Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციას კიდევ ერთი კერა შეემატა


თბილისში გრძელდება საპროტესტო აქციები
თბილისში გრძელდება საპროტესტო აქციები
ქუჩის საპროტესტო აქციას 15 აპრილს კიდევ ერთი ეპიცენტრი შეემატა. ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით, დაიწყო სახელმწიფო კანცელარიის პერმანენტული პიკეტირება. ამ მიმართულებით მომიტინგეები 17 საათისთვის დაიძრნენ. პარალელურად, მიტინგები კვლავაც იმართება პარლამენტის შენობის წინ, საზოგადოებრივ ტელევიზიასთან და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან. ჯერჯერობით უცნობია მომდევნო დღეების კონკრეტული გეგმები, თუმცა, ცნობილია, რომ, აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, აქციები არ შეწყდება.

"მეტი დისკომფორტი და მეტი პრობლემა ხელისუფლებას" - დაახლოებით ასე ჟღერს მიზანი, რომლის გამოც ოპოზიციის ლიდერებმა სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირება გადაწყვიტეს. ამის შესახებ მომიტინგეებს ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა აცნობა: "ხელისუფლებას, რომელიც იქცევა, როგორც კრიმინალური ჯგუფი, უნდა ვუპასუხოთ ასე. მათ უნდა შევუქმნათ მეტი დისკომფორტი, ვიდრე ხალხს. ამიტომ, დღეს დაიწყება სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირება... 5 საათზე დავიძრებით და ავალთ სახელმწიფო კანცელარიასთან."

მიტინგი სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან
მომიტინგეთა ნაწილმა სახელმწიფო კანცელარიისკენ გადაადგილება მართლაც 17 საათისთვის დაიწყო და, ლევან გაჩეჩილაძის, ზვიად ძიძიგურის, გოგა ხაინდრავას, ეკა ბესელიასა და სხვა ლიდერების ხელმძღვანელობით კანცელარიის გისოსების მიღმა შეგროვდა. გაიმართა მიტინგი, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გასაგონად, ხაზს უსვამდნენ უკან დახევის შანსის არარსებობას. ისინი ამბობდნენ, რომ მიტინგების მიზანს ვინმეს დაჭერა ან გასამართლება არ წარმოადგენს, მაგრამ ხელისუფალი და ყველა ის პირი, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, აუცილებლად დაისჯებიან.

ვიდრე მომიტინგეთა ნაწილი სახელმწიფო კანცელარიისკენ გაემართებოდა, რუსთაველის გამზირზე მიტინგზე გამოსულმა ლიდერებმა აღშფოთება გამოხატეს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია. კობა დავითაშვილმა ამ ფაქტებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული "ტერორისტული აქტები" უწოდა, ხოლო ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა თქვა, რომ ამ ყველაფერს არასაუწყებო დაცვის რამდენიმე კომპანია აკეთებს, თუმცა ინფორმაცია გადამოწმების პროცესშია და ოპოზიცია ჯერჯერობით ერიდება მის გახმაურებას.
ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი პარლამენტის წინ შეკრებილთა წინაშე გამოდის

მომიტინგეთა ცემის ფაქტებში მხილებული პირები აუცილებლად რომ დაისჯებიან, ამის შესახებ მიტინგზე გამომსვლელი სხვა ლიდერებიც ემოციურად ლაპარაკობდნენ.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, აქციებს მომავალი კვირიდან ახალი მუხტი შეემატება. როგორც ძიძიგური ამბობს, აქციები არც აღდგომის დღესასწაულის დღეებში შეწყდება, თუმცა პიკს ეს აქციები აღდგომის შემდეგ მიაღწევს.

სამომავლო გეგმების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გავრცელდება რუსთაველის გამზირზე 16 აპრილს, 15 საათისთვის დაგეგმილ მიტინგზე. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ მომავალი კვირის ორშაბათამდე, რელიგიური დღეების გამო, მიტინგებზე ოპოზიციის ლიდერები მოერიდებიან მწვავე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG