Accessibility links

logo-print

ხელისუფლება დიალოგს მართავს საზოგადოებასთან


დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

21 აპრილს რუსთაველის გამზირზე განახლებულმა მიტინგმა აჩვენა, რომ ოპოზიცია არ ცვლის მოთხოვნებს და კვლავინდებურად მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს. საპროტესტო აქციების დაწყებიდან ლამის ორი კვირის თავზე პოზიციას არც ხელისუფლება იცვლის, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად დიალოგს მიიჩნევს. უშედეგო მცდელობების მიუხედავად, ხელისუფლება იმედს არ კარგავს და ოპოზიციის დაყოლიებამდე შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან მართავს.

პარლამენტის თავჯდომარე და კულტურის მინისტრი საზოგადოების წარმომადგენლებს 21 აპრილს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” შეხვდნენ. დავით ბაქრაძემ, ვიდრე დახურული შეხვედრა დაიწყებოდა, განაცხადა, რომ ხელისუფლება დიალოგსა და კომუნიკაციას მხოლოდ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს როდი სთავაზობს.

"დიალოგი გულისხმობს, პირველ რიგში, კომუნიკაციას საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების აზრი იმაზე, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც მზადაა მოუსმინოს საზოგადოების რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელს და გაითვალისწინოს მათი შენიშვნები" - ეს განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელშიც მომღერალი ვახტანგ კიკაბიძეც მონაწილეობდა. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას მწირი არჩევანი აქვთ.

ვახტანგ კიკაბიძე
"უნდა დაილაპარაკონ", - ამბობს მომღერალი. - "თუ არა და, ხალხმა რა ვქნათ? რა ქნან ჩვენმა შვილებმა? არც ის დაგვავიწყდეს, რომ ყურისძირში რუსული ტანკები მატულობენ და ერთი სული აქვთ, როდის შემოვარდებიან. რამე რომ მოხდეს, შემოვლენ, ეჭვი არ მეპარება, და აქეთ დაგვაბრალებენ, რომ ჩვენ გამოვიწვიეთ."

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს ქვეყანა ჩიხში შეჰყავთ. მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობა ძალიან დაბალია.

"არც ოპოზიციის აზრი მაინტერესებს და არც ხელისუფლების. მე ხალხის აზრი მაინტერესებს", - უთხრა მსახიობმა რადიო თავისუფლებას. – "ხალხი კი აღარ ენდობა მათ და გაუგებრობაშია. ასე მოქცევა არ შეიძლება."

საქციელის გარდა, საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკოსებს პოლიტიკურ კულტურასაც უწუნებენ. მსახიობი ეკა ნიჟარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარის თქმა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

ეკა ნიჟარაძე: "დღეს ესაა ჩვენი ხელისუფლება და უნდა მივიღოთ ეს ფაქტად, უნდა ვთქვათ, რა არ მოგვწონს და, თუ მოგვწონს, ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად."

შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ხელისუფლება მზად არის მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს მართლმსაჯულების სისტემასა და დემოკრატიის ხარისხს. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის სააკაშვილის გადადგომაზე მეტად მნიშვნელოვანი ამგვარი ცვლილებებია: "ორივე მხარემ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. გასაგებია, რომ სააკაშვილი არ წავა, მაგრამ ხელისუფლებამაც უნდა იფიქროს მნიშვნელოვან დათმობაზე - მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, რომელიც არა წელს, ცხელ გულზე, არამედ გაისად ჩატარდება. გაისადვე დავიწყოთ ფიქრი საკონსტიტუციო ცვლილებებზე."

თუმცა, ოპოზიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ კონსტიტუციაზე ადრე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. 21 აპრილს გამართულ მიტინგზე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც "ხალხი და ოპოზიცია ქუჩაში გამოიყვანა", დიდხანს ვერ გაძლებს.

ზვიად ძიძიგური 14 აპრილს, თანამოაზრეებთან ერთად
ზვიად ძიძიგური: „როდესაც დაიწყება პარლამენტის, საკრებულოს, კანცელარიის და სხვა დაწესებულებების პიკეტირება, როდესაც ვერც პარლამენტის სხდომას ჩაატარებს, ვერც მერიისას და ვერც საკრებულოსი, ვერ გაძლებს დიდხანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გამძლეობაზე.“

ძიძიგური იმედოვნებს, რომ ქუჩაში გამოსულ ხალხს ეყოფა გამძლეობა და მიხეილ სააკაშვილს აიძულებს, გადადგეს. ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებით, არსებობს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, დიალოგი კი ამ გზიდან გადახვევა და დროის ფუჭი კარგვაა.
XS
SM
MD
LG