Accessibility links

logo-print

ცხინვალის ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობის პასპორტიზაციას აჩქარებს


ახალგორელი ქართველები და ოსები ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში

ახალგორელი ქართველები და ოსები ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 31 მაისს უნდა გაიმართოს, ადგილობრივი საარჩევნო კომისია 22 უბანს ახალგორის რაიონშიც გახსნის. ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას კომისიის თავმჯდომარემ ბელა პლიევამ პრობლემად ის დაასახელა, რომ „ლენინგორის რაიონში“ მოსახლეობის დიდ ნაწილს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა აქვს, ამიტომ არჩევნებში მათი მონაწილეობისთვის ახალი პასპორტების გაცემის პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს საგანგებოდ მოწვეულ თათბირზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმაც მოითხოვა და თავის მთავრობას ახალგორის რაიონში ხელფასების და პენსიების გაცემაც დაავალა.

ოკუპაციის შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახალგორი დატოვა. მოგვიანებით ნაწილი დაბრუნდა, ნაწილი კი დაბის ტერიტორიაზე დარჩენილი ქონებისთვის ყურადღების მისაქცევად იქ პერიოდულად ჩადის. ეს ფაქტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებისთვისაც ცნობილია. ამიტომ არჩევნების მოახლოების გამო, ახალგორელების გულის მოგებას ხელფასით და პენსიით ცდილობს. იმავე თათბირზე, რომელიც ცხინვალის ტელევიზიამ უჩვენა, ედუარდ კოკოითი, რაიონში საპენსიო თანხის გაგზავნის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრ ნუგზარ გაბარაევს დაუპირისპირდა. გაბარაევი კოკოითის უმტკიცებდა, რომ ოსური პასპორტის გარეშე პენსიის დარიგებას ვერ შეძლებს, კოკოითი კი მისგან ახალგორში ჩასვლას და მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს მოითხოვდა.

როგორც ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა მითხრა, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კოკოითის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე ვარაუდით, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა საარჩევნო სიების შედგენას ახალგორის შესასვლელთან არსებულ საგუშაგოზე მოქალაქეების რეგისტრაციის საფუძველზე აპირებს. არსებობს ინფორმაციაც, რომ ედუარდ კოკოითი ცდილობს ახალგორში მოძებნოს ეთნიკურად ქართველი ადამიანი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრობაზე დათანხმდება. თუმცა ამ მცდელობას შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG