Accessibility links

logo-print
12 აპრილი, კვირა
ბზობა გათენდა. გვიან ავდექი და მეუღლესთან ერთად სიონში წავედი. სანთელს რომ ვანთებდი, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი მომიახლოვდა: “აი, მაგათი დიალოგი, მოვიდნენ და დაგვარბიეს. ერთი ხელით დიალოგს გვთავაზობენ და მეორეთი გვარბევენ! მაგათთან დიალოგი არ შეიძლება”. ცოტა დავიბენი, მაგრამ რაღაცნაირად ხომ უნდა განიმუხტოს სიტუაცია-მეთქი – ამის თქმა მოვახერხე. “წავიდეს და განიმუხტება! მაგრამ არ არის ეკლესიაში მაგაზე ლაპარაკის ადგილი”, - მომიგო ქალბატონმა ნათელამ. ეკლესიიდან გამოსული, დიდხანს დავბოდიალებ ეზოში, იმედი მაქვს, რომ ქალბატონ ნათელას მოვკრავ თვალს, მაგრამ ვეღარსად ვნახულობ.


გზიდან ხელისუფლების დიდჩინოსანს ვურეკავ და გუშინდელი ინციდენტის შესახებ ველაპარაკები. ჩემი ძველი მეგობარია და იმედი მაქვს, რომ…

მოკლედ, ჩემი სავაჭრო ისევ დიალოგის თემაა. “ეს რა იყო გუშინ?” – ვეკითხები ბზობის მილოცვის შემდეგ. “მე გიჟი ვარ, დიალოგზე რომ ვლაპარაკობ?” მარწმუნებს, რომ არაფერი მომხდარა, ჩხუბიც კი არ ყოფილა, მხოლოდ გაწევ-გამოწევა იყოო. “ნახე ვიდეო” – მირჩევს იგი.

სახლში მოვედი და მთელი დღე აღარსად გავსულვარ. კვირა დღეა და არსად წავალ. იმედია, არც არავინ დარეკავს. სახლში მისული დავჯექი და სტატიის წერას შევუდექი. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო ვათვალიერე. ათჯერ მაინც ვნახე. ჩხუბი მართლაც არ ჩანს, არც ხელკეტები. ოღონდ ეგაა, კადრებზე დრო არაა დაფიქსირებული. ცუდ ხასიათზე ვარ. რას გაუგებ ამათ? ერთი კია, არ მესმის რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს. “რაღაც სხვა ამბავია”, ვფიქრობ ჩემთვის. მერე მეგობრებმა გამოიარეს, სამი დღეა მოდიან და მე სახლში არ ვარ. ასე დაღამდა.

13 აპრილი, ორშაბათი
დილით "მწვანე ტალღა" შემომეხმიანა, დღეს დავით დარჩიაშვილი და დავით ზურაბიშვილი დებატობენ სტუდიაში, მე უნდა ჩავერთო და კომენტარი გავაკეთო. უკვე ერთი თვეა, ყველა მხარეს დიალოგს ვეხვეწები და ამ დებატებსაც ინტერესით დაველოდები. იქნებ, ყინული გალღვეს? მანამდე ოფისში ავედი, ნიუსებს ვათვალიერებ, რომ არაფერი დამრჩეს ყურადღების მიღმა.

დებატებზე დავით ზურაბიშვილმა კვლავ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. მე გაფაციცებით ვუსმენ, იქნებ, რაიმე ხელმოსაჭიდი დავიჭირო. აი ისიც! ზურაბიშვილი ამბობს, რომ ისინი პრეზიდენტის გადადგომას კრიზისიდან განმუხტვის ერთადერთ გზად განიხილავენ, თუმცა თუ ხელისუფლებამ სხვა გზა იცის, ყურადღებით მოუსმენენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ერთადერთ მოთხოვნად დღემდე პრეზიდენტის გადადგომა რჩება, ის, რომ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადადგომის გარდა სხვა მოსაზრების არსებობას თუნდაც თეორიულად შესაძლებლად მიიჩნევს, უკვე ნიშნავს, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა რადიკალური მოთხოვნის მოსახსნელად იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება შექმნილი სიტუაციის ადეკვატური აღქმა და საპასუხოდ მნიშვნელოვანი, სერიოზული, სისტემური ცვლილებების შეთავაზება საზოგადოებისათვის.” – ასეთია ჩემი კომენტარი. ცნობიერების ნაკადი გამომივიდა. რა უბედურებაა ამხელა წინადადება?! მოკლედ, დარჩიაშვილმა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო, ზურაბიშვილმა საერთოდ ყურადღება არ მიაქცია. მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ დიალოგის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე.

ნაშუადღევს ოპოზიციის ყველაზე კონსტრუქციულ ლიდერს ვურეკავ და ვხვდები. “რას აპირებთ?” – ასეთია ჩემი კითხვა. “არ ვიცი” – ოხრავს იგი. “დღეს რეზიდენციასთან კარვებს შლიან, იმედია პროვოკაცია არ მოხდება”, – ამატებს შემდეგ. მე ვეუბნები, რომ პროვოკაცია ახლა მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს კარვები სწორედ ხელისუფლების პროვოცირების იმედით იდგმება. თვალებით მეთანხმება მაგრამ ვატყობ, რომ უმწეოა ამ სიტუაციაში. ამ სიტყვებით ვშორდებით. საღამოს კიდევ ვცდილობ ლიდერებთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყურმილს არ იღებენ. წავედი სახლში.

14 აპრილი, სამშაბათი

გუშინ რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, იმ ექსპერტებს ველაპარაკე. მაინტერესებდა, რა ლაპარაკი იყო და თუ ხედავდნენ რამე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. როგორც ველოდი, გაირკვა, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილი პოლიტიკოსობს. რა სამწუხაროა, რომ საკუთარ პროფესიას პატივს არავინ სცემს. არც ობიექტურობა უნდა ვინმეს, არც გონიერება. როგორც კი შეატყობენ, რომ ქარმა დაუბერა, ყველა აფრებს შლის. ღუზის ჩაშვება არავის უნდა, დინების წინააღმდეგ წასვლა კი შტერობის სინონიმია. სადაა პრინციპები, სადაა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა? არავინ იცის. ემოცია, აგრესია და ანგარება წარმართავს ყველაფერს. კონფორმიზმი და ჯოგურობა განწონის ყველას.

საღამოს ანი დოლიძე შემომეხმიანა სკაიპით. თავისიანები დაკავშირებიან თბილისიდან, ჩემსავით შეშფოთებულები. რაციონალური ხალხი შფოთავს ვითარების უკიდურესი რადიკალიზაციის გამო. ანი უკვე განცხადების ტექსტს წერდა და ამაზე ვილაპარაკეთ. გადავწყვიტეთ, მეგობრებს დავუკავშირდეთ და კიდევ ერთხელ ვცადოთ დიალოგის თემის წამოწევა.

15 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს დიდი მედიააქტიურობა შეინიშნება ჩემს ირგვლივ. დილაადრიან რადიო "პალიტრამ" გამაღვიძა სატელეფონო ჩართვისთვის. არც კითხვა მახსოვს და არც პასუხი. მერე "ტელეიმედიდან" დამირეკეს ვაშაძე-კლინტონის შეხვედრის კომენტირებისთვის. დღეს ეს თემაა ყველაზე აქტუალური. "იმედი" და საზოგადოებრივი არხი ერთად მოვიდნენ. წასულები არ იყვნენ, რომ "ალანია" დამადგა. შემდეგ ერთ უცხოელ დიპლომატს შევხვდი. ისიც შეშფოთებულია, უკვირს, რომ ოპოზიციაში ჯერაც ვერ მოიძებნა ისეთი ძალა, რომელიც კონსტრუქციულ კალაპოტში გადაიტანდა ვითარებას. შეხვედრიდან გამოსულს "რუსთავი 2"-მა მომაკითხა იმავე თემაზე, იქვე მოვიდა "მაესტროც". შემდეგ კიდევ რომელიღაც რადიო შემომეხმიანა. ყველას ერთი და იგივე აინტერესებს. რა მესიჯები წამოვიდა ამერიკიდან? მე ვამშვიდებ: “ამერიკა საქართველოს ვერ დათმობს.” იმასაც ვამბობ, რომ “ამერიკა მშვიდობისა და კონსტრუქციულობისაკენ მოგვიწოდებს”.

ამის შემდეგ "მეტეხში", სამოქალაქო საზოგადოების თავყრილობაზე მივდივარ. ლაპარაკობენ ძალადობაზე. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მონიტორინგს ატარებენ. მეც ვუერთდები ძალადობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს და აქვე ვამბობ, რომ მხოლოდ მონიტორინგი საქმეს ვერ უშველის, თუ პროცესის რადიკალიზაცია არ გამოირიცხა. ეს გაღიზიანებას იწვევს. რადიკალიზმი ახლა მოდაშია. ხუთი წუთი ველოდები კომენტარებს და იქიდანაც მოვდივარ.

შემდეგ რატის ვურეკავ. მას უკვე მობილიზებული ჰყავს ხალხი. ანის ტექსტის დასამუშავებლად რადიო "უცნობის" შენობაში დავსხედით, ბასას კაბინეტი გამოვკეტეთ. მე, დათო ტურაშვილი, ბასა, ზაზა, ლაშა და კიდევ რამდენიმე ადამიანი განცხადების ტექსტს ვადგენთ. ვიჩხუბეთ, ვიყვირეთ, ტექსტი ათჯერ გადავწერეთ. არაფერი გამოვიდა. მერე მე და ზაზა დავსხედით და დავწერეთ. მერე ტურაშვილის ერთი აბზაცი ჩავამატეთ, მერე სხვებს წავაკითხეთ, ლაშამ რაღაცები შეასწორა. მოკლედ, დავამთავრეთ, ბევრი სიგარეტი მოვწიეთ, შევთანხმდით და დავიშალეთ.

16 აპრილი, ხუთშაბათი
დღეს პრესკონფერენციას ვაწყობთ. თარხნიშვილის ქუჩაზე რომ ლიტერატურული კაფეა, იქ შევიკრიბეთ და მედია მოვიწვიეთ. ბევრი მოვიდა. საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს დიალოგისკენ მოვუწოდეთ, განცხადება რატიმ წაიკითხა. მერე ინტერვიუები მივეცით და დავიშალეთ.
მე "პიკის საათში" წავედი დათო პაიჭაძესთან. იქაც დიალოგზე ვლაპარაკობთ. უცნაურია, უკვე მერამდენედ ვლაპარაკობ ამ თემაზე და რადიომსმენელს გაღიზიანებას ვერ ვამჩნევ. ამ დროს კი პოლიტიკოსები მიმტკიცებენ, რომ ხალხი ცალსახად რადიკალიზმის მომხრეა. არ ვიცი, არ მჯერა მე ამ ამბის. უფრო ის მგონია, რომ ცოტა მეტი რაციონალიზმი რომ იყოს დღევანდელ პროცესებში, ხალხიც უფრო აქტიური იქნებოდა. დიდი ხანია ამას ვამტკიცებ და ბოლოს მიშისტად მოვინათლები, ვიცი. ძალიან რთულია კომუნიკაცია, დიდი, ტლანქი ფარდაა ჩამოფარებული ყველგან, დიალოგი შეუძლებელია. რა გასაკვირია, რომ დიალოგი სატანის ენად მოინათლა?

საღამოს რადიო "უცნობის" ეთერში ვიკრიბებით. პარალელურად, "მაესტროც" გადასცემს ამ შეხვედრას. ეთერში ნინო ჟიჟილაშვილი წაგვიძღვა. ვლაპარაკობთ დღევანდელი განცხადების შესახებ, დიალოგის შესახებ. ზარები შემოდის და ლამისაა გვაგინონ. ხდება ტრაგიკომედიაც - კოკა ყანდიაშვილი ანონიმურად რეკავს და მიშისტებს გვეძახის. ლაშა ბუღაძემ იცნო. ყოჩაღ, ლაშა! მერე ისევ დარეკა და აღიარა, რომ მართლა ის იყო. კიდევ რაღაცებს პროვოკატორობდა, მაგრამ მე აღარ ვუსმენდი. ეს ქვეყანა მართლაც ჩალითაა დახურული…

ღამე "საკანს" მივჩერებივარ. იქაც ჩვენ გვლანძღავენ. ლაშა ბუღაძემ დარეკა და სცადა, რაღაც რაციონალიზმი შეეტანა, მაგრამ არ უსმენენ. “კარგი, კარგი, სხვამაც დარეკოს” – ასეთია გიას ვერდიქტი ლაშას განმარტებებზე.

17 აპრილი, პარასკევი
დილიდან ვჯდები და მორიგი განცხადების წერას ვიწყებ. 4 საათზე უნდა შევიკრიბოთ საინიციატივო ჯგუფი და ვფიქრობ, რომ კონკრეტული ტექსტი თუ გვექნება, მსჯელობაც უფრო საგნობრივი გამოვა. ამიტომ, ვცდილობ, ძირითადი ნაწილი შეხვედრამდე ჩამოვაყალიბო.

ტექსტი მზადაა და შეხვედრაზე მივდივარ. ყველა ადგილზეა და ვიწყებთ მსჯელობას. შენიშვნებს და წინადადებებს ვინიშნავ, ვთანხმდებით, სამშაბათს ან ოთხშაბათს მორიგ პრესკონფერენციას ვგეგმავთ და ვიშლებით.

საღამოს "ბარიერში" რატი და ნინო არიან და ეკრანს მივუჯექი. კარგად მიდის საქმე, დიალოგი რომ აუცილებელია, ყველა თანახმაა, მაგრამ ამ დროს ჯანრი კაშია გაუგონარ მონოლოგს იწყებს, სტუდიაში მიტინგი შემოყავს. დიალოგი სატანის ენაა – ესაა მისი მონოლოგის მოტივი. “გაიხსენეთ ქრისტესა და ეშმაკის დიალოგი” – მოგვიწოდებს უწიგნურ ქართველებს. “იქ ქრისტე ამბობს, ფუი, ეშმაკოო”. ნინომ კარგად უთხრა – იქ “ფუი, დიალოგო” არ თქმულაო, მაგრამ ვის ესმის.

რამდენად შეიძლება შეშალოს ადამიანი რადიკალიზმმა?! როგორ წარმოვიდგინო, რომ კაშიას დიალექტიკის შესახებ არაფერი სმენია? ნუთუ, პავლეს ეპისტოლეების პატარა ნაწყვეტი მაინც არ წაუკითხავს? ან ვინმეს მაინც არ უთქვამს, რომ ეს უდახვეწილესი დიალექტიკის ნიმუშებია? საოცარია პირდაპირ! და ამ კაცს გონიერ ადამიანად იცნობენ. არ არის საოცარი? არა, "ვეფხისტყაოსანი" მაინც არ წაუკითხავს?

18 აპრილი, შაბათი
დილიდან დღიურებს ჩავუჯექი. უნდა გადავხედო და დღევანდელზეც რამე დავწერო. ანი მიროტაძე მირეკავს. “ანდრო, გამაგებინე რა, რას გულისხმობ ამ დიალოგში” – ეს არის ანის კითხვა. კარგია – გამინათდა გონება! – ვუპასუხებ და დღიურების დასასრულადაც გამოდგება.

ანი, - ვეუბნები – სულ ამას ვამბობ და ამ ხალხს არ ესმის. არის რამდენიმე მთავარი არგუმენტი.

1. როდესაც მოწინააღმდეგე დიალოგს გთავაზობს, თუნდაც იმისთვის უნდა დათანხმდე, რომ არაკონსტრუქციულის იარლიყი არ მოგეკეროს;

2. უნდა დათანხმდე თუნდაც იმისთვის, რომ მისი გულწრფელობა შეამოწმო;

3. თუ არ დათანხმდი, მაშინ სიმართლე მის მხარეზე გადადის და შეუძლია ძალაც გამოიყენოს;

4. “ისევ მომატყუებს” სულელური არგუმენტია, იმიტომ რომ თუ კომპრომისზე ვერ ითანხმებ, მაშინ როგორ ამტკიცებ, რომ მისი გადაყენება შეგიძლია?;

5. რადიკალიზმი მიუღებელია ყველა შემთხვევაში. აგრესიის წინააღმდეგ აგრესიით ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება გადააყენო სააკაშვილი, მაგრამ თავად იმაზე უარესს შვრები, ვითომ რის გამოც ამართლებ აგრესიას;

6. ამიტომ, მაინცდამაინც სააკაშვილის დაუყოვნებელი გადაყენება კი არ უნდა იყოს ცივილიზებული ოპოზიციის სამიზნე, არამედ სისტემის შეცვლა, და დიალოგი სწორედ ამ სისტემის შესაცვლელად უნდა წარიმართოს;

7. სისტემის შეცვლა უფრო ადვილია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რადგან მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება ასე თუ ისე გარკვეულია და ხალხი დემოკრატიულ ცვლილებებს ცალსახად მხარს დაუჭერს;

8. მტკიცება, რომ სისტემას ახალი მმართველი შეცვლის, ტყუილია. ახალ მმართველს არ ეყოლება ისეთი დამბალანსებელი, როგორიც დღევანდელ ხელისუფლებას შეიძლება ჰყავდეს უკმაყოფილო ხალხის სახით;

9. ოპოზიციის არც ერთი ძალა არ არის მზად, რომ ხელისუფლება გადაიბაროს. მათ დრო სჭირდებათ;

10. არეულობის დაშვება არ შეიძლება, საგარეო საფრთხეები ფუჭი საფრთხობელა არაა;

11. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს. ამიტომ, რეფერენდუმის საკითხი დიალოგის მთავარი თემა უნდა იყოს. სისტემის შეცვლა და რეფერენდუმი – აი, გზა ორიოდ სიტყვით;

12. მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგავართ, არ შეიძლება გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა. ეს აინშტაინის სიტყვებია.

ამასობაში, იერუსალიმის აღდგომის მონასტერში უნივთო ცეცხლი გადმოვიდა.

ჯერ კიდევ არის დრო. წავედი ჩაწერაზე…

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG