Accessibility links

რუსეთიდან ქართველთა დეპორტაციის საქმე ევროსასამართლოში


სტრასბურგი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

სტრასბურგი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

16 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის ზეპირი მოსმენა განიხილება. ეს არის ეგრეთ წოდებული დასაშვებობის სტადიის პროცედურა, როდესაც სასამართლომ სარჩელის არსებით განხილვაში მიღების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს პროცესზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი დაიცავს.

სახელმწიფოთშორისი განაცხადი- „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“- ევროსასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შევიდა. სარჩელით საქართველო 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის აღიარებასა და დეპორტაციის პროცესში მათთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თანახმად, რუსეთმა 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებისა და ეროვნებით ქართველების დეპორტაციის პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 10 მუხლი დაარღვია. თუმცა ამ დარღვევების აღიარებისა და დეპორტაციის პროცესში ქართველების მიმართ მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა აქტუალური გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. „ეს 16 აპრილს არ მოხდება. ეს სასამართლოს დისკრეციაა და იგი იმდენ დროს გამოიყენებს, რამდენიც გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდება“, - გვითხრა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა 16 აპრილის სხდომაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.მისი შეფასებით, სახელმწიფოთშორის განაცხადების განსახილველად სასამართლოს, ზოგადად, მეტი დრო სჭირდება. მით უფრო, როცა საქმე რთულია. ეს საქმე კი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება.

სარჩელი, მთლიანობაში, 150 დეპორტირებულის საქმეს ასახავს. მათ შორისაა დეპორტაციის პროცესში გარდაცვალების 3 შემთხვევაც. სარჩელი სამოცდაათგვერდიანია და იგი იუსტიციის სამინისტრომ ბრიტანელი კონსულტანტების დახმარებით მოამზადა. ცალკეული, ყველაზე მძიმე შემთხვევების აღწერილობის გარდა, განაცხადი მოიცავს ასევე იმ აქტების შეფასებას, რომელთაც საქართველოს მხარე ქსენოფობიის კვალიფიკაციას აძლევს. წერილობითი მტკიცებულებების გარდა, საქმეს დართული აქვს ასევე დეპორტირებულთა ინტერვიუებისა და ახსნა-განმარტებების მომცავი ვიდეომასალა.

რუსეთის მხარის პოზიცია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ ქართველების დეპორტაციაზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ქალაქებში, განსაკუთრებით კი, მოსკოვში მკაცრად ამოქმედდა მიგრაციის კონტროლის პროცედურა, რომელსაც ერთი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფი არ ჰყოლია სამიზნედ.
XS
SM
MD
LG