Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეცნიერო-პოპულარული პროგრამა


თავის ტვინი წამის მეათედით ადრე "გრძნობს" შეცდომას
თავის ტვინი წამის მეათედით ადრე "გრძნობს" შეცდომას
ტვინი შეცდომას მანამდე აფიქსირებს, სანამ ის მოხდებოდეს

ადამიანი ზოგჯერ ნანობს, რომ რაღაც თქვა ან რაღაც გააკეთა. მაგრამ მაშინაც კი, როცა შეცდომას თავიდან ვერ ვიცილებთ, ტვინმა მეათედი წამით ადრე უკვე იცის, რომ ის მოხდება. გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის ვარაუდით, ეს იმიტომ ხდება, რომ თავის ტვინს წინასწარვე შეუძლია განსაზღვროს, რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ მოქმედებას. ხშირად ადამიანი ცდილობს, შეცდომა თავიდან აიცილოს, წერენ მეცნიერები ჟურნალ “PLoS ONE”-ში.

თავიანთ დასკვნებამდე მეცნიერები პროფესიონალ პიანისტებზე დაკვირვებით მივიდნენ. “პიანისტმა უნდა იცოდეს, რომელია შემდეგი ნოტი, შესაბამისი მოძრაობები უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს. ამის პარალელურად განუწყვეტლივ ხდება ბგერის სისწორის შემოწმება,” ამბობს მაქს პლანკის კოგნიტიური და ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი, კლემენს მაინდორფი ლაიფციგიდან. საერთოდ ცნობილია, რომ არცერთი საქმიანობა არ უწყობს ხელს ტვინის განვითარებას ისე, როგორც ამას ინსტრუმენტზე დაკვრა ახდენს.

ცდის მანძილზე პროფესიონალ პიანისტებს ორივე ხელით ზეპირად უნდა დაეკრათ სხვადასხვა გამა, რომლებიც მანამდე მოისმინეს. დაკვრისას მათი თავის ტვინის მუშაობა კონტროლდებოდა ელექტროენცეფალოგრაფიის მეშვეობით. ამ ტექნიკით შესაძლებელია ელექტროდების მეშვეობით გაიზომოს თავის ტვინში ელექტული პოტენციალების ცვალებადობა. “ამ მეთოდით შეიძლება სხვადასხვა გავლენაზე რეაქცია მილიწამების სიზუსტით აღირიცხოს. ასე რომ, ძალზე ზუსტად შევძელით იმის დადგენა, თუ როგორ რეაგირებს ტვინი შეცდომაზე და, რაც მთავარია, როდის რეაგირებს,” ამბობს კლემენს მაინდორფი.

თუ პიანისტს შეცდომა მოსდიოდა, ენცეფალოგრამაში ქანქარა მაღლა აიწევდა და, რაც ძალზე საინტერესოა, ეს ხდებოდა მეათედი წამით ადრე, ვიდრე პიანისტი არასწორ კლავიშს დააჭერდა თითს და ვიდრე არასწორ ბგერას გაიგებდა. ფაქტობრივად, ტვინი მეათედი წამით ადრე ცნობდა შეცდომას. ამასთან, ყალბ ნოტებს მუსიკოსები უფრო ხმადაბლა და უფრო ნელა უკრავდნენ. მეორე ხელის პარტიაშიც, რომელიც იმ დროს სწორ ნოტს უკრავდა, აღირიცხებოდა ეს გახანგრძლივება. მეცნიერთა აზრით, ეს იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ პიანისტები ცდილობდნენ, შეცდომა უკანასკნელ მომენტში აეცილებინათ თავიდან.


ახალი სტრატეგია: რეოვირუსებით კიბოს შტამური უჯრედების წინააღმდეგ

ეგრეთწოდებულ რეოვირუსებს შეუძლიათ კიბოს შტამური უჯრედების ინფიცირება და მათი განადგურება. შტამური უჯრედები პასუხისმგებელი არიან კიბოს უჯრედების კვლავ ზრდისთვის ჩვეულებრივი თერაპიის მეშვეობით მათი განადგურების შემდეგ.

ქიმიოთერაპიით ან დასხივებით კიბოს შტამური უჯრედების განადურება ბევრად უფრო უარესად ხერდება, ვიდრე კიბოს ე.წ. ჩვეულებრივი უჯრედებისა. რეოვირუსებისთვის კი განსხვავება არ არსებოს. ისინი ორივე ტიპის უჯრედებში აღწევენ და იწვევენ უჯრედის დაპროგრამებულ კვდომას, იტყობინებიან ამერიკელი მედიკოსები.

ვინაიდან გამოყენებული რეოვირუსები არავითარ დაავადებას არ იწვევენ და არაფერს ერჩიან ჯანსაღ უჯრედებს, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდისთვის, რომელსაც შედეგად კიბოს შტამური უჯრედების მთლიანად განადგურება მოჰყვება. ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ რეოვირუსები პარალელურად ახდენენ კიბოს წინააღდმდეგ იმუნიტეტის სტიმულირებას, იტყობინება ჟურნალი “Molecular Therapy”.

“კიბოს რამდენიმე შტამური უჯრედი საკმარისია კიბოს ახალი უჯრედების განუწყვეტლივ წარმოებისა და სიმსივნის ზრდისთვის. თუკი თერაპიის შემდეგ ორგანიზმში კიბოს შტამური უჯრედებია დარჩენილი, დაავადება კვლავ განმეორდება”, ამბობს პატრიკ ლი ჰალიფაქსის უნივერსიტეტიდან. ამდენადმ კიბოს მკურნალობა მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როცა ხერხდება ყველა შტამური უჯრედის განადგურება. ლიმ და მისმა კოლეგებმა ადამიანის ძუძუს კიბოს ქსოვილზე ცდებით აჩვენეს, რომ ონკოლითური რეოვირებით ინფიცირეული კიბოს ჩვეულებრივი და შტამური უჯრედები ერთნაირად ნადგურდება.

ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც თაგვებს ადამიანის ძუძუს კიბო ჩაუნერგეს, შემდეგი შედეგი აჩვენა: ვირუსებით თერაპია იმუნურ სისტემასაც აძლირებს, რაც კიბოს უჯრედების მიმართ თავდაცისუნარიანობას ზრდის. ვირუსებით და პაციენტის იმუნური სისტემით ამ ორმაგი იერიშის მეშვეობით შესაძლებელია უფრო ეფექტიანად მოხერხდეს ძუძუს კიბოს მკურნალობა. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური გამოცდა, რომელიც კანადური ფირმა Oncolytics Biotech-ის მიერ ტარდება.
XS
SM
MD
LG