ მივდიოდით, შუახნის ხალხი, ვინც მოსწრებული იყო 1956 წლის მოვლენებს, გვეუბნებოდა, არ წახვიდეთ, გესვრიანო, მაგრამ ყველაფერი რომ დამთავრდა და უკან ვბრუნდებოდით, გვხვდებოდნენ როგორც გმირებს, რომ შევძელით და შევინარჩუნეთ ენა. 10 წლის მერე რომ აზვირთდა ეროვნული მოძრაობა, რა თქმა უნდა, იყო 1978 წლის 14 აპრილი - ის, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვების მოვოვება“, უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG