Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ”რულეტკა” ევროკავშირის სამეზობლოში


რუსული "რულეტკა" ექვსი ტყვიით
რუსული "რულეტკა" ექვსი ტყვიით

ჩვენი რადიოს მიმომხილველი აჰტო ლობიაკასი აანალიზებს რუსეთის დესტრუქციულ გავლენას ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობაზე.

რუსეთს, ჰიპოთეტურად თუ ვიტყვით, აქვს ექვსი ტყვია, რომლითაც აუძლურებს ან ანადგურებს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობას, მწყობრიდან გამოჰყავს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ისედაც მტკივნეული პროცესი.

იმ დროს, როდესაც ევროკავშირი იბრძვის, რათა პრაღაში 7 მაისს არაოფიციალურ სამიტზე შეკრიბოს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები ბრიუსელში შიშით წინასწარმეტყველებენ წარუმატებელ შედეგებს.

ჩვეულებრივ, მიჩნეულია, რომ ევროკავშირის პროექტის ბედი ამ ექვსი პრივილეგირებული მეზობლის ძველი კოლონიური ბატონის, მოსკოვის, ხელშია.

ბოლო თვეებში ევროკავშირი შიშობდა, რომ წარუმატებლობისთვის ძირითადად, ბელორუსიასთან თანამშრომლობა იყო განწირული. თუმცა ბოლო კვირებში მოლდავეთში ძალადობის ამოფრქვევამ

ევროკავშირის სტრატეგია მაცთურად მარტივ დაშვებას ეფუძნება: პარტნიორი დიალოგში უნდა გამოიწვიო და დაარწმუნო.

განამტკიცა აზრი, რომ ყოველი ქვეყანა პოტენციურად სუსტი წერტილს წარმოადგენს. ბელორუსი ”რკინი კაცის” ალექსანდრ ლუკაშენკას ექსცენტრიული ქმედებები აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია, წყლის ზედაპირის ქვეშ კი მასიური სტრუქტურული პრობლემები იმალება.

ევროკავშირის სტრატეგია, რომელიც თავისი ფასეულობების განვითარებას ”პასიური აგრესიის” საშუალებებით ითვალისწინებს, მაცთურად მარტივ დაშვებას ეფუძნება: პარტნიორი დიალოგში უნდა გამოიწვიო და დაარწმუნო.

მოვლენები მოლდავეთში, რომელსაც შემდეგ პროტესტების რაუნდი მოჰყვა საქართველოში, იმის მაჩვენებელია, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური პარტნიორი ხელისუფლებების ლეგიტიმურობა ძალზე საკამათოდ რჩება.

ფართომასშტაბიანი სამოქალაქო მღელვარების შედეგად, მთავრობა, შესაძლებელია, არაკონსტიტუციური საშუალებებით დაემხოს ან, მოლდავეთის მსგავსად, იძულებული გახდეს დემონსტრანტთა წინააღმდეგ ევროკავშირისთვის მიუღებელი მეთოდები გამოიყენოს.

ევროკავშირი იმთავითვე უძლურია არასტაბილურობას გაუმკლავდეს. სტაბილური პარტნიორის გარეშე კი ევროკავშირის ”უხილავ ხელს”, რომელიც მცირედი სტიმულირებით ცდილობს მზარდი ცვლილების მიღწევას, ბერკეტი გამოცლილი აქვს.

როგორც ცნობილია, მოსკოვი დიდი ხნის განმავლობაში გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა ევროკავშირის გაფართოებას ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორთა არასტაბილურობა ძლიერი იარაღია მოსკოვის ხელში, რათა წინ აღუდგეს ევროპის გავლენას.

რუსეთს ნამდვილად აქვს საამისო მოტივი. ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კატეგორიულად გაილაშქრა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამის, როგორც ”გავლენის სფეროს” დაპატრონებისკენ მიმართული მზაკვრული ჩანაფიქრის, წინააღმდეგ.

რუსეთს თავისი უკმაყოფილება საქმითაც გამოუხატავს. ამაზე ნათლად მეტყველებს 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს წინააღმდეგ და ამ წლის დასაწყისში უკრაინაზე განახლებული ზეწოლა გაზის სფეროში.

მოსკოვისგან მიღებული სუბსიდიები, როგორც წერენ, პოლიტიკური ყულფია უიმედო ბელორუსიის, უკრაინისა და სომხეთის მთავრობებისათვის. აზერბაიჯანის გულის მოგება კი მთელ მის გაზის პროდუქციაზე ხელგაშილილი საფასურის შეთავაზებით მოხერხდა.

მაგრამ მოვლენები მოლდავეთში ცხადყოფს, რომ პასუხი, შესაძლოა, უფრო მარტივიც იყოს. არასტაბილურობის პროვოცირება სულ ადვილად შეიძლება, თუკი წარმოსახვის ელემენტს აამოქმედებ.

მოსკოვმა ვერ შეძლო შეეცვალა რეჟიმები საქართველოსა და უკრაინაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ის თავს იკატუნებს, თითქოს ეს არც კი უცდია, რათა ამით ამ ქვეყნების დასავლეთისკენ სწრაფვის სტიმულირება არ მოეხდინა. სამაგიეროდ, ამ ქვეყნების ლიდერები კუნთების დემონსტრირებას იწყებენ და საკუთარ თავზე ბევრს იღებენ, რაც ფრთებს აკვეცს ამ ქვეყნების მიერ დემოკრატიის მშენებლობაში მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში ოპოზიციის მისამართით განაცხადა, რომ მას რუსი ოლიგარქები აფინანსებენ.

უკრაინაში პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დაადანაშაულა და მის მიერ გაზის საკითხში დაპირისპირების მოსაგვარებლად იანვარში რუსეთთან დადებულ შეთანხმებას სახელმწიფოებრივი ღალატი უწოდა.

მოლდავეთში კი ძველმოდური კომუნისტური პარტიის ლიდერი ვლადიმირ ვორონინი კიდევ უფრო შორს წავიდა: დემონსტრანტებს ჯერ უხეში ძალა და მასობრივი დაჭერები დაუპირისპირა, შემდეგ კი რუმინეთს, თავის ბუნებრივ მეზობელსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ამასწინანდელი მღელვარების ხელშეწყობაში დასდო ბრალი.

უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის ან საქართველოს რომელიმე ლიდერის არყოფნა პრაღის 7 მაისის სამიტზე სერიოზულად დააზარალებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას (აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობები ევროკავშირისგან ძალზე დისტანცირებულნი არიან). ერთზე მეტი ლიდერის ჩაუსვლელობა კი ფატალური გახდება ამ პროექტისათვის.

არადა, თუკი ევროკაშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩაიშლება, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს ევროკავშირის გლობალური რეპუტაცია, ვინაიდან (აღმოსავლეთ პარტნიორობა) ეს არის ის ”რბილი ძალის” კომპონენტი, რითაც ბლოკი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიც ავღანეთი, ირანი და ახლო აღმოსავლეთია. ”რბილი ძალის” პროექტის უნარიანობა კი უკვე მიღწეულ წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

ევროკავშირი, რომელიც ვერ შეძლებს ზემოქმედება მოახდინოს თავის მოსაზღვრე სახელმწიფოებზე, ვერც გლობალური მასშტაბით მართვას განახორციელებს. მოლდავეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბრიუსელში 7 აპრილს ევროკავშირის ელჩების დონეზე გამართული შეხვედრა აშკარა ინდიკატორი იყო იმისა, თუ რარიგ მოკლებულია ბლოკი შესაფერისი საგარეო პოლიტიკის განხორციელების უნარს.

ელჩები არ აღმოჩნდნენ საკმარისად ინფორმირებულნი, თუ რა ხდებოდა მოლდავეთში, დებატების დიდი ნაწილი კი ღრმად აბსტრაქტული იყო და ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, გაეგზავნათ თუ არა კიშინიოვისათვის აღებული ვალდებულებების თაობაზე ძლიერი ”სიგნალი”.

იმ იდეებისა და ინფორმაციის თანახმად, რომელიც დეფიციტურია ბრიუსელში, გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალური ქვეყნები თაოსნობენ. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ორმხრივ კონტაქტებს ბრიუსელის გვერდის ავლით ავითარებენ პარიზი, ბერლინი და პროცესში მონაწილე სხვა დედაქალაქები. ეს არის ტენდენცია, რაც ნაკლებად დამაიმედებელია, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის - რესპუბლიკაში არსებული სამთავრობო კრიზისის გათვალისწინებით.

ამის შედეგად, გამოთქმა ”ევროკავშირს სურს”, ძალიანაც შესაძლოა, რომ ცარიელ ფორმულად დარჩეს თვალსაწიერ მომავალში. ევროკავშირს შესაძლოა ჰქონდეს კიდეც ობიექტური ინტერესები, მაგრამ კურსი, რომელიც მან აიღო ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით, მის წევრ სახელმწიფოთა შორის ძალთა პროპორციულ ბალანსს გულისხმობს.

ამ მიზეზის გამო, ევროკავშირის აღმოსავლეთის პოლიტიკა უძრავ სამიზნედ იქცა და ერთადერთი, რაც მოსკოვმა უნდა მოიმოქმედოს, ჩახმახზე ფეხის გამოკვრაა.

XS
SM
MD
LG