Accessibility links

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 14 აპრილი 2009


რუსეთის პრესა ბევრს წერს ამ დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. იბეჭდება ვრცელი და დაწვრილებითი რეპორტაჟები საპროტესტო აქციებიდან. მხოლოდ დღევანდელ ”იზვესტიაში” რამდენიმე პუბლიკაციაა ამ თემაზე. სათაურები ამგვარია: ”ქართული ოპოზიცია თავის მომხრეებს მიტინგზე იწვევს”, ”ოპოზიციას მთელ თბილისში გალიების დადგმა უნდა”, ”ქართულმა ოპოზიციამ გადაწყვიტა სააკაშვილი გამძლეობით დაამარცხოს” და ასე შემდეგ.

”კარგია, რომ ჩვენთან არა” - ასეთია ”იზვესტიის” კიდევ ერთი პუბლიკაციის სათაური. მისი ავტორი პოლიტიკისა და სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ვიტალი ივანოვი გახლავთ. პუბლიკაცია კი ასე იწყება: ,,არის ძველი ანეკდოტი ექიმის შესახებ, რომელიც პაციენტის გასინჯვისას გაუთავებლად იმეორებდა: კარგია, ძალიან კარგია... და ასე შემდეგ... გაოგნებული პაციენტის კითხვაზე, კარგი რა არის, ყველაფერი მტკივაო, ექიმმა უპასუხა: კარგი ის არის, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირს...” - წერს ავტორი და დასძენს:

”რა თქმა უნდა, ცოდოა მოლდავეთი და საქართველო, მაგრამ ხომ არ შეიძლება არ გაიხარო, რომ ჩვენთან არაფერი მსგავსი არ ხდება. ”

კიდევ ერთი ამონარიდი ”იზვესტიის” ამ პუბლიკაციიდან: ,,საქართველოში ყველაფერი ძალიან ცუდად არის. მესამე პრეზიდენტს, როგორც ჩანს, დაამხობენ (ახლა თუ არა, ცოტა ხნის შემდეგ), ისევე როგორც ორი მისი წინამორბედი დაამხეს. და ეს მაშინ, როცა არანაირი არჩევნები ახლა არ ყოფილა და არც იგეგმება. ხუთდღიან ომში დამარცხება სააკაშვილის ერთადერთი ჩავარდნა არ არის. იყო რა თავად ვარდების რევოლუციის ორგანიზატორი, ”ბატონო მიშამ” ვერ შეძლო წერტილი დაესვა ბუნტარული აგზნებისათვის, მან ვერ გამობერტყა ქართული ”პილიტიკუმიდან” სუფრულ-ქედმაღლური სული. ახლა ყველაფრისთვის ერთად დაისჯება”, - წერს ”იზვესტია”.

თბილისიდან რეპორტაჟებს რუსული გაზეთები 9 აპრილიდან მოყოლებული აქვეყნებენ.

ციტატა ”კომსომოლსკაია პრავდის” ერთი პუბლიკაციიდან:
,,ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, აპირებდა ბზობის კვირას დაემუხრუჭებინა თავისი უვადო საპროტესტო აქცია... მაგრამ წინა ღამით მოხდა დემონსტრანტების შეტაკება პოლიციელებთან, რომლებიც, როგორც მომიტინგეები ამტკიცებენ, დასუფთავების სამსახურის ფორმაში იყვნენ ჩაცმული... და აღშფოთებულმა ოპოზიციონერებმა ხალხი კვლავ ქუჩაში გამოიყვანეს.”

”კომერსანტი” აღწერს, რა დაზიანდა პარასკევ ღამით. ”როსიისკაია გაზეტა” კი წერდა: ,,უკეთეს საჩუქარს ოპონენტებისათვის, თუკი ეს მართლა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გააკეთეს, ვერც წარმოიდგენდა კაცი. ახლა ოპოზიციის ლიდერებს საფუძველი აქვთ საპროტესტო ელექტორატის ,,მეორე სუნთქვის” იმედი იქონიონ.”

”კომსომილსკაია პრავდა” თბილისიდან რეპორტაჟებს სტატისტიკას ურთავს. გაზეთი წერს, რომ რუსეთის ფედერალურმა სამიგრაციო სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ თხოვნით რუსეთს, შეიკედლონ ისინი. გაზეთი წერს, რომ, სამსახურის ცნობით, მთხოვნელთა შორის ლომის წილი, ანუ 59 პროცენტი, წლევანდელი წლის პირველ კვარტალში საქართველოდან იყო. მეორე ადგილზე, გაზეთის ცნობით, ავღანეთია.

ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს სქართველოდან ”ნოვაია გაზეტაც”. მომავალი პუბლიკაციების ერთ-ერთი ანონსი კი ”ნოვაია გაზეტაში” ამგვარია: ..ბენდუქიძის შავი ხუმრობა: ,,თუ აქ ხელისუფლების შეცვლა მოხდება და ქუჩებში ხალხის დახვრეტას დაიწყებენ, მე, რა თქმა უნდა, საქართველოში დავრჩები.”
XS
SM
MD
LG