Accessibility links

logo-print

ბესლან არშბა: გალის რაიონში აფხაზური პასპორტი 1500-მდე ადამიანმა მიიღო


აფხაზური პასპორტი

აფხაზური პასპორტი

ამ კვირაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გალის რაიონში ახალი პასპორტი 1500-მდე ადამიანმა მიიღო. გალის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსმა ბესლან არშბამ სააგენტო „აფსნის“ აცნობა, რომ საპასპორტო სამსახურში რიგი დგას, რაც სტაბილურობას და გალელების ინტეგრირების სურვილს ადასტურებს. როგორც გალის რაიონის სოფელ ოტობაიის მცხოვრებმა ქალბატონმა მაცნობა, ადგილობრივი საავადმყოფოს პერსონალი და, ასევე, პედაგოგები უკვე გააფრთხილეს, რომ ახალი პასპორტის გარეშე მუშაობის უფლება აღარ ექნებათ. მათ ერთთვიანი ვადა დაუწესეს პასპორტისთვის საჭირო დოკუმენტების შესაგროვებლად.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, რომელიც წალენჯიხის რაიონს ესაზღვრება, აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესი არ დაწყებულა. როგორც საბერიოს მცხოვრებმა მაცნობა, სოფელში ჯერჯერობით არც რაიმე მზადება შეინიშნება. გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, სადაც რუსეთის სამხედრო ნაწილია დისლოცირებული, ადგილობრივი მოსახლეობა პასპორტების მიღების შესახებ ჯერჯერობით არავის გაუფრთხილებია. შესაბამისად, როგორც ფიჩორის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მითხრა, სოფელში აფხაზური პასპორტი ჯერჯერობით არავის აქვს.

განსხვავებული ვითარებაა გალში, რომლის მოსახლეობის ნაწილი უკვე აფხაზური პასპორტის მფლობელია. როგორც გალელმა რესპონდენტმა მიამბო, მწვანე ფერის 25-გვერდიან პასპორტში მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია მითითებული და არა მოქალაქეობა. მისივე ცნობით, მათ, ვინც ახალ პასპორტზე უარს იტყვის, სამსახურიდან დათხოვნით, საკუთრების ჩამორთმევით და გადაადგილების შეზღუდვით ემუქრებიან. როგორც ამავე რესპონდენტმა მითხრა, გალელი ქართველები, იმისათვის, რომ იარსებონ და საკუთარ სახლებში დარჩნენ, იძულებულნი არიან აიღონ აფხაზური პასპორტი, რომელიც თავად ამ ქალბატონს და მის მეზობლებსაც უკვე აქვთ.
XS
SM
MD
LG