Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ხელისუფლებამ ეუთოს მეთვალყურეები გაათავისუფლა


ეუთოს მეთვალყურეები
ეუთოს მეთვალყურეები
დღეს დილით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ეუთოს მეთვალყურეები დააკავეს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს პირადად აცნობა, რომ ეუთოს წარმომადგენლებმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, რაც, კოკოითის შეფასებით, პროვოკაციის კიდევ ერთი მცდელობაა. ეუთოს მეთვალყურეები თურან ილდირიმი და რობერტ ლამბერტი ცხინვალში ჯერ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, გათავისუფლებამდე კი - ედუარდ კოკოითის სპეციალურ წარმომადგენელთან, ბორის ჩოჩიევთან, მიიყვანეს. ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ბოლო ხანს ეს ეუთოს მისიის უკვე მესამე პროვოკაციაა.

როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა მითხრა, ოსურმა მხარემ ეუთოს მეთვალყურეები სოფლების ნიქოზისა და ავნევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა და რამდენიმე საათში გაათავისუფლა. ჯუღელისთვის საქმის დეტალები უცნობია, რადგან, მისივე თქმით, უცხოელი დამკვირვებლები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

თავად თურან ილდირიმი და რობერტ ლამბერტი ამჟამად იმყოფებიან სოფელ კარალეთში, სადაც საერთაშორისო მეთვალყურეთა ერთ-ერთი ბაზა მდებარეობს.
XS
SM
MD
LG