Accessibility links

შეძლებს ობამა ამერიკელების მანქანებიდან მატარებელში გადასხმას?


ხერგილი ლოს ანჯელესის მეათე ავტომაგისტრალზე

ხერგილი ლოს ანჯელესის მეათე ავტომაგისტრალზე

ამერიკელები ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარენ, რაც, ცხადია, იმას მოწმობს, რომ მანქანით მოძრაობა უყვართ. ახალ პრეზიდენტს ამის შეცვლა სურს და რკინიგზის განვითარების იდეით გამოდის.
გავრცელებული აზრის თანახმად, ამერიკელებს თავიანთი ავტომანქანები უყვართ. და ამას არა მხოლოდ ემოციური და ისტორიული საფუძველი აქვს, არამედ პრაგმატულიც. შეერთებული შტატები უზარმაზარი ქვეყანაა. ის ფართობით მხოლოდ გოლიათ რუსეთს, ასევე კანადას და, სავარაუდოდ, ჩინეთს ჩამოუვარდება,ამ უკანასკნელს ინდოეთთან სადავო მიწებსაც თუ მივათვლით. აშშ-ის ტერიტორია 9 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ითვლის. ამ თვალუწვდენელ მიწაზე გაშლილი სარკინიგზო ქსელი კი სასაცილოდ მცირედ გამოიყურება. სასაცილოდ იმიტომ, რომ ამერიკის ავტომაგისტრალები პიკის საათებში ავტოსადგომებს ემსგავსება, ქალაქებში ცას გამონაბოლქვი კვამლი ფარავს, აეროპორტები ვეღარ აუდიან მგზავრთა ნაკადს, მატარებლებით კი ძალიან ცოტა ხალხი მგზავრობს. ამ მსოფლიოს ეკონომიკურად უდიდეს ქვეყანაში სამგზავრო მატარებლის მხოლოდ ერთი სწრაფსავალი გზაა.
ბარაკ ობამას ვითარების შეცვლა სურს. ამ კვირაში ის გამოვიდა იდეით, გაიყვანონ ათ რეგიონში სწრაფსავალი რკინიგზა, რომლითაც ამერიკელები შეძლებენ ფლორიდის პლიაჟებიდან ჩრდილოეთ კალიფორნიის მთებამდე იმგზავრონ. ობამამ ისიც აღნიშნა, და სამართლიანადაც, რომ განვითარებულ სამყაროში მატარებელი არის ყველაზე სწრაფი, არაძვირი სამგზავრო საშუალება და რომ რკინიგზის გაფართოება, გარდა იმისა, რომ გარემოში მავნე აირის გავრცელებას შეამცირებს,სამუშაო ადგილებსაც შექმნის. ობამას თანახმად, ამერიკას სჭირდება გონივრული სატრანსპორტო სისტემა, როგორიც 21-ე საუკუნეს შეესაბამება. ამ მიზნით მთავრობამ 8 მილიარდი დოლარი გამოყო და, როგორც ბარაკ ობამამ თქვა, სარკინიგზო პროექტის განხორციელება ზაფხულის ბოლოს დაიწყება.
ობამას ეს ახალი ხედვა, გადააქციოს ამერიკა მატარებლის მგზავრების ქვეყნად, თამამია და ნოვატორული. ის ეწინააღმდეგება მთავრობის - ასევე გავლენიანი სატრანსპორტო მრეწველობის - წარმომადგენელთა აზრს, რომ სამგზავრო რკინიგზა არაა მომგებიანი. ახლა, ობამას ხანაში, აშშ-ის სახელმწიფო რკინიგზა, სახელწოდებით “ამსტრეკი”, პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. ბუშის ადმინისტრაცია მის სრულიად გაუქმებას აპირებდა.
"ამტრეკის" მატარებელი ნიუ- ჯერსის შტატში
სანამ ვიცე-პრეზიდენტი გახდებოდა, სენატორი ჯო ბაიდენი ვაშინგტონიდან შინ, დედაქალაქიდან 160 კილომეტრით დაშორებულ უილმინგტონში, დელევერის შტატში, რეგულარულად ღამის მატარებლით ბრუნდებოდა. თავის ვებგვერდზე, საინტერნეტო სოციალურ ქსელ “მაისპეისში”, ბაიდენი წერს: ერთი იმ იშვიათ პროფესიონალ კანონმდებელთაგანი ვარ, ვინც არ ცხოვრობს დედაქალაქ ვაშინგტონში და ამიტომ ყოველ ღამით“ამსტრეკით” მივემგზავრები უილმინგტონშიო. და ახლა, ნიუ იორკიდან ჩიკაგოში მოძრავი “ამსტრეკის” მატარებლით, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის დრო ერთობ ხანგძლივია, - 28 საათს საჭიროებს, მაშინ როცა მანქანით ათ საათში გაივლი და ფრენას კი 2 საათი სჭირდება, - მოქალაქეთა სარეკორდო რაოდენობა მგზავრობს. ამერიკელებს, სხვათა შორის, ევროპაში აღაფრთოვანებთ ფანტასტიკური სარკინიგზო სისტემა, მოსწონთ სიმშვიდეში, სისუფთავეში, სწრაფად და თან ნაკლები ხარჯით, საცობების გარეშე, გზის უცოდინრად მგზავრობა. ჯერჯერობით ამერიკელებს თავიანთი დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც პრეზიდენტი სთავაზობთ, არ გამოუხატავთ. ალბათ, იმიტომ, რომ ეს პროექტი ჯერჯერობით გეგმას წარმოადგენს მხოლოდ. მათ, ალბათ, თავიანთი ავტომობილები კვლავაც ეყვარებათ, მაგრამ ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ გაიზრდება სიყვარული მატარებლით მგზავრობის მიმართაც.
XS
SM
MD
LG