Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომში კასეტური ბომბებით 16 ადამიანი დაიღუპა


კასეტური ბომბის კვალი გორის ცენტრში
კასეტური ბომბის კვალი გორის ცენტრში
ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია “ჰიუმენ რაიტს უოჩმა” განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის პერიოდში კასეტური ბომბებით დაღუპულთა რიცხვის კორექტირება მოახდინა.

ორგანიზაცია, რომელსაც ბინა ნიუ იორკში უდევს, ნოემბერში თავის ანგარიშში 25 დაღუპულს ახსენებდა. მაგრამ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოგვიანებით ჩატარებული გამოძიების შედეგად ეს რიცხვი 16-მდე შემცირდა.

“რუსეთმაც და საქართველომაც გამოიყენეს კასეტური ბომბები”, ვკითხულობთ 80-გვერდიან ახალ ანგარიშში. გარდა ამისა, ამ ბომბებით დაშავდა 54 სამოქალაქო პირი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად და სეპარტისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ კასეტური ჭურვების გამოყენების შედეგად 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 46 დაიჭრა. საქართველოს მიერ გამოყენებულ მსგავს იარაღს სულ ცოტა 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და 8 დაიჭრა.

მსხვერპლი აღირიცხებოდა როგორც კონფლქტის დროს, ასევე მის შემდეგაც, განაცხადა ანგარიშის ავტორმა ბონი დოჩერტიმ.

“აუფეთქებელი ჭურვების არსებობა ჯერაც უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს და აბრკოლებს მოსავლის აღებასა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს”, ამბობს დოჩერტი.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ გასული წლის ბოლომდე მოახერხებდნენ აუფეთქებელი ჭურვებისგან კონფლიქტის ზონის გაწმენდას. მაგრამ ახლა ისინი აცხადებენ, რომ ეს არაუგვიანეს აგვისტოსი მოხერხდება.

რუსეთმა უარყო აგვისტოს ომში კასეტური ბომბების გამოყენება, საქართველომ კი ორგანიზაციას განუცხადა, რომ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენა ისინი.

“ჰიუმენ რაიტს უოჩის” თანახმად, გამოძიება ნათელყოფს, რომ რუსეთმა ეს იარაღი ცხრა ქალაქში ან მათ მიმდებარე რაიონებში გამოიყენა. საქართველომ კი კასეტური ბომბები სხვა რაიონებში, ამავე რაოდენობის დასახლებული პუნქტების სიახლოვეს იხმარა.

“ჰიუმენ რაიტს უოჩი” ეწევა კასეტური ბომების აკრძალვისკენ მიმართულ კამპანიას. ეს იარაღი სახიფათოა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

კასეტურ ბომბებს ისვრიან რაკეტების ან არტილერიის მეშვეობით, ანდა მათ თვითმფრინავებიდან ყრიან. თითო ბომბი შეიცავს ასობით პატარა ბომბს, რომლებიც ფართო არეალზე იფანტება. ზოგი მაშინვე ფეთქდება, მაგრამ ზოგი მხოლოდ მოგვიანებით, როცა ვინმე შეეხება მათ.
XS
SM
MD
LG