Accessibility links

logo-print

ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება


პეტერ სემნები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

პეტერ სემნები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციების პიკს მომავალ კვირაში, კერძოდ, სამშაბათს, მოელიან - მაშინ, როცა, მათი ხელშეწყობით, ხალხი დედაქალაქში რეგიონებიდანაც ჩამოვა. მანამდე კი, რამდენიმე დღის მანძილზე, რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით, მასშტაბური მიტინგები აღარ გაიმართება, თუმცა გაგრძელდება პიკეტირება საზოგადოებრივ ტელევიზიასთან, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან და პარლამენტის შენობის წინ. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნების, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის საჭირო რესურსის მოძიებას ცდილობს, იმედი აქვს, რომ რამდენიმედღიანი სიმშვიდე ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესის მომზადებას. თუმცა ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის და რა ფორმატში მოხერხდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის საუბარი.

ვითარება ჯერჯერობით უცვლელია. ოპოზიცია ხელისუფლებასთან საუბარს ისევ ერთადერთი მოთხოვნის წაყენებით აპირებს - გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი. აქვე ვთქვათ, რომ ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილი დიალოგის შესაძლებლობას მხოლოდ პირდაპირ ეთერში ხედავს. თუმცა ამგვარ ფორმატში საუბარი მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელსაც განსხვავებული მიდგომა აქვს განსახილველი საკითხებისადმიც. სამაგიეროდ, ხელისუფლება ოპოზიციას მოქნილობას ჰპირდება.

დავით ბაქრაძე
”ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, რათა ყველასთვის მისაღები პირობებით, ყველასთვის მისაღები პროცედურების შეთანხმებით მოვახერხოთ მათთან დიალოგის დაწყება. თუ შინაარსობრივ საკითხებზე ოპოზიციას სურს დიალოგის დაწყება, მე ვფიქრობ, პროცედურასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნება და ჩვენ მზად ვიქნებით გამოვიჩინოთ მაქსიმალური კონსტრუქციულობა და დათმობა ამ კუთხით”, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ეს განცხადება 17 აპრილს შერატონ მეტეხი პალასში გააკეთა, სადაც ის უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ხვდებოდა. შეხვედრაში მონაწილე მხარეები ხაზს უსვამდნენ დიალოგის აუცილებლობას, რის გარეშეც ვითარება შეიძლება გართულდეს. უმაღლესი სასწავლებლების რექტორები აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობის ნათლად გაზიარება ორივე მხარეს ჰმართებს.

დიალოგზე, როგორც კრიზისის დაძლევის ერთადერთ და გარდაუვალ გზაზე, პარასკევს ლაპარაკობდნენ ”თბილისი მერიოტშიც”, სადაც ექსპერტები ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნების ხვდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ცდილობს ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ისინი დიალოგის აუცილებლობაში დაარწმუნოს. შემდეგ კი ყველაფერი თავად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ - როგორ და რა გზით, ესეც მათი გადასაწყვეტია.
რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა ექსპერტთა ნაწილი, რომელიც პარასკევს პეტერ სემნების ხვდებოდა. თუმცა ყველა აღიარებს, რომ დიალოგი გარდაუვალია. ასე ფიქრობს გოგი ხუციშვილიც: ”ლაპარაკია იმაზე, როგორ მივაწოდოთ ორივე მხარეს იდეები ისეთნაირად, რომ მათი მოთხოვნები დარჩეს, კი არ შეიცვალოს, მაგრამ ამ მოთხოვნების საფუძველზე მოხდეს ფორმულირება ისეთი საერთო დღის წესრიგისა, რომელიც იქნება მისაღები.”

ორივე მხარისთვის მისაღები დღის წესრიგის შემუშავება და დიალოგის გამართვა, ექსპერტთა აზრით, ბევრ ტექნიკურ სირთულესთან არის დაკავშირებული. ჯერჯერობით სირთულეების გადალახვა ვერ ხერხდება. ოპოზიცია საპროტესტო აქციების პიკისთვის ემზადება.

”ყველა ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩავიდეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და უზრუნველვყოთ ჩვენი მხარდამჭერების, იმ ადამიანების ორგანიზებულად ჩამოსვლა თბილისში, დედაქალაქში, ვისაც უნდა მონაწილეობის მიღება სააკაშვილის
ეკა ბესელია
ხელისუფლების გაცილებაში”, - ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ეს განცხადება 17 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ საინფორმაციო მიტინგზე გააკეთა. ის და სხვა ლიდერები ხალხმრავლობის პიკს სამშაბათს მოელიან. მანამდე კი ისინი, აქციის ძირითადი ეპიცენტრების პიკეტირების ფონზე, რელიგიური დღეების მშვიდად გატარებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG