Accessibility links

logo-print

რუსეთი ზრდის თავის სამხედრო ძალას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში


საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, პაატა დავითაია, ამბობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო ძალის რიცხობრივი შემადგენლობის ზრდა. ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით, დავითაია აცხადებს, რომ სოხუმთან ასამდე ერთეული მძიმე სამხედრო ტექნიკა დგას. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დავითაიამ დასძინა, რომ შეიარაღების ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოს პროვოცირების მცდელობას. რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, სერგეი შამბამაც, რომელმაც დასძინა, რომ დამატებითი სამხედროები აფხაზეთის მეშვიდე ბაზაზე უნდა განლაგდნენ, და ეს წინასწარვე იყო გამოცხადებული. 16 აპრილს რეიტერის სააგენტომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოს ორ სეპარატისტულ რესპუბლიკაში რუსეთის ჯარისა და სამხედრო ტექნიკის ზრდა შეინიშნებოდა. მისიის წარმომადგენლის, სტივენ ბერდის თქმით, აფხაზეთის ტერიტორიიდან 16 აპრილს ეს ძალა უკან გაიწვიეს, თუმცა ცხინვალის რეგიონიდან ანალოგიური ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. საქართველოში ევროკავშირის დიპლომატების მიერ შედგენილ კონფიდენციალურ ანგარიშში - რომელსაც რეიტერის კორესპონდენტი გაეცნო - ნათქვამია, რომ რუსეთის დამატებითი ძალა მოიცავს ტანკებს, ჯავშანმანქანებს, საარტილერიო დანადგარებს და "გრადის" ტიპის სარაკეტო სისტემებს
XS
SM
MD
LG