Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 22 აპრილი 2009


”ოპოზიციის ”სააღდგომო არდადეგები”, როგორც იქნა, დასრულდა და ოთხდღიანი განშორების ნოსტალგიით შეპყრობილმა 10 ათასამდე აქტივისტმა კვლავ მორჩილად მიაშურა რუსთაველის 8 ნომერში მდებარე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. ლიდერების გამოსვლამდე, ოპოზიციის დაპირებული რადიკალიზმით შეგულიანებულმა და ”შევარდნა-გამოთრევის” იდეით შეპყრობილმა მომიტინგეებმა ერთმანეთს გასული 4 დღის ჭორ-მართალი გაუზიარეს”, - ასე აღწერს გუშინდელ მიტინგს ”ვერსია”. ამავე გაზეთიდან შეიტყობთ, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საქმიანობის გააქტიურებას აპირებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, რომელსაც ”რეგნუმის” მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე განუცხადებია: ”დარწმუნებული იყავით, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და საქართველოს ავაყვავებთ”-ო.

”რეზონანსი” წერს, რომ, მისი წყაროს ცნობით, რომელსაც მთავრობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია, ოპოზიციაში წასვლასა და ალასანიას გუნდში გაერთიანებას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია აპირებს. თუმცა ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში ქუთელიამ კატეგორიულად უარყო ამ ინფორმაციის საფუძვლიანობა და ”აბსოლუტური სისულელე” უწოდა. ”რეზონანსი” პოლიტიკოსებს ეკითხება რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აქციები. ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია უპასუხებს: ”ეს არის პოლიტიკური პროცესი და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ექნება დასასრული. გამოსავალი არის ერთადერთი - ვადამდელი და თავისუფალი არჩევნები და მე მჯერა, რომ პროცესები აქამდე მივა”, - ამბობს ალასანია. ”ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია კი, ”რეზონანსს” უცხადებს, რომ ეს არ იქნება ხანგრძლივი პროცესი: ”სააკაშვილი მიდის ამერიკაში ერთ-ერთი ფონდის მიწვევით და ამაზე საზოგადოებამ სწორი რეაგირება უნდა მოახდინოს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის პროცესებს გაურბის და თუ იგი ქვეყნის გარეთ გავიდა, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ მას საქართველოში აღარ ჩამოესვლება და თავისი გუნდიც უნდა გავაყოლოთ”, - ამბობს ბესელია ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ახალი თაობა” პოლიტიკის ექსპერტ გოჩა მსხილაძეს ესაუბრა. ის ამბობს: ”4 წელი გაგრძელდება თუ - 3, ეს თავის ლოგიკურ დასასრულს მაინც მოიტანს. მაგრამ, მე როგორც ვხედავ, ოპოზიცია მაინც იძულებული გახდება, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდეს. ამ შემთხვევაში მთავარი იქნება ის, თუ ოპოზიცია სააკაშვილის დარჩენის პირობებში ხელისუფლებას რამდენად მეტს დასტყუებს - ეს იქნება სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური ცვლილებები თუ ასე შემდეგ.”

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტის ინტერესი გამოიწვია ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც ის ”კავკასიური ცარცის წრის” ეპიზოდს იხსენებს, როცა დედა და გამზრდელი პატარა მიხეილ აბაშვილის თავისკენ გადაქაჩვას ლამობენ და მას გამზრდელი ხელს უშვებს. მაჭავარიანი ინტერვიუში ამბობს ფრაზას: ”ჩვენ მზად ვართ პირველებმა გავუშვათ ხელი პატარა მიშიკოს, პირველებმა გადავდგათ ნაბიჯი, მაგრამ ეს არ უნდა ჩაითვალოს სისუსტედ, პრინციპებისა და იდეალების ღალატად.” ამაზე კომენტარს სთხოვს ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. ის ამბობს: ”იგულისხმება ის, რომ დიდ მიშიკოსაც ”გაუშვებენ” ხელს, რაც ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. მაგრამ ოპოზიციის არც ერთ წევრს არასდროს უთქვამს, რომ ასეთი ნაბიჯი სისუსტე იქნებოდა. არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თითქმის ყველა ექსპერტი აღვნიშნავთ, რომ გაცილებით დიდი ძალა სჭირდება ხელისუფლების დათმობას, ვიდრე მის მოპოვებას. თუ ხელისუფლებამ მართლაც გადადგა ასეთი ნაბიჯი, ეს მისგან ვაჟკაცური სვლა იქნება”, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”24 საათი” აქვეყნებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით დარჩიაშვილის წერილს, სათაურით ”გამოსავლის ძიებაში”. დარჩიაშვილი თვლის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დიალოგზე ”ნათელ და ერთიან პასუხს აგვიანებს. მეჩვენება, რომ მისი ლიდერების ნაწილი თავისივე რადიკალური ულტიმატუმის ტყვეა ანდა რიგით მხარდამჭერებში სახის შენარჩუნება უნდა. არც ისაა გამორიცხული, რომ მავანს ისევ ეგონოს, რომ დრო მის მხარეზეა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვები უმტყუნებთ - ერთიანად ან ცალ-ცალკე”, - წერს დავით დარჩიაშვილი, რომლის აზრითაც, ”შვილების მომავლისთვის კონსტიტუციის საარჩევნო ციკლების და ვადების პატივისცემა ჯობია.” დარჩიაშვილის თქმით, მისაღებია კონსტიტუციის ცვლილება იმ მიმართულებით, რომ შეიზღუდოს პრეზიდენტის ძალაუფლება და საჭიროა საუბარი და ოპერატიული შეთანხმება საარჩევნო კოდექსსა და ადმინისტრაციაზე.

”24 საათშივე” ამერიკელი ავტორის დევიდ სმიტის სვეტსაც გაეცნობით. ”ზოგადად ქართველებმა - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც - უნდა იამაყონ. საქართველოს წარმატების ერთი საზომი ისიცაა, რომ დასავლელმა რეპორტიორებმა, რომლებიც თბილისში 9 აპრილის მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, უკვე დატოვეს საქართველო”, - წერს სმიტი, რომელიც მკითხველს ამერიკის ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან ეტაპს შეახსენებს.
XS
SM
MD
LG