Accessibility links

logo-print

როგორ გამოეხმაურანენ რეგიონები საპროტესტო აქციების მეორე ტალღას


საპროტესტო აქციებზე რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა სავარაუდოდ 22 აპრილიდან დაიწყება. აქტივისტებს იმერეთიდან, აჭარიდან და კახეთიდან თბილისისკენ ეროვნული ფორუმი წარუძღვება. ამ მიზნით ფორუმის ლიდერები მცირე ჯგუფით უკვე გაემგზავრნენ რეგიონებში. საპროტესტო აქციის მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით სამეგრელოში იმყოფება პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია. რეგიონული აქტივისტების თბილისში შემოსვლა 22 აპრილს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად იგეგმება. ოპოზიციის თანამოაზრეთა თბილისში თავმოყრის თემას შეეხება რეგიონული მაცნეს მორიგი გამოშვებაც.

დავით მჭედლიძე, რუსთავი


როცა ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ აქციების მეორე ტალღა დაიწყებოდა და ის რეგიონებზეც გავრცელდებოდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ პოლიტიკური კლიმატი ქვემო ქართლის რეგიონშიც გამძაფრდებოდა.

სადღესასწაულო დღეები კი გავიდა, მაგრამ რეგიონში მსგავსი არაფერი მომხდარა. მთელ ქვემო ქართლში და მის ადმინისტრაციულ ცენტრში სრული სიმშვიდეა, არც ადგილობრივების საგანგებო მობილიზება ხდება სათბილისო აქციებისთვის.

გელა ღუნწკიძე, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ რუსთაველი აქტივისტი, აცხადებს, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო რუსთაველები ოპოზიციის დახმარების და საგანგებო მოწოდების გარეშეც დადიან საპროტესტო აქციებზე თბილისში.

მისი თქმით, უამრავი რუსთაველი დადის თბილისურ აქციებზე,”ობიექტურ ტელევიზიებს უყურებენ და ოპოზიციის ყველა ნაბიჯის შესახებ იციან”.

გელა ღუნწკიძე დასძენს, რომ რუსთავში საპროტესტო აქციების გამართვა ჯერ არც კი განიხილება.

ისე კი ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ, გააქტიურების შემთხვევაში, მათ არ გაუჭირდებათ ხალხის გამოყვანა რუსთავის ქუჩებში.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, თუ რა დამოკიდებულება აქვთ რუსთაველებს თბილისში მიმდინარე აქციების მიმართ, ასევე გავიდოდნენ თუ არა ისინი მშობლიური ქალაქის ქუჩებში ოპოზიციის მხარდასაჭერად.

ნანა მაისურაძე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, აცხადებს, რომ ის ოპოზიციის მომხრეა და მხარს უჭერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლას, თუმცა ურჩევნია სახლში იჯდეს და საპროტესტო აქციებს ტელევიზორში უყუროს.

„მე ტელეკომპანია „იმედს“ და დავით აქუბარდიას ტელევიზიას ვუყურებ. ეს ამდენი ხალხი გიჟი ხომ არ არის, ქუჩაში რომ გამოდის? თვითონ [ხელისუფლებას] რომ ამხელა ხელფასები აქვთ, ხალხს ხელფასები არ უნდა? შექმნან სამუშაო ადგილები, აამუშაონ ქარხნები“, - უკმაყოფილებას ვერ მალავს ნანა მაისურაძე.

ავთანდილ გოგბაიძე, ისიც ინვალიდი, ასევე ოპოზიციის მომხრეა, მაგრამ მიტინგებზე არ დადის, რადგან ჯანმრთელობა უშლის ხელს.

„სამართლიანი აქციები და სამართლიანი მოთხოვნებია. ან გადადგეს [პრეზიდენტი], ან რაღაცაზე მოილაპარაკონ.....“, - ამბობს ავთანდილ გოგბაიძე.

ნათია ზედგენიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ოპოზიციის ბრძოლის ფორმები მოსწონს.

„მე არ მომწონს აქციები, ხელი მეშლება. ხვალ საღამოს ლექციები მაქვს და ქუჩების გადაკეტვის გამო შეიძლება უნივერსიტეტში ვეღარ წავიდე“, - ამბობს ნათია ზედგენიძე.

აი, საშუალო ასაკის ლალი წერეთელი კი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია.

ამ ქალბატონის თქმით, თუ პრეზიდენტს დასჭირდა, მის მხარდასაჭერად ქუჩაშიც გავა, თუმცა, მისივე აღიარებით, ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო აქციებს სამოქალაქო დაპირისპირება და, შესაძლოა, სამოქალაქო ომიც კი მოჰყვეს.

„ორი დაპირისპირებული მასის ქუჩაში დგომამ, შესაძლებელია, სამოქალაქო ომი გამოწვიოს. მე ერთხელ უკვე ვნახე ეს ომი და მეორედ მისი ნახვა აღარ მსურს“, - ამბობს ლალი წერეთელი.


ხათუნა გოგაშვილი, ლაგოდეხი

მხარდამჭერები 21 აპრილს ოპოზიციამ დედაქალაქში აქციაზე აღარ ჩაიყვანა. მითითება ამის შესახებ რაიონული შტაბების წარმომადგენლებმა პარტიის ლიდერებისგან მიიღეს. მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა ოპოზიციის რაიონული შტაბების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან შეხვედრებს კვლავაც აქტიურად განაგრძობენ. ამბობენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობაზე ზეწოლას და დაშინებას სხვადასხვა ფორმით ცდილობს. “დემოკრატიულო მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” შტაბის უფროსი თელავში ფიქრია ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ ხალხს ვეღარავინ შეაშინებს:

"ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ხალხი აქციაზე არ წავიდეს. შეიძლება დაშინდეს ის ადამიანი, ვისაც რამე აქვს დასაკარგი, მაგრამ დღეს თელავში ბევრს აღარაფერი აქვს დასაკარგი და კიდევ არის ღირსების მომენტიც, როცა ამ ღირსებას ფეხქვეშ გითელავენ, უკვე აღრ ფიქრობ იმაზე, რა გაქვს დასაკარგი და რა არა."

ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახის ზეწოლებზე საუბრობს პოლიტიკური გაერთიანება ,,ალიანსი საქართველოსთვის" თელავის რაიონული შტაბის წარმომადგენელი ნიკა ვარდოშვილი. ვარდოშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თელავში 21 აპრილიდან მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრებიც ხალხის გაკონტროლების მიზნით დაგეგმა:

`ოპოზიციის მხარდამჭერების მობილიზების პარალელურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრები სწორედ 21 აპრილიდან დაგეგმა. მათ ხალხისთვის არაფერი აქვთ სათქმელი - უბრალოდ, ამ გზით ცდილობენ გააკონტროლონ, ვინ წავა დედაქალაქში აქციაზე და ვინ არა.~

ოპოზიციის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე, რომელიც, იმავდროულად, ნაც. მოძრაობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელიც არის:

`მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრები გვაქვს. ჩვენ პერიოდულად ვეცნობით ხალხის პრობლემებს ადგილებზე. ასე რომ, ჩვენი გასვლები სოფლებში აქციებს ნამდვილად არ უკავშირდება. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და არც ოპოზიციას შევუშლით ხელს გეგმების განხორციელებაში.~

კიდევ ერთი, რაზეც პოლტიკური გაერთიანება ,,ალიანსი საქართველოსთვის" თელავის რაიონული შტაბის წარმომადგენელი ნიკა ვარდოშვილი საუბრობს, მძღოლებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება. ვარდოშვილის თქმით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა თელავში და ნაც.მოძრაობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ბუცხრიკიძემ დედაქალაქში წასვლა აუკრძალეს და, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრნენ.

ნაციონალური მოძრაობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი თელავში ზურაბ ბუცხრიკიძე ამ ბრალდებასაც კატეგორიულად უარყოფს. თელავის გარდა კი, ზეწოლას ოპოზიცია სიღნაღშიც განიცდის. ამას ამბობს თენგიზ ბეჟაშვილი, რომელიც ”ალიანსი საქართველოსთვის” სიღნაღის რაიონული შტაბის წარმომადგენელია. ბეჟაშვილი დასძენს, რომ ხელისუფლება საკუთარ ქმედებებს ვეღარ აკონტროლებს და ოპოზიციასთან პროვოკაციებზე მიდის.

თენგიზ ბეჟაშვილი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, აქციები სიღნაღის რაიონში ადგილზეც გაიმართება.

ზეწოლის მიუხედავად, ოპოზიციის რაიონული შტაბების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდება. კახეთიდან მოსახლეობის დედაქალაქში ჩაყვანა კი უახლოეს დღეებში იგეგმება.


ნინო ღაჭავა, ქუთაისი

ქუთაისური ოპოზიცია ხალხმრავალი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ისინი პროტესტს ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გამოხატავენ, შემდეგ კი თბილისში ორგანიზებულად გაემგზავრებიან და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

ოპოზიციის მიერ ქუთაისში დაგეგმილ აქციას დედაქალაქიდან ლიდერებიც შეუერთდებიან. მანანა მანაგაძის, დემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის, თქმით, მათი გააქტიურების პარალელურად ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები გახშირდა. მისი თქმით, პარტიის წევრებზე ნიღბიანი და შეიარაღებული თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი. როგორც მანანა მანაგაძე ამბობს, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები მკაცრად გააფრთხილეს, ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში არ გადაიყვანონ. ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არავინ ეხმაურება.

ქუთაისური ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ თბილისში უსაფრთხოდ ჩასვლას იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ მათ ბევრი ადამიანი გაჰყვება.

მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის კი ოპოზიციამ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან - მათ შორის, სტუდენტებთან - ბოლო ერთი კვირის მანძილზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

ქუთაისური ოპოზიცია მხარდამჭერთა მობილიზაციას იწყებს

ქუთაისური ოპოზიცია ხალხმრავალი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ისინი პროტესტს ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გამოხატავენ, შემდეგ კი თბილისში ორგანიზებულად გაემგზავრებიან და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

ოპოზიციის მიერ ქუთაისში დაგეგმილ აქციას დედაქალაქიდან ლიდერებიც შეუერთდებიან. მანანა მანაგაძის, დემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის, თქმით, მათი გააქტიურების პარალელურად ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები გახშირდა. მისი თქმით, პარტიის წევრებზე ნიღბიანი და შეიარაღებული თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი. როგორც მანანა მანაგაძე ამბობს, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები მკაცრად გააფრთხილეს, ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში არ გადაიყვანონ. ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არავინ ეხმაურება.

ქუთაისური ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ თბილისში უსაფრთხოდ ჩასვლას იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ მათ ბევრი ადამიანი გაჰყვება.

მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის კი ოპოზიციამ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან - მათ შორის, სტუდენტებთან - ბოლო ერთი კვირის მანძილზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.
XS
SM
MD
LG