Accessibility links

logo-print
5 აპრილი, კვირა
დღეს ჩემთვის ყველაზე ღირსშესანიშნავია ის, რომ ვაპირებ კუს ტბაზე წასვლას. ადრე იქ ხშირად დავდიოდი, ორ კვირაში ერთხელ მაინც ავდიოდი უძოზე. ერთი 30 წელიწადია, იქით არ ვყოფილვარ. ნოსტალგია მაქვს იმ დროისაც, - ჩემი პირადი ბიოგრაფიის იმ დროისაც - და იმ განწყობილებისაც, რომლითაც მაშინ დავდიოდი. ახლა მიმძიმს...
დავდიოდი ხოლმე ხან მარტო, ხან ჯგუფთან ერთად, უფრო ხშირად მარტო. მივდიოდი აუჩქარებლად და არ ვცდილობდი რაიმე შთაბეჭდილების მიღებას. იმიტომ რომ ეს მარშრუტი არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს და არ მინდოდა, ყოველდღიურობას გამოვთიშოდი იქ სიარულის დროს. ახლა, ნაცნობ ადგილებში რომ გავედი, უსიამოვნება ვიგრძენი, იმიტომ რომ ამ ადგილებს ისეთი იერი აქვს, რომელსაც მე ვერ ვცნობ. გარდა ამისა, არ ვიცი, რა მეკუთვნის ისევ მე, როგორც მოქალაქეს, ანუ საჯარო სარგებლობაშია, და რა არის "მიპრივატებული" ვიღაც მამაძაღლზე, რომელსაც შეუძლია, იქ არ გამატაროს.

დავდიოდი ხოლმე ნელა-ნელა, მსიამოვნებდა ის, რომ ვიყავი განმარტოვებული, და ვიყავი ჩემს თავთან... ახლა ეს ვერ ვიგრძენი. ერთადერთი რეალური შედეგი, რომელიც მივიღე, ის იყო, რომ გავაცდინე რამდენიმე საათი, მოვწყდი ჩემს სავალდებულო შრომას, რომლის გრაფიკიდან ჩამორჩენაც ძალიან მამძიმებს ხოლმე. ეს უნდა ავინაზღაურო ხვალ და ზეგ. ერთი რამ მაინც გამახსენდა ჩემთვის სასიამოვნო. ერთხელ, როცა იქ მივდიოდი, გზაზე მელამ გადამირბინა. ისმოდა ძაღლების ყეფა. გავაყოლე ამ მელას თვალი და სანამ თვალს მოვწყვეტდი, ძაღლებმა გამოირბინეს - ორი ძაღლი იყო. მელას მისდევდნენ. მაშინ მე, მართალია, ხანდახან დავდიოდი ხოლმე სანადიროდ, მაგრამ მაინც იმ მელიის მხარეზე დავდექი და არა ძაღლებისაზე. და ახლაც ვფიქრობ... ახლაც მიხარია, რომ ის მელა, ალბათ, გადაურჩებოდა ძაღლებს. იმიტომ რომ ნელა მირბოდა მარათონული ტემპით და ძაღლები კი მირბოდნენ, მაქსიმუმ საშუალო დისტანციის ტემპით. და მისი დაჭერის შანსი, მე მგონი, არ ჰქონდათ.
ამით გავაცნობიერე, თუ რამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ნადირობისადმი. არავითარი ხალისი არა მაქვს, რომ რამე სულდგმულს ვესროლო, არავითარი ხალისი... იმიტომ რომ აი, ამ უბედურ წლებში, იმდენი სისხლი და იმდენი საშინელება ვნახე, რომ ჩემთვის მიუღებელია, რომელიმე სულდგმულს ჩემი ხელით რამე ვაწყენინო.

6 აპრილი, ორშაბათი
ჩემთვის იღბლიანი დღე გამოდგა.
ადრე ავდექი, ფორმაშიც ვიყავი და საქმე რაც მქონდა, დღის 2 საათამდე მოვამთავრე. საქმე მძიმე მქონდა, მძიმე იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, უპერსპექტივო არ არის, მაგრამ ისეთი შედეგის ალბათობა, რომელსაც ჩემი თვალით ვნახავ, ძალიან მცირე აქვს. საქმე ეხება იმ შეთქმულებასთან ბრძოლას, რომელიც, მართალია, მსოფლიო შეთქმულება არ არის, მაგრამ საერთაშორისო მაინც ეთქმის. იმიტომ რომ მასში მრავალი სუბიექტი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქმე ეხება საქართველოს მაქსიმალური შევიწროვების მცდელობებს, რომელშიც მონაწილეობს არა მარტო რუსეთი, - ჩვენი უშუალო მტერი - არამედ მრავალი სხვაც... ამ შემთხვევაში ჩემი საქმე ეხებოდა პოლემიკას, იმ ძალიან ბოროტგანსაზღვრული და ძალიან ულოგიკო ცდის გარშემო, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ შეიქმნას ოსეთი. ანუ პერსპექტივაში საქართველოს მოწყდეს მისი ისტორიული ტერიტორიის და მისი დღევანდელი ეთნიკური ტერიტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი. ეს ცდა არ წყდება. პირველად ასეთ ცდას შევეჯახე 1994 წელს, როდესაც საქართველოში ეუთოს მისიამ წინ დაგვიდო რეკომენდაციები. რეკომენდაციები ერქვა, თორემ, ფაქტობრივად, იყო ინსტრუქცია საქართველოში ოსეთის შექმის და მისთვის მაქსიმალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
ულოგიკო იყო... შედგა პოლემიკა. რა თქმა უნდა, შინაარსობრივად მოვუგეთ, ნოლზე მოვუგეთ, გავანადგურეთ! ის რეკომენდაცია აღარ იქნა წარდგენილი, მაგრამ ტენდენცია გრძელდება და დღეს რომ ქალბატონ ტალიავინის კომისია მუშაობს, ცნობილია, ვინ ჰყავს მას მოწვეული იმ კომისიაში. ხელთ მაქვს იმ კომისიის ერთ-ერთი წევრის, გერმანელი იურისტის ტექსტი, რომელიც მის ტენდენციასა და მიმართულებას ავლენს. აი, ამის წინააღმდეგ რაც მე დავწერე, რაშიც მე ვმონაწილეობ, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ტექსტი უნდა იდოს. ეს უნდა იყოს გამზადებული იმ დროისათვის, როცა დაგვჭირდება. მაგრამ დღეს მინიმალური შანსია იმისათვის, რომ ეს გაჟღერდეს. შეიძლება მოთავსდეს სადღაც, რომელიმე საიტზე, რომელსაც კითხულობენ და იდოს...
მიუხედავად ამისა, არ ვკარგავ მოვალეობის განცდას, რომ ეს საქმე გავაგრძელო. 4-ზე შეხვედრა გვაქვს და ამ თემაზეც გვექნება ლაპარაკი, მაგრამ ყველა თემას, რასაკვირველია, ჩრდილავს მოსალოდნელი და დაგეგმილი 9 აპრილის აქცია. ჩვენ, პარტიების ჯგუფი, - ეროვნულ პარტიათა ალიანსი, ვისთანაც ახლა მე ვარ - ამას არ ვეკუთვნით, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ ეს აქცია ნაკლოვანებებით ჩატარდეს. ამიტომ მეც და ჩემი კოლეგებიც ყოველნაირად ვცდილობთ, რაღაც რჩევა მივაწოდოთ ორგანიზატორებს. მე პირადად, კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის იმის გამო, რომ რამდენიმე რჩევა მივაწოდე. ერთი, რომ აქცენტირებული იყოს მიმართვა პილიციელებისადმი, ძალოვნებისადმი, რომელთა მხრიდან მოსალოდნელია (ყოველ შემთხვევაში, შესაძლებელია) იმის ანალოგიური დარბევა, რაც მოხდა 7 ნოემბერს. მათ უნდა აეხსნათ, რომ თანამედროვე ნორმებით, დანაშაულებრივი ბრძანების შესრულება დანაშაულად ითვლება.
გარდა ამისა, აუცილებელია და ყველაზე უფრო სასწრაფოა (ასე ვუთხარი მე ამ კოლეგებს), რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გაემიჯნოს ამ დამნაშავე ხელისუფლებას. გაემიჯნოს მის კაპიტულაციებს, გაემიჯნოს მის დანაშაულებს და გაემიჯნოს მის ვალებს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობებმა არ ზიდონ ტვირთი არც ამ კაპიტულაციებისა, არც ამ დანაშაულებაზე პასუხისმგებლობისა და არც ამ ვალებისა.
შესრულდება თუ არა ეს, არ ვიცი. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ამის დამალვის უფლება არა მაქვს - არ ვიცი... თუ შესრულდება, რა თქმა უნდა, მიტინგის ხარისხი და აქციის ხარისხი უკეთესი იქნება, ვიდრე მისი არშესრულების შემთხვევაში.

7 აპრილი, სამშაბათი
დღის პირველი ნახევარი დაკავებული მაქვს საოჯახო საქმით, რომელსაც ვერ ვწყდები. მაგრამ კმაყოფილი ვარ ამ დღისა, იმიტომ რომ მქონდა შეხვედრა კიდევ ერთ ორგანიზატორთან, და ყველა ეს რეკომენდაცია გავუმეორე. არ ვიცი, შეასრულებენ თუ არა. შევთანხმდით, რომ უაღრესად სასურველია, თუ აუცილებელი არა, რომ მიტინგის პროცესში, როგორც ინფორმაცია გამოტანილი იყოს ის ფაქტი, რომ ორგანიზატორები, სააკაშვილის გადადგომის მომხრე პარტიები, ერთობლივად (ჩვენი ჩათვლით) სააკაშვილს ბრალდებას ვუყენებთ გამართული, სასამართლო წესით. უნდა იყოს შეტანილი განცხადება სასამართლოში, რომ ამ კაცმა ესა და ეს დანაშაულები ჩაიდინა კონსტიტუციის მიმართ, ესა და ეს სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, ესა და ეს ეკონომიკური დანაშაულები ჩაიდინა. ამის გარეშე ძალიან მნიშვნელოვანი წონა აკლდება, ჩემი აზრით, ამ პოლიტიკურ ოპერაციას. და მე ეს ღიად, დაუფარავად გავუზიარე ჩემს კოლეგას.

8 აპრილი, ოთხშაბათი
დღევანდელი თარიღი, ფაქტობრივად, არის თარიღი იმ ტრაგედიისა, რომელიც 89 წელს მოხდა. იმას, მართალია, 9 აპრილი, ჰქვია, მაგრამ ჰქვია მხოლოდ იმიტომ, რომ დარბევის ოპერაცია დაიწყო დილის 4 საათზე, თორემ რეალურად ეს იყო 8 აპრილის ღამის ოპერაცია. რა თქმა უნდა, ყველა ამაზე ფიქრობს. რატომ? იმიტომ რომ ეს არის არა მარტო მორალურად ამაღელვებელი დღე, არამედ, პრაქტიკულად, ძალიან საშიში და ძალიან მნიშვნელოვანი დღე.
მე მეშინია ორი რამის: ორი უარყოფითი შედეგის შესაძლებლობას ვხედავ. ერთი ის არის, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს, თუმცა მე მგონია, რომ ეს აღარ იქნება... მგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩამოსულია 1500-მდე ჟურნალისტი დემოკრატიული ქვეყნებიდან და აუარებელი პოლიტიკური მოღვაწეები... და ალბათ ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს. თუმცა, გამორიცხული არ არის. რატომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს.
ღამე, რა თქმა უნდა, ყველანი გავალთ 9 აპრილის მემორიალთან. მოველი, რომ იქ იქნება მეტი ხალხი, ვიდრე ჩვეულებრივ, და რომ იქ იქნება შესაძლებლობა საქმიანი მოლაპარაკების ჩატარებისა. მოლაპარაკების კი არა, ურთიერთკონსულტაციების ჩატარებისა. იმის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს.

ხუთშაბათი, 9 აპრილი
როგორც მოველოდი, მემორიალთან გამოსულნი იყვნენ მეტნი, ვიდრე ბოლო წლებში გამოდიან. ეს ბუნებრივია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ წელს არის საიუბილეო თარიღი - 20 წელი და მეორეც, იმიტომ, რომ შიში და მღელვარება განაპირობებს ინტერესს და ინტერესი განაპირობებს აქტიურობას იქ მისვლის ჩათვლით. შესაძლოა, ეს ორივე ფაქტორი ერთად მოქმედებს.
განწყობილება იყო ისეთი, როგორც ყოველთვის. იყო ძალიან თბილი ერთმანეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ნოსტალგიით დატვირთული და სიმწრით დატვირთული. კონკრეტული მოლაპარაკების ტიპის საუბარი არ ყოფილა. მით უმეტეს, რომ ვის შორისაც შეიძლებოდა მოლაპარაკება და ურთიერთკონსულტაცია, ყველა ერთდროულად იქ არ გამოსულა. მაგრამ მე მაინც, დილის ხუთის ნახევარზე სახლში მოვედი უფრო ოპტიმისტურად განწყობილი და გარემოს უფრო ნათელი ხედვით, ვიდრე წინა დღეს. ამ ორი დღის წინ ჩვენ, ეროვნულ პარტიათა ალიანსმა, გამოვაქვეყნეთ განცხადება გაზეთ "რეზონანსში" - ჩვენ ამ მიტინგზე მივდივართ, ვდგებით ცალკე, იმ მიზნით, რომ გავიზიაროთ ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინაშე არსებული ყველა ხიფათი. მგონი, ამაში არ შევმცდარვართ. არ გვითქვამს, რომ მიტინგის ორგანიზაცია და მიტინგის წარმართვა ცოტა სხვანაირად წარმოგვიდგენია, ანუ ოპტიმალურ ფორმად, იდეალურ ფორმად მიგვაჩნია ცოტა სხვა...

10 აპრილი, პარასკევი
საასწაულები ყოველდღე არ ხდება. არც გუშინ მომხდარა და არც დღეს. მიტინგი მიდის ისე, როგორც მოველოდი. ანუ ის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, იქ ვერ შესრულდა. ვერ ვიტყვი, რომ არ შესრულდა, - ვერ შესრულდა, იმიტომ, რომ ამისთვის, ასე ვთქვათ, პატარა გადახრა იყო საჭირო იმ კურსიდან, იმ ინერციიდან, რომელიც აღებული იყო.
ხალხი იყო ბევრი... ამას, მე მგონი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რატომ? იმიტომ რომ ეს უცხოელები - დასავლელები, მსოფლიოს იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომელიც დღეს საბედნიეროდ დედამიწის განვითარებას მართავს (ბედნიერებაა ის, რომ ესენი მართავენ და არა სხვა), ძალიან დიდი ყურადღებით გვაკვირდებიან. და ქვეყნის განწყობილებას იმის მიხედვითაც ზომავენ, რამდენი ხალხი მოვა: უნდა თუ არა ქვეყანას ეს ვერშემდგარი პრეზიდენტი, ეს არაადეკვატური და არალეგიტიმური პრეზიდენტი. ცხადია, რომ მათი დასკვნა იქნება ცალსახა, ქვეყანას ეს პრეზიდენტი არ უნდა... აქედან ალბათ, ბევრი პრაქტიკული დასკვნა გაკეთდება. ვამჩნევ, რომ მიტინგს აქვს ტენდენცია რაოდენობრივი კლებისკენ. ეს ბუნებრივია და ფსიქოლოგიურად გარდუვალია, ეს მე გულს არ მიტეხავს. გარდუვალია იმიტომ, რომ ის, რაც არ იზრდება, ადგილზე არასოდეს დგას - ის კლებულობს, დნება. მაგრამ, მე მგონი, ნათლად ჩანს, რომ საკმარისია, რაღაც პატარა შეფერხება მოხდეს აი, ამ მანიფესტაციის განვითარებაში, რომ მთელი ის ხალხი მაშინვე აქ მოიყრის თავს. ანუ, არავითარი გადაწყვეტილება რომელიმე მონაწილისაგან იმისა, რომ გამოეთიშოს ამ ოპერაციას, გამოეთიშოს ამ მანიფესტაციას (გამოეთიშოს შეგნებულად, და არა, ვთქვათ, იმიტომ, რომ დრო არა აქვს), ასეთი მოვლენა, მგონი, არ არსებობს. ამიტომ, ეს მანიფესტაცია გაგრძელდება. და გაგრძელდება, ალბათ, საბოლოო შედეგით. საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლება შეიცვლება, ოღონდ, ჩემი შიშია, რომ შეიცვლება მასზე არანაკლებ კრიმინალური და არანაკლებ დამნაშავით. ეს შიში არ მასვენებს, ეს შიში დღესაც მაქვს....
ვზივარ ასე... არა ყურებჩამოყრილი და არა სასოწარკვეთილი, მაგრამ, რასაკვირველია, ძალიან მძიმე გუნებაზე მყოფი. იმიტომ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათლად ჩანს, რომ ჩვენი პოტენციალი, დღევანდელი შეძლება ქართველი ერისა მაქსიმალურად თუ არ დაიძაბა, ჩვენ ვერ გავუძლებთ ამ მრავალნაირი ძალების შემოტევას, რომელთაც პირველხარისხოვანი ინტერესი აქვთ ჩვენი ტერიტორიისადმი, ჩვენი ადგილმდებარეობისადმი, მაგრამ ასეთივე პირველხარისხოვანი ინტერესი არა აქვთ, და ბუნებრივად ვერ ექნებათ, ქართველი ერის ბედისადმი.
ეს არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ღმერთს ვევედრები, რომ ჩვენს თავში ვიპოვოთ ის ძალა, ის შინაგანი შემართება, რომელიც ამ პრობლემების გადაჭრას სჭირდება.

11 პრილი, შაბათი
დღევანდელი დღე გუშინდლის გაგრძელებაა. აქცია უკვე დანაწევრებულია. საინფორმაციო მიტინგები არის გარკვეულ საათებში, დანარჩენი დრო ქუჩების პიკეტირებას და დაუმორჩილებლობის პროგრამის გაგრძელებას უნდება.
უიმედოდ არა ვარ. არც მეტისმეტად იმედით ვარ. სიტყვა "დაუმორჩილებლობის" შინაარსი ჩემთვის ბოლომდე ნათელი არ არის. დაუმორჩილებლობა არის ისეთი სისტემა ქმედებებისა, რომელიც, ასე ვთქვათ, ამცირებს ხელისუფლების შესაძლებლობას, რომ მართოს. ხელისუფლებას ამის ეშინია. მაგრამ ეშინია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ბედი აწუხებს.
თუ ხელისუფლება დივერსანტია, შეგნებულად ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, მის სტრატეგიას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ მას, პირიქით, უხარია, რომ მართლა სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყოს. ეს ჩემთვის პარადოქსია და არ ვიცი, ამ მიმართულებით რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ამ მინუსს დააბალანსებს. იმედს არ ვკარგავ, რომ რაღაც რაციონალური კურსი შენარჩუნებული იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენს სასარგებლოდ (ამაში დარწმუნებული ვარ) მუშაობს და იმუშავებს აი, ამ დასავლელი მაყურებლების აზრი. რამდენადაც ვიცით, სადღეისოდ, აი, ამ მომენტისათვის, მათი აზრი აქციის შესახებ ძალიან კარგია. ისინი ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატიის ნიმუში, თავდაჭერის მაგალითი... იმედი მაქვს, ასეთი აზრი ნაყოფს გამოიღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG