Accessibility links

თბილისში საკნების მასშტაბური მშენებლობა დაიწყო


ოპოზიციის ლიდერებმა, მომიტინგეებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული საკანი დადგეს. გადაკეტილია მოედნამდე მისასვლელი გზები და რუსთაველის გამზირი. ოპოზიციის გეგმის მიხედვით, თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საკნების ქალაქი უნდა გაშენდეს. საკნები დაიდგა პარლამენტთანაც. 22 აპრილს საკნების ქალაქი წრეს კანცელარიის შენობას დაარტყამს. 23 აპრილიდან საკნების ალყაში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც მოექცევა. ოპოზიციის სამოქმედო გეგმები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს დღეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გააცნო. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, 21 აპრილიდან საქართველოში დაიწყო საპროტესტო აქციების ახალი ტალღა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება. დედაქალაქში მიმდინარე აქციებს 21-22 აპრილს თანდათან შეუერთდებიან მომიტინგეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ხალხის ჩამოსაყვანად რეგიონებში სპეციალურად გაემგზავრა ოპოზიციონერთა რამდენიმე ჯგუფი. ხუთის ნახევრისთვის მომიტინგეთა წინაშე წარდგა გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, რომელმაც დროებით დატოვა ტელეკომპანია "მაესტროს" მე-5 საკანი და სათავეში ჩაუდგა საკნების ქალაქის მშენებლობის აქციას.
XS
SM
MD
LG