Accessibility links

logo-print

თურქეთთან საზღვრის გახსნა ყარაბაღის პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ?


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი ბაბაჯანი პრაღაში ვიზიტისას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი ბაბაჯანი პრაღაში ვიზიტისას

ბოლო კვირებში ბევრი ვარაუდი გამოითქმოდა იმაზე, რომ თურქეთი, შესაძლოა, სომხეთთან საზღვრის გახსნას და იმ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აპირებდეს, რაც 1993 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გამო გაწყდა. თუმცა ამჯერად თურქეთმა მოუმატა საჯარო მინიშნებებს იმაზე, რომ ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება. მიზეზი შემდეგია: ანკარას მეზობელ სომხეთთან კავშირის განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუკი ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეული იქნება პროგრესი მთიანი ყარაბაღის საკითხში არსებულ დაპირისპირებაში.

სომხეთ-თურქეთს შორის საზღვრის გახსნაზე გამოთქმული ოპტიმისტური ვარაუდების საფუძველი უფრო დიპლომატიური ჟესტია, ვიდრე რომელიმე ქვეყნის მთავრობის განცხადება.

ჯერ იყო ”საფეხბურთო დიპლომატია”, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა. ვიზიტი აღქმულ იქნა როგორც კეთილი ნების გამოხატულება ნორმალური ურთერთობის მისაღწევად.

6 აპრილს კი, როცა თურქეთს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სტუმრობდა, სტამბულში თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ანკარაში მყოფმა ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას.

მაგრამ ეს ყველაფერი ითვალისწინებდა სწრაფ მოძრაობას, არადა ბოლო დღეებში ანკარამ მოუხშირა სიგნალებს, რომლებიც მოწმობს, რომ ახლოვდება მოძრაობის შენელება. აი, რა განაცხადა პრაღაში 21 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაბაჯანმა:

”დღეის მდგომარეობით, ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ წინ წავიწიეთ. თუმცა სამხრეთ კავკასიაში არსებობს სხვა პრობლემებიც, როგორიცაა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემა ან მთიანი ყარაბაღის პრობლემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.”

1993 წელს სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო გაწყდა ურთიერთობა თურქეთსა და სომხეთს შორის. ანკარა და ბაქო მჭიდრო მოკავშირეები არიან, ხოლო თურქეთის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები თურქეთისა და აზერბაიჯანის მისამართით ხშირად ხმარობენ გამოთქმას: ”ერთი ეროვნება - ორი სახელმწიფო.”

მაგრამ, როგორც იუწყებიან, აზერბაიჯანში შიშობენ, რომ თურქეთ-სომხეთის კვლავ დაახლოების ზრდამ, შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის მწვავე პრობლემის უგულებელყოფა გამოიწვიოს.
თუმცა პრაღაში საუბრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაბაჯანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სომხეთთან ურთიერთობის განვითარება გულისხმობს იმ პრობლემების მოგვარებასაც, რაც სომხეთს სხვა ქვეყნებთან - მათ შორის, აზერბაიჯანთან - აქვს.

თურქული გაზეთების ინფორმაციით, თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკების საკითხზე მომავალ კვირაში იმსჯელებს თურქეთის ყველაზე გავლენიანი ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელშიც სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები და არმიის გენერლები შედიან. ხოლო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლებას უშუალოდ თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული აცნობებს, რომელიც სულ მალე ეწვევა ბაქოს.

ეს კი, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ რთული დიპლომატიური მოლაპარაკებები კვირებსა და თვეებს გასტანს.
.

მით უფრო, რომ, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 აპრილს განაცხადა პრაღაში, კავკასიის ცხელ წერტილებში რთული მდგომარეობის განმუხტვას ანკარა თავის ნატოელ მოკავშირე ვაშინგტონთან ერთად აპირებს:


” ჩვენ წამოვაყენეთ კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა ხუთი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის - მონაწილეობით. და სწორედ გუშინ ამ პლატფორმის თაობაზე ჩვენ მესამე შეხვედრა გავმართეთ მინისტრის მოადგილეების დონეზე. ასე რომ, ეს არის ჩვენ მიერ შემუშავებული ყოველმხრივი მიდგომა, რომელიც მთელი ჩვენი რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობას ისახვს მიზნად.”

აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვაშინგტონი ცდილობდა გვერდში დასდგომოდა კავკასიის მეგობარ ქვეყნებს. ამიტომ იგი მხარს უჭერს ანკარას პოლიტიკას, გახდეს უფრო აქტიური რეგიონში, სადაც მოსკოვმა, როგორც ეტყობა, გადაწყვიტა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენა აღადგინოს.
ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს ვაშინგტონის ზეწოლის გაძლიერებას, რათა სამივე ქვეყანამ - თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა - გამონახოს თანამშრომლობის გზები მოულოდნელად ცვალებად კავკასიაში.
XS
SM
MD
LG