Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი წყვეტს მოლაპარაკებას და ბირთვული პროგრამის განახლებას გეგმავს


5 აპრილს ფხენიანმა შორი მოქმედების რაკეტა გამოსცადა
5 აპრილს ფხენიანმა შორი მოქმედების რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ წყვეტს განიარაღების საკითხებზე ექვსმხრივ მოლაპარაკებას და ხელახლა იწყებს ბირთვული პროგრამის ამოქმედებას. ფხენიანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო პასუხად გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართვაზე, რომელშიც დაგმობილი იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ თვის დასაწყისში კოსმოსური რაკეტის გაშვება.

წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციისა, ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ აჩერებს წინანდელ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მას საკუთარი ბირთვული პოტენციალის ლიკვიდირება უნდა მოეხდინა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ექვსმხრივი მოლაპარაკება "წარუმატებლად” არის შეფასებული. მასში ნათქვამია, რომ ფხენიანი ხელახლა აამოქმედებს იონგბიონის ბირთვულ სადგურს, რომელსაც შეუძლია სამხედრო მიზნებისთვის საჭირო პლუტონიუმის წარმოება.

განიარაღების შესახებ ჩინეთთან, იაპონიასთან, რუსეთთან, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი შეთანხმებით, ფხენიანმა ეტაპობრივად მოახდინა იონგბიონის სადგურის დემონტაჟი. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემული მთავრობის ეს განცხადება მოწმობს, რომ ვითარება შეიცვალა: "ჩვენ მივიღებთ ზომებს ჩვენი ბირთვული ობიექტების თავდაპირველ მდგომარეობამდე აღსადგენად, რაც ექვსმხრივი მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით იქნა შეჩერებული, და სრულად ავამოქმედებთ საპილოტო ბირთვული სადგურიდან მიღებული საწვავის გადამუშავების პროცესს."

ჩრდილოეთ კორეის რისხვა, ან მოჩვენებითი რისხვა, უკავშირდება გაეროს უშიშროების საბჭოს ორშაბათის განცხადებას, რომელშიც ერთსულოვნად არის დაგმობილი 5 აპრილს რაკეტის გაშვების ფაქტი, როგორც სარაკეტო ცდების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა. უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ შეწყდეს შემდგომი ცდების ჩატარება და ფხენიანის წინააღმდეგ არსებული სანქციების ამოქმედებით იმუქრება.

13 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის საკითხი განიხილა
ჩრდილოეთი კორეა ყველაზე მეტად იმან აღაშფოთა, რომ კრიტიკას რუსეთი და ჩინეთიც შეუერთდნენ. ამ ორმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა კომპრომისულ განცხადებას მას შემდეგ, რაც ორი კვირის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატებისა და იაპონიის მიერ გამოთქმულ წინადადებას მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ.

პეკინის სახალხო უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ში ვინჰონგი ამბობს, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება, შეერთებოდა კრიტიკოსებს, მართლაც, განსაცვიფრებელია: "თუ ამ ქმედებას ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების ფაქტზე ჩინეთის მთავრობის ამასწინანდელ რეაქციას შევადარებთ, ვფიქრობ, ეს არის საგარეო პოლიტიკაში მომხდარი დრამატული ცვლილება. დიპლომატიის საკითხებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ამგვარი ფართო, სწრაფი და დრამატული ცვლილება არის ისეთი რამ, რაც უწინ იშვიათად თუ გვინახავს."

ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს მოლაპარაკება და განაახლოს ბირთვული საქმიანობა, ერთი შეხედვით, მთელი იმ პროგრესის უარყოფას ჰგავს, რასაც აქამდე საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მაგრამ ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდება ბირთვული შესაძლებლობების იმ დონეზე ამოქმედებას, რაც მანამდე იყო. ეს კი საკმარის დროს იძლევა ჩრდილოეთ კორეასთან კონტაქტებისათვის, რომლის დროსაც, შესაძლოა, მოიძებნოს ზომები ფხენიანიდან მომდინარე საფრთხის გასაუვნებელყოფად.

მაგრამ რა დააბრუნებს ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებათა მაგიდასთან? ახალი უხვი დახმარების შეთავაზება? შესაძლოა. თუმცა, ისტორიულად, ძალიან რთულია პროგნოზირება კიმ ჩენ ირის კარჩაკეტილი რეჟიმისა, რომელსაც შეიძლება მართლაც ჰქონდეს განზრახვა, საკუთარი ბირთვული იარაღის განვითარებით ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობაზე .
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG