Accessibility links

“ნაშის" აქტივისტებმა უშედეგოდ სცადეს თბილისისკენ გამგზავრება


მოძრაობა "ნაშის" წევრები მოსკოვში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს

მოძრაობა "ნაშის" წევრები მოსკოვში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს

მეორე დღეა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ნაშის“, წევრები იმყოფებიან. მოძრაობის აქტივისტების განცხადებით, ისინი მოსკოვი-ცხინვალი-თბილისის ავტორალის მონაწილეები არიან და მხარს საქართველო-რუსეთის დიალოგს უჭერენ. „ნაშის“ წევრებმა ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მიტინგი გამართეს, ლოზუნგებით: „არა გენოციდს!“ „სააკაშვილი სამხედრო დამნაშავე!“ ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას, მოძრაობის აქტივისტები ირწმუნებოდნენ, რომ ავტორალის იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც თბილისში, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყო. ორგანიზაციის წევრებმა, ცხინვალელ ახალგაზრდებთან ერთად, ე.წ. „მშვიდობის საფარი“ შეკერეს და თბილისში მისი ჩატანა გადაწყვიტეს. თუმცა ეს იდეა რომ განუხორციელებელია, მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრ ხოდოროვსკიმ, ცხინვალშივე განაცხადა და ავტორალის მარშრუტის შეცვლა გადაწყვიტა. კერძოდ, „ნაშის“ წევრები „მშვიდობის საფარს“ ადმინისტრაციულ საზღვართან მიიტანენ და თბილისში გამოგზავნას შეეცდებიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს საქართველოს ვიზები არ მიუღიათ და, შესაბამისად, თბილისში მათ ვერავინ შეუშვებს. ამასთან, როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა მითხრა, „ნაშის“ აქტივისტებმა წუხელ უკვე სცადეს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლა, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფლებში პოლიციის საგუშაგოებზე კონტროლი ამჟამად გამკაცრებულია.
XS
SM
MD
LG