Accessibility links

logo-print

ოპოზიცია პროტესტის ახალი ტალღის დაწყებას აპირებს

  • ნიკო ნერგაძე

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გამოაცხადეს, რომ 21 აპრილიდან აქციები ახალი ძალით განახლდება. მანამდე კი ისინი რეგიონებში გამგზავრებას და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხალხის მობილიზაციას გეგმავენ.

16 აპრილის აქცია ლევან გაჩეჩილაძემ გახსნა, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ ოთხ საათზე, როდესაც ოპოზიციას პირველ არხზე პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა აქვს, მიტინგის ორგანიზატორები მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებდნენ.

დაპირებულმა განცხადებამ დაიგვიანა. პირველმა არხმა ოთხ საათზე პირდაპირ ეთერში ჩართვა ვერ შეძლო, რამაც აქციის ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია. ხომ ხედავთ, როგორ ასრულებენ ესენი პირობას, ამიტომაც არა აქვს აზრი დიალოგსო, - უთხრა იქ შეკრებილ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა. გოგა ხაინდრავა კი ჩართვის მოლოდინში დაიმუქრა, თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მივა მთასთანო, და პირველი არხის ჟურნალისტს აუხსნა, თუ რას გულისხმობდა: 3-5 წუთში თუ არ ჩაგვრთავენ, ტელევიზიისკენ დავიძვრებითო.

თუმცა ეს საჭირო არ გახდა. მართალია, 20 წუთის დაგვიანებით, მაგრამ პირდაპირი ჩართვა მაინც შედგა. პარლამენტის წინ შეკრებილებს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მელაშვილმა, მიმართა. მან თქვა, რომ ოპოზიცია სამშაბათიდან, 21 აპრილიდან, აქციების ახალი ძალით განახლებას გეგმავს, ამისათვის კი თბილისში სამოქალაქო კომიტეტების შექმნას აპირებს - კომიტეტების შტაბები აქციის ორგანიზატორი პარტიების შტაბებში განთავსდება.

მანვე დაამატა, რომ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი საქართველოს დიდ ქალაქებში ჩავა და იქიდან დედაქალაქში ჩამოიყვანს ხალხს.

ის მისამართები, სადაც მოქალაქეებს კომიტეტებში ჩაწერა შეეძლებათ, მომიტინგეებს ლევან გაჩეჩილაძემ გააცნო. მანვე თქვა, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მისამართების გაგება მოქალაქეებს სატელევიზიო რეკლამის მეშვეობითაც შეეძლებათ. მომავალი კვირა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 9 აპრილი, - თქვა ლევან გაჩეჩიულაძემ და შეკრებილებს მიმართა: სამშაბათიდან ახალ რადიკალურ სიურპრიზებს გპირდებითო.
XS
SM
MD
LG