Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციებს თბილისში რეგიონებიდან წამოსული კოლონები შეუერთდა


22 აპრილს აქცია რუსთაველის გამზირზე ახალი მუხტით განახლდა. დემონსტრანტებს დღის ბოლოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წამოსული ადამიანების კოლონა შეუერთდა. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ე.წ. დევნის აქცია 23 მარტიდან ახალი ძალით განახლდება.

22 აპრილს აქციამ რუსთაველის გამზირზე პიკს საღამოს რვა საათისათვის მიაღწია. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან დაძრული კოლონები დედაქალაქის მთავარ გამზირზე სწორედ ამ დროს მივიდნენ. აქციის მეთოთხმეტე დღე ამ ადამიანების მოლოდინის დღე იყო. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, სულ კოლონის მსვლელობაში 1000-მდე მანქანა მონაწილეობდა. დასავლეთიდან თბილისში გრძელი კოლონა საღამოს რვის ნახევრისთვის ჩამოვიდა. კოლონაში არც ერთი ავტობუსი არ იყო, მსუბუქ მანქანებზე კი საქართველოსა და სხვადასხვა პარტიების დროშები იყო დამაგრებული.

გზადაგზა კოლონას მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ავტომობილებით უერთდებოდნენ. ”ეროვნული ფორუმის” წევრს ვალერი გახოკიას მცხეთასთან შევხვდით - ცენტრალურ ტრასაზე ის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ელოდა კოლონას იმავე განწყობით, როგორც ყველა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანი: ”განწყობა ერთია - სააკაშვილი უნდა გადადგეს. უკან დამხევი არავინაა.”

კოლონას სამეგრელოდან პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია მოუძღოდა: ” როდესაც მიხეილ სააკაშვილი არ უჭერს მხარს იმ ძალებს, რომლებიც ჰყავს სამეგრელოს, იქაურ ინტელიგენციას, და იქ ვიღაც მანქურთებს აბატონებს, ამაშია მისი დანაშაული და უფრო მკაფიო გზავნილი, ვიდრე მისი გადადგომაა, არ არსებობს.”

ბათუმიდან, მთელი დასავლეთ საქართველოს გამოვლით, ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე ჩამოვიდა:” მთელი საქართველო მოგესალმებათ. შემოგვიერთდნენ სამეგრელოდან, რაჭიდან, გურიიდან,ქართლიდან, კახეთიდან და არ გეგონოთ, რომ არაფერი იციან, ყველამ ყველაფერი იცის, რაც ქვეყანაში ხდება.”

ლიდერები აცხადებდნენ, რომ გადაადგილებისას მათ დაბრკოლება არ შექმნიათ. იყო მხოლოდ ერთი ინციდენტი სოფელ სუფსასთან, სადაც ნიღბიანებმა სცემეს ”ეროვნული ფორუმის” წევრს ელდარ ჭაფანიძეს, რომელიც ფოთიდან თბილისისაკენ მომავალ კოლონას უნდა დასწეოდა.

რეგიონებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა აქციას ახალი მუხტი შემატა. 22 აპრილს მთელი დღის მანძილზე აქციაზე გამომსვლელთა მთავარი თემა სწორედ რეგიონების მოსახლეობის აქციებში ჩართვა იყო. მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ თბილისის პროტესტი, ”ეს იქნება საერთო სახალხო საპროტესტო აქციები”.

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი კი საქართველოს მეხუთე საკანს ადარებდა. მან თქვა, რომ აქციების ტალღა ყველა დიდ ქალაქს მოედება: ”ყველა ქალაქში გაიშლება ეს მოძრაობა და ყველგან დაიდგმება საკნები. ეს ქვეყანა ერთი დიდი ციხეა.”

22 აპრილს რუსთაველზე საკნების აქციაც გრძელდებოდა. შედგა საგანგებო სია, იმ მოხალისეებისა, ვინც აქციების მსვლელობის დროს საკანში ჩაჯდება, თითოში - ოთხი-ხუთი ადამიანი. ავთანდილ კახიშვილი ერთ-ერთი მათგანია: ”შეჭამა მთელი საქართველო. სოფლიდან ჩამოსული კაცი ვარ, ახალციხიდან, მიწა ვერ მომიხნია.. მგონია, რომ შედეგს გამოიღებს ეს ჩემი პროტესტი.”

22 აპრილს, საღამოს, საკნების კანცელარიასთან დადგმაც გადაწყდა. ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ კი განაცხადა, რომ იქ მთავრობის სხდომები ვეღარ ჩატარდება.
23 აპრილს მიტინგი საღამოს ხუთ საათზე განახლდება. გეგმაშია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების, მერიის, კანცელარიის, პარლამენტის, რეზიდენციის პიკეტირება. დაგეგმილია ე.წ. დევნის აქციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები მივლენ ყველგან, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი გადაადგილდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG