Accessibility links

logo-print

თეირანში ჟურნალისტის დაპატიმრების საქმე დიდ მნიშვნელობას იძენს


როქსანა საბერი

როქსანა საბერი

თეირანში დაპატიმრებული ირანელი წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის როქსანა საბერის დაპატიმრების საქმე დიდ მნიშვნელობას იძენს ვაშინგტონის, ევროპის კავშირისა და ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის ამ საქმით დაინტერესების ფონზე. საბერის შაბათს, 18 აპრილს, 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის მუხლით.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 20 აპრილს ირანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან საბერი, რომელიც ორივე სახელმწიფოს - შეერთებული შტატებისა და ირანის - მოქალაქეა.

”იგი იმყოფება არატრანსპარენტულ, არაპროგნოზირებად და დესპოტურ ვითარებაში ”, - განაცხადა კლინტონმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოთქვა საბერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ჯაშუშობა მას არ ჩაუდენია. ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა ევროკავშირიც. ევროპის ბლოკის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა, განაცხადა, რომ კავშირი ”დარწმუნებულია, რომ ქალბატონ საბერის სასამართლო პროცესი არ შეესაბამება გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.”

დასავლეთის დედაქალაქების მოწოდებას თეირანმა მხოლოდ ერთი მოკლე საჯარო განცხადებით უპასუხა და ისიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჰასან ქაშგავის, პირით:

” საერთაშორისო ნორმა იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი სასამართლოს დადგენილებებს და ჩვენ ველოდებით, რომ ირანის სასამართლოს დადგენილებას ყველა ქვეყანა პატივსცემით მოეკიდება.”

იმის საილუსტრაციოდ, რომ ირანის მთავრობაც დიდი ინტერესით ეკიდება პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის საქმეს, ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, საბერის ყველა საშუალება მიეცეს კანონიერი უფლებით თავის დასაცავად.

31 წლის უშტატო ჟურნალისტი, რომელიც მასალებს ამერიკის ნაციონალურ საზოგადოებრივ რადიოსა და ბბს-ის აწვდიდა, საპყრობილეში 30 იანვრიდან იმყოფება.

თავდაპირველად იგი იტყობინებოდა, რომ დააპატიმრეს ალკოჰოლის შეძენის გამო. თუმცა შემდეგ მას ბრალი იმის გამო წაუყენეს, რომ მუშაობდა ვადაგასული ჟურნალისტური მოწმობით.

მოგვიანებით, უკვე 8 აპრილს, ირანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტის საფარქვეშ საბერი შეერთებული შტატების სასარგებლო ჯაშუშობას ეწეოდა. თუმცა საბერის ადვოკატს გამოძიების მასალების ასლი მხოლოდ 14 აპრილს, სასამართლო სხდომის დღეს, გადაეცა.

საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია”ჰიუმან რაითს უოჩის” 20 აპრილის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ტარდებოდა დაჩქარებულად, დახურულ კარს მიღმა და რომ ბრალდებულის ადვოკატს არ ჰქონდა შესაძლებლობა მომზადებულიყო დაცვისათვის ან ადეკვატურად წარმოედგინა მისი კლიენტის ინტერესები.

საბერის დამცველი პირობას დებს, რომ გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და ბრალდების წაყენებიდან 20 დღის განმავლობაში საქმეს სააპელაციო სასამართლოში შეიტანს.

არსებობს მინიშნება, რომ თეირანი დაინტერესებულია საქმე სააპელაციო სასამართლოს სწრაფად გადაეცეს. აი, რა განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰასან ქაშგავიმ:

” მე ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ირანის სასამართლო სისტემა მხედველობაში ღებულობს ყველა კანონიერ საკითხს, მათ შორის, ბრალდებული პირის უფლებას აპელაციაზე, და ეს არის უფლება, რომელსაც როქსანა საბერი და მისი ადვოკატიც ინარჩუნებენ.”

ადამიანის უფლებათა დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა შირინ ებადიმ, რომელიც ირანის პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა ოფისის ადვოკატია,რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იგი მზადაა, დაიცვას საბერის ინტერესები სასამართლოში.
თუმცა ძნელია განვჭვრიტო, რა მოხდება მას შემდეგ, რაც საქმე სააპელაციო სასამართლოზე გავაო, - დასძინა ცნობილმა უფლებათდამცველმა.
XS
SM
MD
LG