Accessibility links

logo-print

გლობალურმა კრიზისმა ყველაზე მეტად აღმოსავლეთი ევროპა დააზარალა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინა

მიმდინარე გლობალური კრიზისი უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განცდილი ეკონომიკური ჩავარდნები იყო, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მოხსენებაში - ”მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები”. ფონდის აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა ყველაზე სუსტად გამოიყურება, რადგან ეს ქვეყნები ჯერაც კომუნისტური კონტროლის ეპოქიდან გამოსვლის პროცესში იმყოფებიან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული დასავლეთ ევროპის საბანკო რესურსებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპა ყველაზე მტკივნეულად იგრძნობს ეკონომიკური ვარდნის შედეგებს, რადგან გლობალურმა საბანკო კრიზისმა დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ფულადი ნაკადების საგრძნობი კლება გამოიწვია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსი ეკონომისტი სტეფან დანიგერი, აი, ასე აღწერს შექმნილ ვითარებას:

”მიმდინარე კრიზისში როგორც ჩანს, საბანკო კრედიტები წარმოადგენდა მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომლის ძირითადი წყარო დასავლეთ ევროპა იყო. ეს გასაკვირი არ არის: 1990-იანი წლებიდან დასავლეთევროპული ბანკები ლიდერობდნენ ქვეყნების ახალ ეკონომიკაში განხორციელებულ საკრედიტო ნაკადებში. სავარაუდოდ, ეს არის პასუხი იმაზე, თუ რატომ მოახდინა ფინანსურმა კრიზისმა ასეთი ძლიერი დარტყმა ახალ ევროპაზე.”


საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე თანამშრომლობს აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან, რათა დაეხმაროს სესხების დეფიციტის შესამცირებლად.

მაგრამ, დანიგერის აზრით, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა კოორდინაცია დასავლეთევროპელ მეზობლებთან. ამ ეტაპზე მთავარი მიზანია ფინანსური სტაბილურობის მიღწევა და სამომავლოდ მრავალმხრივი დაზღვევისა და რეზერვების სისტემის შექმნა. ეს კი აღმოსავლეთ ევროპის ფორმირების პროცესში მყოფ საბაზრო ეკონომიკას საშუალებას მისცემს უფრო მეტი სარგებელი მიიღოს დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრაციით.

არავის ეჭვი არ ეპარება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა უფრო სუსტად გამოიყურება ვარდნის დროს, ვიდრე დასავლეთის, მაგრამ საინტერესოა რაში მდგომარეობს მათი სისუსტე.

ჰერიტიჯის ფონდის საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორის ტერი მილერის აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა არანაკლებ გამძლეა პრობლემების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნების, მაგრამ ისინი გაცილებით მგრძნობიარენი არიან დასავლეთში მიმდინარე ეკონომიკური ვარდნის მიმართ.

მიზეზად ისევ ის სახელდება, რაც სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა თქვა. აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკას, ძირითადად, დასავლეთის ბაზრების კაპიტალი ასაზრდოებს და ამ კაპიტალის ნაკადის ოდნავი ცვლილებაც კი გავლენას ახდენს ახალ ევროპაზე.

ბევრი ამას გლობალიზაციის უარყოფით შედეგად მიიჩნევს, ტერი მილერი კი სხვაგვარად ფიქრობს:

”არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია და ამიტომ ვამბობ, რომ არ უნდა განსაჯოთ მხოლოდ იმის მიხედვით, რაც ხდება ცუდ პერიოდში. ეს უნდა დააბალანსოთ კარგი პერიოდებით. ის, რასაც ვხედავდით მსოფლიოში ბოლო 15 წლის მანძილზე, განპირობებული იყო გლობალიზაციით და ვაჭრობის ლიბერალიზაციით. უმრავლეს შემთხვევაში, ამ პერიოდში ვხედავდით წარმოუდგენელ ზრდას და აყვავებას მთელ მსოფლიოში.”

გლობალური ვაჭრობის პირობებში ყველა ქვეყანა თანასწორუფლებიანია და ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი შეუძლია სარგებელი მიიღოს განვითარებულ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობით. მილერი დარწმუნებულია, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის პირობებში კრიზისის დაძლევა უსათუოდ მოხერხდება.
XS
SM
MD
LG