Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 20 აპრილი 2009


“ქართველი და პუტინი: სიძულვილის ამბავი”

საქართველოში საპროტესტო ტალღის შენელების მიუხედავად, დასავლეთის პრესა კვლავინდებურად დაწვრილებით აშუქებს საქართველოში მიმდინარე, თუ საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებს. განსაკუთრებული ინტერესის საგნად რუსეთთან ურთიერთობა რჩება.

“ქართველი და პუტინი: სიძულვილის ამბავი” - ასეთი მრავლისმეტყველი სათაური აქვს შერჩეული სტატიას, რომელსაც “ნიუ იორკ ტაიმსი” ბეჭდავს. სტატიის ავტორს, კლიფორდ ლევის “სიძულვილის” საილუსტრაციოდ მოჰყავს რამდენიმე ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი მიხეილ სააკაშვილის და ვლადმირ პუტინის ურთიერთობიდან.

თხრობა იწყება 2004 წლის თებერვლით, პრეზიდენტად სულ ცოტა ხნით ადრე არჩეული მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტით მოსკოვში. სააკაშვილს, ვკითხულოთ “ნიუ იორკ ტაიმსში”, დაუგვიანია პუტინთან (მაშინ პრეზიდენტ პუტინთან) შეხვედრაზე. “სააკაშვილმა, როგორც ჩანს, დროის შერძნება დაკარგა სასტუმროს აუზში” ცურვისასო, ვარაუდობს ამერიკელი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ისიც არის ცნობილი, თუ რა უთხრა პუტინმა კრემლში დათქმულზე ნახევარი საათით უფრო გვიან მისულ ქართველ კოლეგას: “იმედია, ცურვამ სიამოვნება მოგანიჭათო”.

ასე დაიწყო პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გადამწყვეტი მნიშვენლობის ურთიერთობა, - განაგრძობს “ნიუ იორკ ტაიმსში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი: ბრძოლა სრულიად განსხვავებული ხასიათისა და მისწრაფებების ორ მამაკაცს შორის. ერთს, მიხეილ სააკაშვილს, კლიფორდ ლევი ასახავს მოდერნიზაციის მომხრე ახალგაზრდა და იმპულსურ პოლიტიკოსად, სათავეში რომ მოექცა ფერად რევოლუციებს, რომელთაც ბოლო უნდა მოეღოთ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი რეჟიმებისთვის. მეორეს - ვლადიმირ პუტინს კი სტატიის ავტორი უწოდებს პირქუშ, ფრთხილ კაცს, კაგებეს ყოფილ ჯაშუშს, რომლის შეხედულებებიც დიდად არ განსხვავდებოდა წარსულისაგან და რომელსაც თავისი ხალხის ძველი დიდების დაბრუნება სურდა.

“ნიუ იორკ ტაიმსში” როგორც ვკითხულობთ, სააკაშვილსა და პუტინს შორის განხეთქილებას, რომელმაც კულმინაციას მიაღწია აგვისტოს ომით, შორს მიმავალი შედეგები აქვს დასავლეთისთვისაც - აგვისტოს ომი და მის გარშემო შექმნილი ვითარება, როგორც ცნობილია, ყველაზე მწვავე უთანხმოებას იწვევს ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობაში ცივი ომის შემდეგ.

ამავე სტატიაშია მოყვანილი სააკაშვილის და პუტინის ურთიერთდამოკიდებულების ამსახველი ზოგი სხვა ეპიზოდიც, მათ შორის ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტს პუტინი “ლილიპუტინად” ჰყავდეს მოხსენიბული და პუტინის განცხადება, რომელიც ბევრის გასაგონად ითქვა - სააკაშვილის სხეულის გარკვეული ნაწილით დაკიდების გეგმის თაობაზე...

თუმცა სტატიაში ლაპარაკია ორ ლიდერს შორის არა მარტო დაპირისპირებას და კონტრასტზე, არამედ მსგავსებაზეც. ამ მხრივ, “ნიუ იორკ ტაიმსში”, ფაქტობრივად, ერთი არგუმენტია მოყვანილი - პრესის შევიწროვება რუსეთშიც და საქართველოშიც.

სააკაშვილსა და პუტინს მოიხსენიებენ საინტერნეტო გამოცემა “ფორნ პოლისის” დღევანდელ პუბლიკაციაშიც სათაურით “ხუთი მთავრობა, რომელიც დაცემას იმსახურებს”. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ამ ხუთადგილიან სიაში შეყვანილი არიან ტაილანდის, ნეპალის და გერმანიის მთავრობები. საქმე არ ეხება რაიმე სახის რეიტინგს, არამედ ჩამონათვალს და, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში, ასახულია ხელისუფლების მიღწევები და შეცდომები.

საქართველოს რაც შეეხება, პუბლიკაციის ავტორის, ენი ლაურის შეფასებით, სააკაშვილი უნდა გადადგეს ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში არაკომპეტენტურობის გამო. “ომი შესაძლოა რუსეთის დაწყებული იყოს და გლობალური ეკონომიკა პრობლემებს განიცდიდეს, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკამ საქმეს ვერ უშველაო”, წერს ლაური და იქვე გვათავაზობს ბოლო წლების მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მოკლე შეჯამებას. მისივე შეფასებით, ოპოზიციის კანდიდატები სააკაშვილზე ბევრად უკეთესი არ არიან. პუტინის გადადგომა კი, “ფორნ პოლისის” ექსპერტის შეფასებით, რუსეთში მისი პოპულარობის მიუხედავად საჭიროა იმის გამო, რომ პუტინმა ვერ შეძლო და ვერც ახლა ახერხებს გაატაროს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც რუსეთს დააძლევინებდა საფინანსო კრიზისს.

დაბოლოს, ყოველკვირეულ გამოცემა “ნიუსუიკში” დაბეჭდილ სტატიაზე. მისი ავტორების, ოუენ მეთიუსისა და ანა ნემცოვას ყურადღების ცენტრშიც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოქცეული. ამ ამერიკული გამოცემის სტატიაში ვკითხულობთ 2003 წლის ვარდების რევოლუციაზე, მასთან დაკავშირებულ იმედებზე და დროთა განმავლობაში სააკაშვილის პოპულარობის კლებაზე, პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებზე.

პუბლიკაციის ავტორების შეფასებით, “საქართველო დღესაც უფრო ლიბერალური და ეკონომიკურად ძლიერია, ვიდრე მისი ბევრი მეზობელი, მაგრამ სააკაშვილს, სხვა თუ არაფერი, თავის სასარგებლოდ მაინც მოუწევს გზის გამონახვა პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად. ქართველებს არ სურთ ჰყავდეთ ლიდერი, რომელიც თავისი ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას შესწირავს ნატოსა და დასავლეთის სიყვარულს. მათ სურთ სახელმწიფოს უძღვებოდეს პრაგმატიკოსი, რომელიც შეძლებს ქართველებისთვის საჭირო შეთანხმებების მიღწევას, რუსეთთან ვაჭრობის აღდგენას. სააკაშვილს, “ნიუსუიკის” პუბლიკაციის ავტორთა შეფასებით, რთული სამუშაოს გაწევა მოელის, თუ სურს დაარწმუნოს თანამემამულეები, რომ შეუძლია ამ ამოცანებთან გამკლავება.
XS
SM
MD
LG