Accessibility links

logo-print

მედვედევი ფინეთში: რუსეთი “ჰელსინკი პლუსის” გამართვას მოითხოვს


ტარია ჰალონენი და დმიტრი მედვედევი

ტარია ჰალონენი და დმიტრი მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ამ დღეებში ფინეთში ვიზიტისას წამოჭრა ორი საკითხი, რომელთაც რუსეთის ლიდერები, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ: ერთია ევროპასთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების გადასინჯვა, მეორე კი - ასევე ძირითადი პრინციპების გადასინჯვა, ოღონდ უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ევროპასთან მიმართებით რუსეთის გეგმებსა და მათზე პრეზიდენტ მედვედევის განცხადებებს ეხება დღეს ყოველკვირეული პროგრამა “ახალი ევროპა”.

ნატოს 1999 წლის სამხედრო ინტერვენცია სერბიაში, 2008 წლის თებერვალში კოსოვოს მიერ ცალმხრივი წესით დამოუკიდებლობის გამოცხადება, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში - ეს მოვლენები მოიშველია დმიტრი მედვედევმა არგუმენტებად, რათა მსმენელები დაერწმუნებინა, რომ უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები ვეღარ უმკლავდებიან ამოცანას, უზრუნველყონ უსაფრთხოება ევროპაში. ამის გამო, დაასკვნის მედვედევი, მიზანშეწონილია, რეგიონის ქვეყნები, აგრეთვე ნატო, ევროკავშირი, ეუთო და დსთ შეიკრიბონ სამიტზე, უსაფრთხოების ახალი, ეფექტიანი სტრუქტურის შესაქმნელად.

ასეთი, შესაძლო ფორუმი პრეზიდენტმა მედვედევმა მოიხსენია “ჰელსინკი პლიუსად” - 1975 წლის ჰელსინკის ცნობილ კონფერენციაზე მითითებით და ყოველივე ამის შესახებ ისაუბრა ჰელსინკის უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე. ეს იყო მისი მთავარი გამოსვლა ფინეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობაში.

რაც შეეხება გამოსვლის მეორე მთავარ თემას - ენერგეტიკას, მედვედევმა, ფაქტობრივად, მხოლოდ ახსენა გეგმა, გადაისინჯოს ევროპასთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი დებულებები. დეტალები არ დასახელებულა, მაგრამ, მედვედევის თქმით, დასახელდება ზუსტად ორ თვეში - 20 ივნისს, როცა რუსეთი ევროპაში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და ტრანზიტის საკითხებზე ახალ წინადადებებს წარუდგენს “დიდ რვიანს”, “დიდ ოცეულს”, აგრეთვე “ახლო მეზობლებსა და პარტნიორებს, როგორიც ფინეთია”. საერთოდ, ფინეთის მისამართით დადებითი შეფასება მედვედევმა არაერთხელ გამოთქვა, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ენერგეტიკაზე ზოგადი საუბრისას, პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთის სურვილია, რაც შეიძლება ნაკლებ იყოს დამოკიდებული სატრანზიტო ქვეყნებზე. ამდენად, მოსკოვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროექტებს, როგორიცაა ჩრდილოეთის ნაკადი და სამხრეთის ნაკადი. ორივე შემთხვევაში, რუსეთის გაზი ევროკავშირს უნდა მიეწოდოს მესამე მხარის, თუნდაც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის გარეშე. მედვედევის განცხადებით, “სწორედ ასეთი ტიპის პროექტები ქმნის ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების კარკასს. ხოლო გაზით მომარაგების მეტი მარშრუტის არსებობა აუმჯობესებს ამ ტიპის უსაფრთხოებას.” თუმცა საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებს - ჩრდილოეთის ნაკადი - სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს ფინეთში. ეს მაშინ, როცა ფინეთს კრემლი სანიმუშო მეზობლად მოიხსენიებს ხოლმე. ამჯერადაც, მედვედევმა შეაქო ჰელისნკის ნაცადი კურსი - ურთიერთსაწინაღამდეგო ინტერესებს შორის დაბალანსების პოლიტიკა, რასაც ჰელსინკი ათწლეულების მანძილზეა მისდევს. მაგრამ აი, ჩრდილოეთის ნაკადი ფინეთში არ მოსწონთ.

გაზსადენის ეს პროექტი, როგორც ცნობილია, პირდაპირ აკავშირებს რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით, რაც შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეს უკავშირდება. ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა და პოლონეთი პროექტს გადაჭრით ეწინააღმდეგებიან, შვეცია სკეპტიკურ შეფასებებს გამოთქვამს, ფინეთი კი ყოყმანობს. როგორც ფინეთის პრეზიდენტმა, ტარია ჰალონენმა გუშინ განაცხადა რუსი კოლეგის თანდასწრებით, მოსკოვს მოუწევს, ივნისამდე დაელოდოს ჰელსინკისაგან შეტყობინებას იმის შესახებ, თუ რამდენი ხანი დასჭირდება გამოკვლევას შესაძლო ეკოლოგიური რისკის დასადგენად. ჰალონენის განმარტებით, გამოკვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში, როცა ფინეთისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართება, ჰელსინკი შეძლებს დაასახელოს გამოკვლევის დასრულების სავარაუდო ვადა.

ჰალონენის განცხადებას, რომ ჩრდილოეთის ნაკადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფინეთი მარტო ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით მიიღებს, უმალვე მოჰყვა მედვედევის დადებითი გამოხმაურება. რუსეთის პრეზიდენტმა შეაქო პროექტისადმი ფინეთის პოზიტიური მიგდომა. დმიტრი მედვედევის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი სხვადასხვაგვარ ემოციებს იწვევს, მას კრემლი მაინც მიიჩნევს მომგებიანად, მთლიანად, ევროპისთვის და იზრუნებს პროექტის განხორციელებაზე.

ჩრდილოეთის ნაკადისთვის მილების გაყვანა, მოსკოვის გეგმით, მომავალ წელს უნდა დაიწყოს. მანამდე კი (როგორც უკვე აღინიშნა, ორ თვეში) რუსეთი წარმოადგენს ახალ წინადადებებს ევროპაში ენერგეტიკის სფეროში უსაფრთხოებაზე. ეს წინადადებები, მედვედევის განცხადებით, ჩაენაცვლება ენერგეტიკულ ქარტიას. ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელსაც ევროკავშირი ემხრობა და რომელიც 1991 წლიდან არსებობს, მაგრამ რუსეთის მიერ არ არის რატიფიცირებული. ქარტიასთან მიერთების შემთხვევაში მოსკოვს მოუწევდა თავისი ენერგეტიკული სექტორის გახსნა უცხოელი ინვესტორებისთვის და, საერთოდ, დასავლეთთან ენერგეტიკული ურთიერთობის აგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. რუსეთს ეს არ სურს. და კიდევ ერთი რამ, რაც რუსეთს არ სურს და ეს მედვედევმა კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთს ჰელინსკიში ვიზიტის დროს: ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსება ჩეხეთსა და პოლონეთში. ამერიკელების ამ გეგმის განხორციელება, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დაარღვევდა შეიარაღების ბალანსს ევროპის კონტინენტზე.
XS
SM
MD
LG