Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთის ეროვნულ ბანკში ბიუჯეტის ოდენობის თანხის დაკარგვა დაადგინა


ტაჯიკეთის ”ერის სასახლე” დუშამბეში

ტაჯიკეთის ”ერის სასახლე” დუშამბეში

ტაჯიკეთის ეროვნულ ბანკში ჩატარებულმა აუდიტმა დაადგინა, რომ დაკარგულია ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რაც დაახლოებით ამ ქვეყნის ბიუჯეტს უტოლდება. გაჩნდა ეჭვი, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, რომელიც უწინ ამ ბანკს ხელმძღვანელობდა, დიდძალი ფული კერძო ბიზნესს მოახმარა. ამ ფაქტმა, შესაძლოა, ტაჯიკეთს მნიშვნელოვნად გაურთულოს ინვესტიციების მიღება.

დამოუკიდებელი საფინანსო მომსახურების ფირმის “ერნსტ ენდ იანგის” მიერ ჩატარებული აუდიტით დგინდება, რომ ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის ფონდიდან ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიკარგა. თანხის კვალი მაშინ ქრება, როდესაც ის ერთ კერძო საინვესტიციო კომპანიასა და სოფლის მეურნეობის აღორძინების სახელმწიფო პროგრამასთან მიდის.

აუდიტის თანახმად, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, კერძო კომპანია “კრედიტ ინვესტმა” 856 მილიონზე მეტი მიიღო. ამ კომპანიამ კი, თავის მხრივ, მილიონობით დოლარის ოდენობის სესხები მისცა სხვადასხვა კერძო ფირმებს - მათ შორის ფირმებს, რომლებსაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და მისი ოჯახის წევრები მართავდნენ,

მუროდალი ალიმარდონი ეროვნულ ბანკს სათავეში ედგა 1996-დან 2008 წლამდე, სანამ ტაჯიკეთის პრეზიდენტი მას ვიცე-პრემიერად დანიშნავდა და სოფლის მეურნეობის მართვას დაავალებდა.

ტაჯიკეთის ვიცე-პრემიერი მუროდალი ალიმარდონი
აუდიტის თანახმად, ბანკის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს აეხსნათ, სად დაიკარგა დარჩენლი 220 მილიონი დოლარი, რომელიც ბამბის ინდუსტრიის განვითარებისთვის იყო გამოყოფილი.

აუდიტმა სხვა შესაძლო დარღვევებიც გამოავლინა - მათ შორის, 800 ათასი ამერიკული დოლარი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ისტარავშანში ჩაის სახლის რემონტზე დაიხარჯა.

ტაჯიკეთში კორუფცია და ფინანსური მაქინაციები ხშირი პრაქტიკაა, მაგრამ ამ აუდიტით დადგენილი დაკარგული თანხა ამ ქვეყნისთვისაც კი გასაკვირია. ის თითქმის ტაჯიკეთის ყოველწლიურ საბიუჯეტო შემოსავალს, 1.28 მილიარდ დოლარს, უტოლდება.

აუდიტის შედეგები დაემთხვა პერიოდს, როდესაც პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ქვეყნის საბანკო სექტორი შეაქო და განაცხადა, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას კიდევ უფრო მეტად შეეცდებოდა.

”ერნს ენდ იანგის” მიერ ჩატარებულ აუდიტამდე ერთი წლით ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მის მიერ გამოყოფილი 47 მილიონი დოლარის უკან დაბრუნება მოსთხოვა ტაჯიკეთს. ფონდმა დაადგინა, რომ ეროვნულმა ბანკმა სესხის მიღებისთვის თავისი ფინანსური მდგომარეობა არასწორად აღწერა.

სავალუტო ფონდთან ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობა იმას უნდა განესაზღვრა, დათანხმდებოდა თუ არა ტაჯიკეთი სამი დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებას - ”ერნსტ ენდ იანგის” მიერ ეროვნულ ბანკში ჩატარებული შემოწმების გარდა, აუდიტი უნდა ჩატარებოდა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ ალუმინის საწარმო “ტალკოს” და ელექტროენერგიის კონცერნ “ბარქი ტოჯიკს”.

“ერნსტ ენდ იანგის” განცხადებით, ეროვნულ ბანკსა და ”კრედიტ ინვესტში” აუდიტის ჩატარებისას ყველა საჭირო დოკუმენტი მათთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ფირმის წარმომადგენლების განცხადებით, მათ უთხრეს, რომ ზოგიერთი ჩანაწერი განადგურებული იყო. ერთ შემთხვევაში, აუდიტორს განუცხადეს, რომ დოკუმენტები დაწვეს. ამასთან, როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა აუდიტორს განუცხადა, რომ ძველ დოკუმენტებს ტუალეტის ქაღალდად იყენებდნენ. “ერსტ ენდ იანგის” განცხადებით, ზოგჯერ მათთვის გადაცემული კომპიუტერული ფაილები შემოწმებამდე რამდენიმე საათით ადრე იყო შექმნილი.

სკანდალმა გააჩინა შიში, რომ უცხოელი ინვესტორები და დონორები ტაჯიკეთისგან შორს დაიჭერენ თავს. არადა, ტაჯიკეთი - შუა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა - დიდწილად არის დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე, ისევე როგორც რუსეთში მომუშავე ტაჯიკების მიერ შინ გაგზავნილ თანხებზე.

პოლიტიკოსი და დუშანბეში განთავსებული ტაჯიკეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელი შოკირჯონ ჰაკიმოვი აცხადებს, რომ აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოძიება უნდა დაიწყოს. ”მათ, ვინც სახელმწიფო თანხები გაფლანგა, პასუხი უნდა აგონ და ფული უნდა დააბრუნონო”, უთხრა მან რადიო თავისუფლებას:
”მთავრობამ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს. ამხელა თანხა ჩვენს სოფლის მეურნეობაზე რომ დახარჯულიყო, ახლა უკვე დიდი წინსვლა იქნებოდა ამ სექტორში. მაგრამ ამგვარი ფინანსური მაქინაციები აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ რეფორმებს.”

აუდუტის შედეგების გამოქვეყნება ტაჯიკეთისთვის პრობლემურ პერიოდს დაემთხვა.

14 აპრილს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საბიუჯეტო შემოსავლებმა საგრძნობლად დაიკლო გლობალური კრიზისის გამო და ტაჯიკეთს დეფიციტის დასაფარად 260 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების მიღება ესაჭიროება უცხოეთიდან.

ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც დასჭირდება თანამშრომლობა. ამ ორგანიზაციას ტაჯიკეთმა სიღარიბის დაძლევის სამწლიანი პროგრამის დაფინანსება სთხოვა.
ტაჯიკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალექს შიმელფენინგმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ორგანიზაციისთვის ცნობილია აუდიტის შედეგები და ის ყურადღებით დააკვირდება ამ პრობლემასთან დაკავშირებით ტაჯიკეთის მთავრობის ქმედებებს.

შიმელფენინგის თქმით, სავალუტო ფონდს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, დააფინანსებს თუ არა ტაჯიკეთის სიღარიბის დაძლევის პროგრამას:
”[ტაჯიკეთის] მთავრობის წარმომადგენლებმა მართლაც ითხოვეს სიღარიბის დაძლევის და განვითარების ფარგლებში პროგრამის დაფინანსება. ეს სამწლიანი პროგრამაა და სესხი დაახლოებით 120 მილიონს გაუტოლდება. სანამ ფონდის აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტდეს, გამოყოფს თუ არა დაფინანსებას, მათ ხუთი პირობა უნდა დააკმაყოფილონ. მათი უმრავლესობა უკვე შესრულდა და, სავარაუდოდ, ფონდის აღმასრულებელი საბჭო ტაჯიკეთის თხოვნას ძალიან მალე განიხილავს.”

შიმელფენინგი მიესალმა აუდიტის შედეგების ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებას, რაც, ტაჯიკეთის მხრიდან, უპრეცედენტო ნაბიჯია.

”ერნსტ ენდ იანგის” შედეგებზე ტაჯიკეთის მთავრობის წევრებს ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენიათ. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა კომენტარზე უარი განაცხადეს.
XS
SM
MD
LG