Accessibility links

logo-print

მომიტინგეების დასაცავად თბილისელები სამოქალაქო პატრულირებას იწყებენ


გიორგი კორკოტაშილი სამოქალაქო პატრულის დამფუძნებელი

გიორგი კორკოტაშილი სამოქალაქო პატრულის დამფუძნებელი

9 აპრილის, ანუ საპროტესტო აქციების, დაწყების შემდეგ გახშირდა ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდასხმის ფაქტები. ამ ინფორმაციას ადვოკატთა პროფკავშირები და „საზოგადოებრივი დამცველის“ პროექტში მონაწილე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. მათი თქმით, ნიღბიანი და ხელკეტებით შეიარაღებული პირები თავს ესხმიან, ძირითადად, მიტინგებიდან შინ მიმავალ მოქალაქეებს. ვითარებას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ პოლიცია, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ერიდება მიტინგის მახლობლად პატრულირებას, თუმცა ამ ფონზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ძალებით მიტინგებში მონაწილე თანაქალაქელთა დაცვა გადაწყვიტეს.

„ერთად“ - ასე ჰქვია საზოგადოებას, რომლის დასაფუძნებლად სამასამდე ადამიანი - მათ შორის, ცნობილი მსახიობები, მომღერლები და ყოფილი სპორტსმენები - მუსიკალური კომედიის თეატრში შეიკრიბნენ. გიორგი კორკოტაშვილი, შეკრების მთავრი ინიციატორი, ამბობს, რომ საზოგადების წევრები ქუჩაში პროტესტის გამოსათქმელად გამოსული თანაქალაქელების დასაცავად 24 საათიან პატრულირებას განახორციელებენ.

„ადამიანს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოხატვისა. პატრულირებით ვაპირებთ მოქალაქეების უფლებების დაცვას“, ამბობს გიორგი კორკოტაშვილი. მისივე თქმით, სამოქალაქო პატრულის ყოველი ჯგუფი აღჭურვილი იქნება ვიდეოკამერით, რათა, ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში, მტკიცებულებების შეგროვება მოხერხდეს. დამფუძნებელმა საზოგადოებისა „ერთად“ მუსიკალური კომედიის თეატრში შეკრებილ თბილისელებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა:

„საზოგადოება რომ დადგება ერთად, დაინახავენ, რომ ფარჩაკები არა ვართ. თუ ჩვენ დღეს არ გადავტეხეთ ხერხემალში ის ადამიანები, ვინც ამგვარ ძალადობას სჩადიან, ხვალინდელი დღე საქართველოსთვის კარგად ვერ გათენდება.“

ახალი საზოგადოების დამფუძნებელთა შორისაა საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა გეგიძე, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს 9 აპრილს დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაში და, შესაბამისად, მეტ ინფორმაციას ფლობს ოპოზიიცს მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ. გეგიძის თქმით, საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ ოპერაციებთან.

„ვინმეს სჯერა, რომ ეს დაუგეგმავად ხდება?“ - კითხულობს ყოფილი მორაგბე. - „მაშინ დავღუპულვართ ქართველები, თუკი საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ასე ძალადობენ. სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად დადგეგმილი და დაფინანსებულია.“

უნდა ითქვას, რომ, პოლიციის პასიურობის გამო, სამოქალაქო საპატრულო ჯგუფების შექმნის ინიციატივით 16 აპრილს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილიც გამოვიდა, თუმცა პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ რეაგირების გარეშე თავდასხმის არც ერთი ფაქტი არ დაუტოვებია, ოპოზიციის შეკრების ადგილებიდან პატრულის გარიდებას კი სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ასეთი ახსნა მოუძებნა:

„უშუალოდ მიტინგის მახლობლად პატრული არ დგას და ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკა, რომელსაც არ შევცვლით. პოლიციის მომიტინგეებთან მისვლას ავტომატურად მოჰყვება შეჯახება.“

პოლიციის პასიურობა და ოპოზიციის მხარდამჭერებზე გახშირებული თავდასხმები აშფოთებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელსაც. პეტერ სემნებიმ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ილაპარაკა იმაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მსგავს სიტუაციაში:

„რასაკვირველია, ძირითადი პასუხისმგებლობა კანონისა და მართლწესრიგის დაცვაზე პოლიციას ეკისრება. არის ტაქტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც მსგავს ვითარებაში მიიღება, მაგრამ არსებითად თუ მივუდგებით, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პოლიციაა. არ მინდა ცალკეულ ტაქტიკურ გადაწყვეტილებას ჩავუღრმავდე, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა ბალანსის დაცვა. თუკი ასეთი შემთხვევები გაგრძელდა, ვფიქრობ, თავად ოპოზიციას ექნება სურვილი პოლიცია მეტად იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება აქციების ორგანიზატორებს, თუკი ისინი თავად შეეცდებიან უსაფრთხოების ზომების მიღებას, ამით შეიძლება თავიდან იყოს აცილებული ზოგიერთი ინციდენტი, მაგრამ თუკი ის მაინც მოხდება, ეს არ არის რაიმე სახის სამოქალაქო მილიციის საქმე, ამაში სამართალდამცავები უნდა ჩაერთონ.“

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობის ერთმანეთზე დაკისრებას ცდილობენ. დაპირისპირებული მხარეები ამტკიცებენ, რომ ძალადობის ესკალაციით თვითონ კი არა, ოპონენტია დაინტერესებული. ცნობილი მომღერლის ვახტანგ ტატიშვილის თქმით, საქართველოში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს ერთი ცნობილი ანეკდოტის სიუჟეტს: „ჩვენ ვგავართ ერთ კამერაში ჩაკეტილ მაზოხისტსა და სადისტს. მაზოხისტი ეხვეწება, გამლახე, რა, გამლახეო, მაგრამ სადისტი პასუხობს: არა, არ გაგლახავო!“
XS
SM
MD
LG