Accessibility links

logo-print

კოდორის ხეობიდან გამოძევებული მღვდელმსახური უკან დაბრუნების იმედითაა


მაგრამ აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე სეპარატისტული სოხუმის ხელისუფლებამ ქართველ სასულიერო პირებს ტერორისტული აქტების მომზადებაში დასდო ბრალი და ხეობიდან გამოაძევა.
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის, კოდორის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელს, მამა გიორგი გურჩიანს რადიო თავისუფლება ზემო აფახაზეთში გასული წლის 12 მაისს შეხვდა. კოდორის ხეობაში მაშინ მშვიდობისა და აღმშენებლობის განწყობა სუფევდა. ფუნქციონირებდა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურები, აიგო სამი მცირე ჰესი და გაიჭრა ახალი შემოვლითი გზა საკენიდან აჟარამდე, ახლად გარემონტებული იყო სოფელ აჟარის სკოლა და ლაზარეთი. კოდორის ხეობაში მყოფი მღვდელ-მონაზვნები, ადგილობრივების დახმარებით, აშენებდნენ საკნებს და ზემო აფხაზეთში პირველი საკათედრო ტაძის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, მშენებლობისათვის ემზადებოდნენ.

”აქ დაიწყება საკათედრო ტაძრის მშენებლობა. მიტროპოლიტი დანიელი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია უკვე შეთანხმებული არიან, რომ აქ უნდა დაიწყოს კაი, გრანდიოზული მშენებლობა”, - გვითხრა მაშინ მამა გიორგიმ.

მაგრამ ამ საუბრიდან ორი თვის შემდეგ რუსეთმა უპრეცედენტო სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ზემო აფხაზეთი, რომელსაც 2008 წლის 10-11 აგვისტოს რუსეთის ავიაცია მასირებულად ბომბავდა. პარალელურად, ორი მიმართულებით -ზუგდიდი-საკენისა და სოხუმი-ლათას მიმართულებით - დაიწყო სახმელეთო ჯარების შეტევა ზემო აფხაზეთში თავმოყრილ ქართულ საპოლიციო და საჯარისო ქვედანაყოფებზე.

10 აგვისტოდან კოდორის ხეობა უკვე იცლებოდა იქ მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისაგან; გაწყვეტილი იყო კავშირი სამხედრო სარდლობასთან, რომელიც უკან იხევდა, ანადგურებდა ტყვია-წამლის საწყობებს და ალყიდან თავის დაღწევას ცდილობდა. შარშანდელი აგვისტოს იმ რთულ წუთებში, რადიო თავისუფლების ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ქართველი მღვდელმსახური, მამა გორგი გურჩიანი რჩებოდა. სწორედ ზემო აფხაზეთში დარჩენილი მღვდელმსახურისაგან გაიგეს შარშან აგვისტოში ჩვენმა რადიომსმენელებმა, როგორ დაეცა სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობა:

”დაიკავეს ხეობა, რაღაც ობიექტები დაბომბეს - ის ობიექტები, სადაც, მათი ვარაუდით, ალბათ, ელოდნენ წინააღმდეგობას, და შემოვიდნენ და დაიკავეს ხეობა. სანამ ეს მოხდებოდა, 12 რიცხვამდე, ხდებოდა ინტენსიურად კოდორის ხეობის დაბომბვა. ნახევარტონიანი საავიაციო ბომბებით იბომბებოდა სამხედო ობიექტები და სოფლები. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა. უშუალოდ დაბომბვის დროს მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაბომბვის შემდეგ ორი ადამიანი გარდაიცვალა.”

მომხდურებმა ავტომატის ჯერით დაცხრილეს ქართველი ბერების საცხოვრებელი საკნებიც. თუმცა, რუსი სამხედროების ჩარევის შედეგად, ინციდენტი მოგვარდა და ქართველ მღვდელმსახურებს ნება დართეს გაეგრძელებინათ საქმიანობა ოკუპირებულ ხეობაში. მაგრამ აფხაზ სეპარატისტებს უკვე ჰქონდათ მოპოვებული დოსიე მამა გიორგი გურჩიანზე და ყველანაირ მიზეზს ეძებდნენ, იძულებული გაეხადათ, დაეტოვებინა კოდორის ხეობა. საქმე ის გახლავთ, რომ ვიდრე ბერად შედგებოდა, მამა გიორგი, ერისკაცობაში ტარიელ გურჩიანი, ჯერ აფხაზეთს იცავდა, შემდეგ კი მის ერთადერთ არაოკუპირებულ ნაწილს. კოდორის ხეობიდან დაღუპულ 52 სვანს შორის მისი ძმაც არის. მამა გიორგი ამბობს, რომ ოჯახიდან გვარის გამგრძელებლად მხოლოდ ისღა დარჩა, რის გამოც მას ახლობლებმა ომში მონაწილეობის გაგრძელება აუკრძალეს. ამის შემდეგ გიორგი გურჩიანი ჯერ რუსულს ასწავლიდა, შემდეგ კი სასულიერო განათლება მიიღო და ბერად შედგა. მონაზვნებად აღიკვეცნენ მისი მამიდები და კოდორის ხეობაში განაგრძეს სასულიერო მოღვაწეობა.

”აქ, ხეობაში, მოხდა ჩემი პირველი ხელდასხმა. ალბათ, არც არსებობს ისტორიული წყაროები, აღკვეცილა თუ არა აქ ვინმე ბერად. პირველი მე ვიყავი, აქ მეუფე დანიელმა დამასხა ხელი და ჩემს შემდეგ ჩემი მამიდები აღიკვეცნენ მონაზვნებად. აი, მთელი კოდორის ხეობის საულიერო პირების ისტორია ეს არის.”

ვიმეორებთ, ბერმონაზონ გიორგი გურჩიანთან ეს ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ შარშან, მაისში, კოდორის ხეობაში ჩაიწერა. ინტერვიუში ნახსენები ბერმონაზვნები კოდორის ხეობაში ოკუპაციის შემდეგაც რჩებოდნენ. ლოცულობდნენ, ნუგეშს სცემდნენ იქ დარჩენილი რამდენიმე ათეულ, ძირითადად, ხანდაზმულ ადგილობრივ მცხოვრებს და უყოფდნენ მათ საკუთარ სარჩო-საბადებელს. საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა, ილია მეორემ, კოდორის ხეობაში დარჩენილ ქართველ ბერმონაზვნებს კურთხევა მისცა დამორჩილებოდნენ ადგილობრივ აფხაზურ ხელისუფლებას, რათა გადაერჩინათ საკუთარი სიცოცხლე.

”რაც შეეხება დამორჩილებას, როგორც საქართველოს ავტოკეფალიური დედაეკლესიის წევრს, ჩვენ ვიმყოფებით აფხაზეთში, რომელიც ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს და ვასრულებთ ჩვენი დედაეკლესიის ლოცვა-კურთხევას.”

თუმცა ეს იძულებითი ლოიალობაც არ აღმოჩნდა საკმარისი სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებისათვის. მათ ქართველ სასულიერო პირებს მოსთხოვეს დამორჩილებოდნენ არაღიარებულ და არაკანონიკურ აფხაზეთის ეკლესიას, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. ამის შემდეგ აფხაზმა სამართალდამცველებმა ქართველი სასულიერო პირები სოხუმში გადაიყვანეს, მათ ტერორისტული აქტების მოწყობა დააბრალეს და ოკუპირებული აფხაზეთის დატოვება უბრძანეს. ეს მოხდა 2 აპრილს, აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე. თუმცა მამა გიორგის, რომელსაც საქართველოს პატრიარქმა არქიდიაკვნის სასულიერო წოდება მიანიჭა, დარწმუნებულია, რომ, ღვთის შეწევნით, საქართველო კვლავ გაერთიანდება და ისიც დაბრუნდება კოდორში, რომელიც ახლა თითქმის დაცლილია.

”არც ერთი სასულიერო პირი აღარ დარჩა კოდორის ხეობაში და ამის გამო ის 60-მდე ადამიანი, ვინც კიდევ დარჩა ხეობაში, ისე არიან განწყობილნი, რომ ჩვენ არ გვინდა იქ ყოფნაო”, - გვეუბნება მამა გიორგი
საუბარში.
XS
SM
MD
LG