Accessibility links

logo-print
საქართველოში 6 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილია ნატოს სამხედრო წვრთნა, რომელიც გაიმართება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. მასში მონაწილეობას მიიღებს 1 300 სამხედრო ნატოს 19 წევრი და პარტნიორი სახელმწიფოდან. ესენია ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, სერბია, ესპანეთი, მაკედონია, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

რუსეთი ნატოს მოუწოდებს, გადადოს ან გააუქმოს საქართველოში დაგეგმილი წვრთნა. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს წვრთნა რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს:

”ვიმედოვნებ, რომ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობას გეგმავენ პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში - და ამ პროგრამაში თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა მონაწილეობს - ისინი დასკვნებს გამოიტანენ, და თავს აარიდებენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას კვლავ განუკითხაობის, და დაუსჯელობის განცდისკენ უბიძგებს,” თქვა სერგეი ლავროვმა ერევანში ვიზიტისას.

ნატოს წარმომადგენელმა რობერტ პშჩელმა ბრიუსელში “რეიტერის” კორესპონდენტს განუმარტა, თუ რა ხასიათისაა საქართველოში დაგეგმილი წვრთნა. მან თქვა, რომ მასში მძიმე არტილერია, ტანკები და მსგავსი შეიარაღება, არ მონაწილეობს. პშჩელის თანახმად, წვრთნაში ჩაბმული იქნება გარკვეული სამხედრო ტექნიკა, მაგალითად, ევაკუაციის, ასევე კონტრტერორისტული ოპერაციებისთვის მოსამაზებელი ვარჯიშისთვის. ნატოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ვაზიანის ბაზაზე შეკრებილი სამხედრობი გაითამაშებენ ასევე მასობრივი განადგურების იარაღით თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ნატოს თანამშრომლობა უარყოფითი ”სიგნალი” იქნება:

”ცხადია, საქართველოს რეჟიმის საქმეებში ნატოს თანამონაწილეობის დემონსტრირება ალბათ არ გაუგზავნის სწორ სიგნალს მათ, ვისაც გულწრფელად სურს კავკასიაში სტაბილურობის დამყარებაო.” ლავროვის ამ განცხადებებამდე ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა, დმიტრი როგოზინმა, დაგეგმილ წვრთნას ”პროვოკაცია” უწოდა.

აი, რას ამბობს ნატოს წარმომადგენელი რობერტ პშჩელი ალიანსის წვთნის საქართველოში მოწყობის თაობაზე:

“წვრთნის მოწყობა, დაგეგმილი იყო, როგორც გითხარით, საქართველოში, და ეს, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. საქართველოს, როგორც პროგრამის, “პარტნიორობა მშვიდობისათვის” მონაწილეს, აქვს უფლებები და მოვალეობები. ეს იყო ამ ქვეყნის დიდი ხნის წინანდელი შემოთავაზება, რომელიც მივიღეთ და ამიტომაა, რომ ეს ქვეყნები, რომლებმაც გადაწყვიტეს მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ, სიხარულით ჩაერთვებიან მასში. რა თქმა უნდა, მომავალში ასეთ წვრთნას, ამ ტიპის წვრთნას, კვლავ ჩავატარებთ, სხვა ქვეყნებშიც, შეიძლება რუსეთშიც”.

ნატოს წარმომადგენელმა, პშჩელმა იქვე თქვა, რომ რუსეთს, თუმცა წვრთნა 6 მაისს იწყება, ახლაც კი აქვს მასში ჩართვის შესაძლებლობა, და ეს ყველა პარტნიორ ქვეყანას კიდევ ერთხელ განვუცხადეო, დასძინა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ერევანში გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს შეიარაღება ”სახიფათოა”:

”საქართველოს იარაღით მომარაგება სახიფათო საქმეა. ჩვენ ვიცით, როგორ მოექცა სააკაშვილის რეჟიმი იმ თავდასხმის იარაღს, რომელიც [საქართველოს] ბოლო წლებში ლეგალური და არალეგალური გზებით მიაწოდეს, ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად.”
თავად რუსეთისა და ნატოს საბჭოს სრულფორმატიანი სხდომები, რომელიც აგვისტოს ომის გამო შეწყდა, 29 აპრილიდან ანუ ამ წვრთნის დაწყებამდე, განახლდება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ დღეს ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა, დმიტრი როგოზინმა, აცნობა. მისი განცხადებით, სხდომის ოფიციალური თარიღი ალიანსის საერთაშორისო სამდივნოსთან შეთანხმდა.

ბრიუსელში ნატოს წარმომადგენელს, რობერტს პშჩელს ჰკითხეს საქართველოში დაგეგმილი წვთნის გადადების შესაძლებლობაზეც, რისკენაც რუსეთი მოუწოდებს ალიანსს. შეკითხვაზე მან უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს.
XS
SM
MD
LG