Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი აკრიტიკებს ნატოს ”სახიფათო” წვრთნას საქართველოში


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო წვრთნის ჩატარების თაობაზე ნატოს გადაწყვეტილება ”არასწორი” და ”სახიფათოა.” მედვედევი ამ განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა. ალიევი რუსეთში სტუმრად იმყოფება. მედვედევის თქმით, გადაწყვეტილება - რომელიც ნატომ ოთხშაბათს მიიღო - დადებითად არ აისახება ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესზე.

ხუთშაბათს რუსეთმა ნატოს საქართველოში დაგეგმილი წვრთნის გადადების, ან გაუქმებისკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის თქმით, წვრთნა არ წაადგება რეგიონში სტაბილურობის აღდგენის მცდელობებს:

”ვიმედოვნებ, რომ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობას გეგმავენ პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში - და ამ პროგრამაში თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა მონაწილეობს - ისინი დასკვნებს გამოიტანენ, და თავს აარიდებენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას კვლავ განუკითხაობის, და დაუსჯელობის განცდისკენ უბიძგებს,” თქვა სერგეი ლავროვმა ერევანში ვიზიტისას.

ბრიუსელში ნატოს წარმომადგენელმა, რობერტს პშჩელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ წვრთნის გადადების გეგმა არ არსებობს. ამასთან, პშჩელმა დასძინა, რომ წვრთნა კოორდინაციის საკითხებს ეხება, და მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოყენებული არ იქნება. აი, რას ამბობს ნატოს წარმომადგენელი რობერტ პშჩელი ალიანსის მანევრების საქართველოში მოწყობის თაობაზე:

“წვრთნის მოწყობა, დაგეგმილი იყო, როგორც გითხარით, საქართველოში, და ეს, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. საქართველოს, როგორც პროგრამის, “პარტნიორობა მშვიდობისათვის” მონაწილეს, აქვს უფლებები და მოვალეობები. ეს იყო ამ ქვეყნის დიდი ხნის წინანდელი შემოთავაზება, რომელიც მივიღეთ და ამიტომაა, რომ ეს ქვეყნები, რომლებმაც გადაწყვიტეს მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ, სიხარულით ჩაერთვებიან მასში. რა თქმა უნდა, მომავალში ასეთ წვრთნას, ამ ტიპის წვრთნას, კვლავ ჩავატარებთ, სხვა ქვეყნებშიც, შეიძლება რუსეთშიც”.

ნატოს წარმომადგენელმა, პშჩელმა იქვე თქვა, რომ რუსეთს, თუმცა წვრთნა 6 მაისს იწყება, ახლაც კი აქვს მასში ჩართვის შესაძლებლობა, და ეს ყველა პარტნიორ ქვეყანას კიდევ ერთხელ განვუცხადეო, დასძინა მან.

საქართველოში 6 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილია ნატოს სამხედრო წვრთნა, რომელიც გაიმართება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. მასში მონაწილეობას მიიღებს 1 300 სამხედრო ნატოს 19 წევრი და პარტნიორი სახელმწიფოდან. ესენია ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, სერბია, ესპანეთი, მაკედონია, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG