Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელევიზიასთან კიდევ ათი საკანი დაიდგმება


თბილისი ნელ-ნელა მართლაც ემსგავსება საკნების ქალაქს, როგორც ეს აქციის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა დაგეგმეს. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გარდა, დღეიდან 10 საკანი ტელევიზიასთან დაიდგმება და კოსტავას ქუჩაც გადაიკეტება. აქციის მეექვსე დღეს, 14 აპრილს, ავლაბარში აქციამ თეატრალიზებული სახე მიიღო - იქ დემონსტრანტებმა ჰალსტუხები მიიტანეს და რეზიდენციის გალავანს შეაბეს. ოპოზიციის ძირითადმა ბირთვმა კი ჯერ უნივერსიტეტთან გამართა მორიგი მიტინგი, შემდეგ ტელევიზიასთან გადაინაცვლა.

”დღეს ახალი კერა გაიხსნება ტელევიზიასთან. კოსტავას გამზირი გადაიკეტება. დაიდგმება 10 საკანი” - ეს ოპოზიციის ბოლო, 14 აპრილის, გადაწყვეტილებაა, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს აქციის მეექვსე დღეს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გააცნო.

ოთხი საკანი უკვე დგას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შესასვლელთან. იქვე გაშლილია 27 კარავი, სადაც აქციის მონაწილეებმა, პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ღამე გაათენეს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. დემონსტრანტები კვლავ ორ კოლონად გაიყვნენ - პირველმა კოლონამ გეზი ავლაბრისკენ აიღო, მეორემ - ჯერ უნივერსიტეტისკენ, სადაც ქართული ენის დღე აღნიშნეს და შემდეგ ტელევიზიისაკენ.

უნივერსიტეტი, სადაც წლების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი დაწყებულა, ოპოზიციამ ქართული ენის დღის აღსანიშნავად განგებ შეარჩია. იქ შეკრებილ დემონსტრანტებს ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მიმართა: ”ჩვენ იმ იდეალებს, იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენი ერისგან მოდის, არ ვუღალატებთ და გავაგრძელებთ ამ სამართლიან ბრძოლას. საქართველო იქნება მდიდარი, დემოკრატიული და მთელ კავკასიაში საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი.”

ლევან გაჩეჩილაძე
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ჯერ კიდევ რუსთაველზე შეკრებილ ხალხს გაუზიარა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი აქვს მიხეილ სააკაშვილს: ” ან უნდა დაარბიოს-მეთქი, ან უსუსურობა გამოიჩინოს-მეთქი და მან სწორედ ეს მეორე გამოავლინა. მაგრამ ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს ერთ ადგილზე ეს უსუსურობა და მეორე ადგილზე უნდა გადავინაცვლოთ.”

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ბრძოლას ძალიან მალე ექნება რეალური შედეგი. ეს აზრი 14 აპრილს ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოთქვა:
”არც ერთი დიქტატორი არ აცხადებს, წავალო, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი მხოლოდ პროპაგანდითაა დაკავებული, ნათელყოფს, რომ მისი დღეები დათვლილია.”

უცვლელი იყო რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის ცნობილი სლოგანიც: ”საქართველო სააკაშვილის გარეშე გადარჩება და ის გახდება ნორმალური დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა და ჩვენ ისე ვიცხოვრებთ მის გარეშე, როგორც ჩვენ გვსურს, ჩვენს პარტნიორებს სურთ და არა ისე, როგორც ეს სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს სურს.”

ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეების ნაწილმა გეზი პრეზიდენტის რეზიდენციისაკენ აიღო. იქ მათ ჰალსტუხების თეატრალიზებული აქცია ელოდათ. აქციის ამ ნაწილის ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, ხალხის მიერ მიტანილი ჰალსტუხები შეაგროვა, გაანაწილა და შეკრებილებს მოუწოდა: ”ეს ჰალსტუხები მივართვათ მას, ვისაც ისინი ძალიან უყვარს”.

გალავანს ფერად-ფერადი ჰალსტუხები შეაბეს სკანდირების ფონზე. თავად ლაშა ჩხარტიშვილმა კი ამ ფორმის აქციის იდეა ასე ახსნა: ”ეს ერთ-ერთი სამარცხვინო სიმბოლოა სააკაშვილის რეჟიმისა, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. სხვა სიმბოლოებიც არსებობს და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩვენი სატირული მიდგომებით უნდა გავტეხოთ ის მთავარი იარაღი, რომელსაც სააკაშვილი იყენებს საზოგადოების წინააღმდეგ და ეს არის შიში.”

ზვიადი აქციის მონაწილეა. მან ღამე ავლაბრის რეზიდენციასთან ერთ-ერთ კარავში გაატარა. ამბობს, რომ იქ მანამ დარჩება, სანამ პრეზიდენტი არ გადადგება და ამ მოთხოვნის მიზეზებს გვეუბნება: ”ხალხი გაამწარა, ქვეყანაში დემოკრატია არ არის, სასამართლო მიიკერძოვა და ხალხს ამდენი უბედურება მოუტანა.”

აქციის შემაჯამებელი მიტინგი ოპოზიციამ რუსთაველზე საღამოს 8 საათზე დათქვა. მანამდე კი მიტინგი ტელევიზიასთან, გადაკეტილ კოსტავას ქუჩაზე, გრძელდებოდა. მოთხოვნა იქაც ერთადერთი და უცვლელი იყო.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG