Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 20 აპრილი 2009


”ოპოზიციამ სააკაშვილი უნდა გამოიჭიროს ისეთ საზოგადოებაში და ისეთ გარემოში, სადაც პრეზიდენტი იძულებული გახდება ოპოზიციის დაყენებულ საკითხებს უპასუხოს. აქამდე ასეთ პოზიციაში არ ყოფილა და ოპოზიციამ პასუხი უნდა გააცემინოს თავის კრიტიკულ შენიშვნებზე. როდესაც ოპოზიცია აყენებს მთავარ საკითხს - პრეზიდენტის გადადგომას, ხელისუფლება ვერ ახერხებს საპასუხოდ წამოაყენოს ერთი მთავარი საკითხი, რაც ამ მოთხოვნის საპირწონე იქნება და მასზე სასაუბროდ დაიყოლიოს ოპოზიცია”, - ამბობს ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი. ამ გაზეთს მიმოხილვაში მივუბრუნდები, მანამდე კი ”კვირის ქრონიკიდან” ზოგიერთ ციტატას გაგაცნობთ.

”ალიას” ყოველკვირეული გამოცემა ტრადიციას არ ღალატობს და პოლიტიკოსებს მომავალი კვირის გეგმებზე ეკითხება. დავით ზურაბიშვილი: ”კარგად იქნება ყველაფერი. სამშაბათს ჩვენ, ალბათ, კახეთიდან და აღმოსავლეთ საქართველოდან მოვუხმობთ ჩვენს მხარდამჭერებს, ხოლო ოთხშაბათს დასავლეთ საქართველოდან წამოვა კოლონა... ჰოდა, ძირითადად მოვლენები განვითარდება რუსთაველზე”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი. სოსო შატბერაშვილი: ”რაიონებში გასვლას არ ვგეგმავთ. ჩვენ ვართ თბილისში”. ეკა ბესელია: ”ამ პოლიტიკურ პროცესში ყველას აქვს თავისი უნიკალური პოლიტიკური როლი, მათ შორის - ”უცნობს”, რომელსაც არაჩვეულებრივი პროექტი აქვს დაწყებული. ვფიქრობ, მისი გამოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ეს ძალიან დიდ მუხტს შესძენს აქციას. ამის შემდეგ იწყება მესამე ტალღა - რეგიონებიდან ხალხის ჩამოსვლა”, - ამბობს ბესელია. ”კოალიცია თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე: ”ჩვენ ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში წასვლას, სადაც ჩვენი ელექტორატის უძლიერესი ნაწილია. რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი სამოქმედო არეალი სამეგრელო იქნება... სამეგრელოდან ჩვენი რაიონული ორგანიზაციები გველოდებიან ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობში, მარტვილში, სენაკში, აბაშაში... გველოდებიან ქუთაისის, ზესტაფონის, გურიის ორგანიზაციები, რომლებსაც შევკრებთ და გვინდა განვვლოთ ის გზა, რომელიც უნდა გაევლო ბატონ ზვიად გამსახურდიას 1993 წლის ოქტომბერს, როდესაც ის კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად თბილისისკენ მიდიოდა და რომელიც შეაჩერა ადმირალ ედუარდ ბალტინის ჯარებმა”, - ამბობს სანდრო ბრეგაძე. ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელ ირაკლი მელაშვილის თქმით კი, ”ამ კვირიდან თბილისში აღარ დარჩება სახელმწიფო შენობა”, სადაც არ იქნება პიკეტირება. პოლიტიკოსთა გეგმების შესახებ ”კვირის ქრონიკა” წერს.

”კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან: ”ვთვლი, რომ შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. პირადად უნდა გავაცნოთ მას ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის საფუძველი. შეხვედრა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ როდესაც შეხვედრაზე მიდიხარ, აუცილებელია, მეორე მხარესაც მოუსმინო და გაიგო - რას გთავაზობს ის მოლაპარაკების პროცესში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია თმობს თავის მოთხოვნას პრეზიდენტის გადადგომასთან და ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ინტერესები არის უზენაესი, რაც ყველა მოთხოვნაზე მაღლა უნდა დავაყენოთ”, - აცხადებს ალასანია.

”კვირის პალიტრაშივე” იბეჭდება ინტერვიუ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან: ”შეიძლება ”კავკასიური ცარცის წრის” ერთი სცენაც მოვიყვანოთ მაგალითად, როცა ქალბატონები - ნამდვილი დედა და გამზრდელი - ბავშვს ვერ იყოფენ და ბოლოს გამზრდელი უშვებს ხელს პატარას, რომ რამე არ ატკინოს. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარეს - ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც - ერთმანეთზე ნაკლებად არ გვიყვარს საქართველო. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ პირველებმა გავუშვათ პატარა მიშიკოს ხელი, პირველებმა გადავდგათ ნაბიჯი, მაგრამ ეს არ უნდა ჩაითვალოს სისუსტედ, პრინციპებისა და იდეალების ღალატად. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანას უკეთესი ხვალინდელი დღე მოვუტანოთ. ჩვენი ნაბიჯის საპასუხოდ ოპოზიციამ არ უნდა გვითხრას - თქვენ წადით და ჩვენ მოვალთო. ხელისუფლებას ნერვები არ უმტყუნებს. არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც სანანებელი გაგვიხდება”, - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG